სპორტის სასახლეში მიმდინარე გრან პრიზე დღეს მედლები მამაკაცთა შორის 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიები გათამაშდება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ორივე წონაში ოთხ-ოთხი წარმომადგენელი ჰყავს.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 10 საათზე დაიწყო. უკვე ტატამზე რვავე ქართველი გავიდა და პირველი ეტაპი შვიდმა მათგანმა დაძლია.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ოთხივე ქართველი ძიუდოისტი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და ოთხივემ გამარჯვებით დაიწყო.
გრან პრიზე მეორე ნომრად განთესილმა ნუგზარ ტატალაშვილმა უილეთო შეხვედრაში გაფრთხილებებით 2:1 მოუგო თურქ ჰასან ვანლიოღლუს. მეორე შიდო თურქს მსაჯმა საფინალო გონგამდე 3 წამით ადრე მისცა. ლაშა შავდათუაშვილმა შვედი ტომი მაციასი ორ წუთში ორჯერ დააგდო ვაზარზე. ზვიად კაპანაძემ ბერძენი გიორგიოს აზოიდისი მეხუთე წუთზე შებოჭა. ფრიდონ გიგანმა კი ევროპის 3-გზის ჩემპიონს და ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს უნგრელ პრიზიორ (66 კილოგრამში) მიკლოშ უნგვარის განძრევის საშუალება არ მისცა და სამწუთნახევარში ოთხი შიდო მიაღებინა.
მერვედფინალში ტატალაშვილი ფრანგ ჯილომ ჩენეს დაეჭიდება, შავდათუაშვილი – პოლონელ დამიან სვარნოვიეცკის, გიგანი – აზერბაიჯანელ ჰუსეინ რაჰიმლის, ხოლო კაპანაძე - პირველ ნომრად განთესილ მონღოლს – ნიამ ოჩირ საინიარგალს.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის აბსოლუტურმა ლიდერმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკა წუთსა და 16 წამში დასცა ბეჭებზე. უშანგი მარგიანმა სომეხი დავით სარქსიანი 2 წუთსა და 22 წამში ულამაზესი კისრულით დაამარცხა. გიორგი პაპუნაშვილმა კი უნგრელ სზაბოლც კრიჟანს წუთი და 11 წამი აკმარა ორი ვაზარის ასაღებად.
გრან პრის საწყისი ეტაპიდან მხოლოდ ამბაკო ავალიანი გამოეთიშა. მისთვის დაუძლეველი ზღუდე პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძე აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა მეოთხე წუთის ბოლოს შესრულებული სუფთა გდებით იმარჯვა.
მერვედფინალში ჭრიკიშვილი მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენს შეხვდება. მარგიანი – ჩერნოგორიელ სრჟან მრვალიევიჩს, პაპუნაშვილი – უკრაინელ არტემ ვასილენკოს.