ფეხბურთი

19:18 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ცხინვალი"-"ვიტ ჯორჯია": მოულოდნელი სცენარი

ახალი ქართული საფეხბურთო წელი დავით ყიფიანის თასის გათამაშებით გაიხსნა. მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩებიდან ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა.

“ცხინვალმა” ახალი სახელით პირველი ოფიციალური მატჩი გამართა, კახი კაჭარავას გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი თურქეთში გაიარა, “ვიტ ჯორჯია” კი სეზონის მეორე ეტაპისთვის მცხეთაში ემზადებოდა.

მატჩის შემდგომ თამაშის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლუკა თათხაშვილმა აღნიშნა, რომ უცხოეთში შეკრების გაუვლელობამ გუნდის პირველ შეხვედრაზე გავლენა ვერ მოახდინა და “ვიტ ჯორჯია” კონკრეტულ მატჩში უკეთესად გამოიყურებოდა.

თამაშში ცხრა გოლი გავიდა, “ცხინვალის” ფეხბურთელთაგან გოლები კაჭარავამ და ივანიშვილმა გაიტანეს, მათ დუბლი შეასრულეს, თუმცა უფრო ეფექტური გოლი ლუკა თათხაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს საჯარიმო დარტყმა ზუსტად გამოიყენა.

ანგარიში მე-5 წუთზე ნიკა კაჭარავამ გახსნა, ცაცკრიალაშვილის პასის შემდეგ მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, ჯონი შეროზია მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო.

კაჭარავას გოლს რამდენიმე წუთში საბაძის გოლი მოჰყვა. ირაკლი ღიბრაძემ კუთხური შეასრულა, პირველ ძელთან ახლოს საბაძე გაჩნდა, რომელმაც მეორე სართულზე ყველას აჯობა, მეკარისაგან მარცხენა კუთხისკენ დაარტყა და გაიტანა.

ანგარიში გათანაბრდა, თუმცა დროებით. “ვიტ ჯორჯია” მე-13 წუთზე შეტევის წამოწყებას აპირებდა, მაგრამ ნიკოლოზ მაისურაძემ არაზუსტი პასი გააკეთა, “ცხინვალელმა” ფეხბურთელებმა ბურთი ჩაჭრეს და მარცენა ფლანგზე გადაიტანეს, სადაც ივანიშვილი იდგა, “ციურიხის” ყოფილი ფეხბურთელი ბურთთან ერთად სწრაფად შევარდა მეტოქის საჯარიმოში, მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა და ჯონი შეროზიას კარში მეორე გოლი გავიდა.

თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო კვლავ გვეხილა გოლები, გუნდები გახსნილ ფეხბურთს თამაშობდნენ, რაც კარგი საყურებელი იყო, ტრიბუნაზე კი მცირერიცხოვანი გულშემატკივარი იმყოფებოდა, მათი უმრავლესობა, ფეხბურთელთა ნათესავებსა და მეგობრებს შეადგენდა. მატჩს ესწრებოდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ოთარ გაბელია.

პირველ ტაიმში ზურაბ ბერიძის გუნდის შეტევები უფრო მრალაფეროვანი იყო, შეტევისას როგორც ფლანგებს, ასევე ცენტრალურ ზონასაც იყენებდნენ, ხოლო “ცხინვალი” ძირითად აქცენტს იმ ფლანგზე აკეთებდა, სადაც გიორგი ივანიშვილი ჩვენი კლუბების სათამაშო ტემპიდან გამომდინარე დიდ სისწრაფეს ავითარებდა, ასე იყო პირველი გოლის დროს, როცა მარჯვენა ფლანგზე სწრაფად გაიქცა და გაიტანა. ივანიშვილის გარდა აქტიურობდა ნიკა კაჭარავა და ბაქარ ქარდავა, რომელიც “ცხინვალმა” სეზონის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ “გაგრადან” დაიმატა.

მე-17 წუთზე ლუკა თათხაშვილმა მაღალი პასი მარცხენა ფლანგიდან გააკეთა, საჯარიმოსთან ახლოს მდგარმა შოთა დავლაშელიძემ მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და მეკარისაგან მარცხენა მაღალ კუთხეში გაიტანა.

საწყის 20 წუთში ოთხი გოლი გავიდა, ანგარიში კი 2:2 იყო. მორიგი გოლის გატანას ორივე გუნდი ცდილობდა, თუმცა რეალიზებას ვერ ახდენდნენ. თავური დარტყმით გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა ნიკა კაჭარავას, რომლის დარტყმული უცნაურად დაეცა მინდორზე და საბოლოოდ “ვიტ ჯორჯიას” მცველებმა ბურთი საჯარიმოდან გამოიტანეს.

