ფეხბურთი

10:26 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგა საინტერესო წყვილებით ბრუნდება

ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი რაუნდი ხარისხის ამსახველი უნდა გახდეს. 1/16-ფინალში თავისი ქვეყნის შვიდი ჩემპიონი, ტურნირის ყოფილი გამარჯვებულები და არაერთი საუკეთესო ბომბარდირი ითამაშებს, რაც მომავალ დაპირისპირებებს დამატებით ხიბლს შესძენს.

ევროპის ლიგის 1/16-ფინალში შემდეგი ჩემპიონები ითამაშებენ: “ანდერლეხტი” (ბელგია), “აიაქსი” (ჰოლანდია), “ზალცბურგი” (ავსტრია), “ლეგია” (პოლონეთი), “ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი), “ოლბორგი” (დანია) და “სელტიკი” (შოტლანდია). აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში საკუთარი ქვეყნის ზუსტად შვიდი ჩემპიონი თამაშობს.

საინტერესო წყვილი რამდენიმეა და მათ შორის გამორჩეულია ესპანურ-გერმანული დაპირისპირება. ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონი “სევილია” (2006, 2007 და 2014 წლების ჩემპიონი) გერმანულ “გლადბახს” მასპინძლობს (1974 და 1979 წლების ჩემპიონი) და ამ ორ გუნდს ჯამში ევროპის ლიგის და მისი წინამორბედი უეფას თასის ხუთი ტიტული აქვთ მოგებული, რაც მომავალ დაპირისპირებას დამატებით ელფერს მატებს. “გლადბახს”, რომელმაც მიმდინარე ტურნირში შორეული დარტყმებით არაერთი ლამაზი გოლი გაიტანა, ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების რვა მატჩში ერთი თამაშიც არ წაუგია. გასვლაზე გერმანელებმა ორი თამაში მოიგეს და ორი ფრედ დაასრულეს.

1/16-ფინალის პირველ მატჩში რამდენიმე იუბილარი მიიღებს მონაწილეობას. “გლადბახის” ნახევარმცველი კრისტოფ კამარა (24 წლის ხდება), “ინტერის” თავდამსხმელი მაურო იკარდი (22) და “ბილბაოს” ნახევარმცველი ბენატია (28) თამაშის დღეს თანაგუნდელებისგან მილოცვებს მიიღებენ. “რომას” თავკაცი რუდი გარსია 51 წლის მატჩის მეორე დღეს გახდება და შეგირდები მისთვის იუბილის მილოცვას “ფეინოორდთან” კარგი თამაშით და გამარჯვებით ეცდებიან.

ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩი 27 მაისს, ვარშავაში “ნაციონალზე” გაიმართება და ტიტულის მშობლიურ ქალაქში მოგების შანსი “ლეგიას” ექნება, რომელიც 1/16-ფინალში “აიაქსს” ეთამაშება. 2002 წელს “ფეიონოორდმა” უეფას თასი როტერდამში მოიგო, ხოლო 2005 წელს “სპორტინგს” მშობლიურმა გარემომ ვერ უშველა. ლისაბონელები მაშინ ცსკა-სთან 1:3 დამარცხდნენ.

32 მონაწილიდან მიმდინარე ევროთასებზე ყველაზე მეტი, 12-12 მატჩი სწორედ “ლეგიას” და “სელტიკს” აქვთ ჩატარებული. ორივე მათგანმა ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდიდან დაიწყო.

რაფაელ ბენიტესს აქვს შანსი, რომ გაიმეოროს ჯოვანი ტრაპატონის მიღწევა და გახდეს მეორე მწვრთნელი, რომელსაც სამჯერ ექნება მოგებული ევროპის ლიგა (ან მისი წინამორბედი უეფას თასი). ესპანელმა, რომლის “ნაპოლიც” ამ ეტაპზე “ტრაბზონსფორს” ეთამაშება, ეს ტურნირი 2004 წელს “ვალენსიასთან”, ხოლო 2013 წელს “ჩელსისთან” ერთად მოიგო. ბენიტესი ერთ-ერთია იმ სამი მწვრთნელიდან, რომელმაც ეს ტიტული მას შემდეგ მოიპოვა, რაც მას ევროპის ლიგა ეწოდა. ანდრე ვილაშ-ბოაშმა 2011 წელს თასი “ზენიტთან”, ხოლო 2014 წელს უნაი ემერიმ “სევილიასთან” ერთად შემართა.

ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი (8) ბრაზილიელმა ალანმა გაიტანა, რომელმაც ზამთარში ავსტრიული “ზალცბურგი” დატოვა და კარიერა ჩინეთში გააგრძელა. ამრიგად, ჯერაც ძნელი სათქმელია, თუ ვინ გახდება 2014/2015 წლის ევროპის ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ერთბაშად ხუთია ისეთი მოთამაშე, რომელთაც ამ მომენტისთვის ხუთ-ხუთი გოლი აქვთ გატანილი. მათ შორისაა ესპანელი ჯონათან სორიანო, რომელიც გასული გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა და “ზალცბურგში” ალანის თანაგუნდელი იყო, ახლა კი, გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა. მისი კონკურენტები არიან დემბა ბა (“ბეშიქთაში”), გიიომ ოარო (“იანგ ბოიზი”) და გარი კეინი (“ტოტენჰემი”).

ძველი ანგარიშები აქვთ შოტლანდიურ “სელტიკს” და იტალიურ “ინტერს”, რომელთაც ევროთასებზე ურთიერთობა აქამდე სამჯერ გაურკვევიათ. პირველად მათი გზები 1966/67 წლების ჩემპიონთა თასის ფინალში გადაიკვეთა და კელტებმა 2:1 იმარჯვეს. “ნერაძურიმ” რევანში 1971/72 წლების გათამაშების ნახევარფინალში აიღო. ორივე შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა და მილანელებმა თერთმეტრიანების სერიაში 5:4 იმარჯვეს. “სელტიკს” იტალიურ გუნდებთან ბოლო დროს აშკარად არ უმართლებს - ორი ფრე და ხუთი მარცხი, მათ შორის ზედიზედ ოთხი მარცხი უკანასკნელ დაპირისპირებებში.

“ლივერპულმა” “ბეშიქთაში” ჩემპიონთა ლიგის 2007/2008 წლების ჯგუფურ ეტაპზე, ამჟამინდელ კაპიტან სტივენ ჯერარდთან ერთად “ენფილდზე” 8:0 გაანადგურა. ესაა ყველაზე დიდი მარცხი “ბეშიქთაშისთვის” ევროთასებზე და ახლა თურქებს რევანშის შანსი ეძლევათ.

1/16-ფინალი. 19 თებერვალი. პირველი მატჩები

ოლბორგი (დანია) - ბრიუგე (ბელგია)

რომა (იტალია) - ფეიონოორდი (ჰოლანდია)

დნიპრო (უკრაინა) - ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

პსვ (ჰოლანდია) - ზენიტი (რუსეთი)

ტორინო (იტალია) - ბილბაო (ესპანეთი)

ტრაბზონსფორი (თურქეთი) - ნაპოლი (იტალია)

ვოლფსბურგი (გერმანია) - სპორტინგი (პორტუგალია)

იანგ ბოიზი (შვეიცარია) - ევერტონი (ინგლისი)

აიაქსი (ჰოლანდია) - ლეგია (პოლონეთი)

ანდერლეხტი (ბელგია) - დინამო (მოსკოვი, რუსეთი)

სელტიკი (შოტლანდია) - ინტერი (იტალია)

გინგამი (საფრანგეთი) - დინამო (კიევი, უკრაინა)

ლივერპული (ინგლისი) - ბეშიქთაში (თურქეთი)

სევილია (ესპანეთი) - გლადბახი (გერმანია)

ტოტენჰემი (ინგლისი) - ფიორენტინა (იტალია)

ვილიარეალი (ესპანეთი) - ზალცბურგი (ავსტრია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141362