მოედანზე მყოფთაგან ბურთის დამორჩილებას ვანო კურდღელაშვილი ყველაზე კარგად ახერხებდა, ახალგაზრდა ფეხბურთელს თითქოს ბურთი მიწებებული ჰქონდა ფეხზე, ერთ-ერთ ეპიზოდში სწრაფად ჩამოიშორა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი და მოჭრილი დარტყმით ცდილობდა ნადირაძის კარში გოლის გატანას, თუმცა მეკარე კარგად გადახტა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. 19 წლის ნახევარმცველმა მატჩი პრაქტიკულად უშეცდომოდ ჩაატარა, კულმინაცია კი თამაშის მიწურულს მის მიერ გატანილი გადამწყვეტი გოლი აღმოჩნდა.

პირველი ტაიმის მიწურულს მსაჯმა “ცხინვალის” კარის საჯარიმოსთან ახლოს ჯარიმა დანიშნა, რომელიც ლუკა თათხაშვილმა ზუსტად გამოიყენა. “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელის დარტყმა კარის ზედა ძელს მოხვდა და შემდეგ გაეხვა ბადეში, ასე რომ ძალიან ეფექტური გამოვიდა.

მეორე ტაიმი “ცხინვალმა” უკეთესად დაიწყო, საწყის წუთებში ივანიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, 70-ე წუთზე კი კვლავ შეეძლო გოლის გატანა, თუმცა კაჭარავას პასის შემდეგ კარისკენ დარტყმა დააგვიანა, რასაც “ვიტ ჯორჯიას” საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რაც საბოლოოდ კაჭარავას მეორე გოლით დასრულდა.

ძირითადად შემტევი სტილის ფეხბურთელების კარგ თამაშზე გვიწევს ყურადღების გამახვილება, ორივე გუნდის მცველები ხშირად ცდებოდნენ და ამ ფაქტორმა მნიშვნელოვნად განაპირობა გოლების სიმრავლე. შემტევი სტილის ფეხბურთელების სათამაშო ფორმის შეფასება ეროვნული ჩემპიონატის რამდენიმე ტურის გასვლის შემდეგ უფრო გაგავიადვილდება.

“ვიტ ჯორჯიამ” თამაშის მიწურულს მოახერხა ანგარიშის თავის სასარგებლოდ დასრულება. 79-ე წუთზე თათხაშვილმა დუბლი შეასრულა, კურდღელაშვილის წაცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა გოლად აქცია. თუ პირველი გოლისას ბურთი “ცოცხალს კედელს” აცდა, მეორე გოლისას “ცოცხალ კედელში” გაიარა და ნანიევის ნახტომი დროული ვერ აღმოჩნდა. მატჩის მიწურულს კიდევ ერთი გოლი გავიდა, ვანო კურდღელაშვილმა მიწაზე დაშვებული ბურთი მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში გაგზავნა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გულშემატკივარი კვლავ ელოდა გოლს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და “ცხინვალმა” პირველი საშინაო მარცხი განიცადა, “ვიტ ჯორჯიამ” კი გასვლითი მატჩი მოიგო, ბერიძის გუნდი მეორე თამაშს კარგი განწყობით შეხვდება, მაგრამ სრულიად შესაძლებელია “მცხეთა პარკზე” სტუმრებმა მოიგონ.

“რა თქმა უნდა შედეგით არ ვარ კმაყოფილი, თუმცა წინ საპასუხო მატჩი გველის. ვფიქრობ შესაძლებელია თასის ნახევარფინალში გასვლა, ერთი ბურთის სხვაობით მარცხი რთული აღმოსაფხვრელი არ უნდა იყოს” – აღნიშნა კახი კაჭარავამ.

“წინ მორიგი მატჩია, სადაც გადაწყდება ვინ ითამაშებს ნახევარფინალში. იმედი მაქვს ეს ჩემი გუნდი აღმოჩნდება. დღეს ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს. როგორც შედეგით ასევე გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ” – განაცხადა ზურაბ ბერიძემ.

შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი 10 მარტს “მცხეთა პარკზე” გაიმართება.

ცხინვალი – ვიტ ჯორჯია 4:5 (2:3)

18 თებერვალი, თბილისი, მიხეილ მესხის სათადარიგო მეოდანი, 30 მაყურებელი

ცხინვალი: ნადირაძე, ქარდავა (ლექვთაძე 90+2), ივანიშვილი, მახარობლიძე, იმედაშვილი, ბაჩიაშვილი, ჯიშკარიანი, კაჭკაჭიშვილი, შინდაგორიძე (მარკოზაშვილი 85), კაჭარავა, ცაცკრიალაშვილი (ნანიევი 51)

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

ვიტ ჯორჯია: შეროზია, თათხაშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, მაისურაძე, დავლაშელიძე (გახარია 52), ღიბრაძე, კურდღელაშვილი, საბაძე, დემეტრაშვილი (კახაბრიშვილი 79), ლობჯანიძე (კუხალეიშვილი 67)

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

გოლები: 1:0 კაჭარავა (ცაცკრიალაშვილის პასით 5), 1:1 საბაძე (ირაკლი ღიბრაძის პასით 10), 2:1 ივანიშვილი (13), 2:2 დავლაშელიძე (თათხაშვილის პასით 17), 2:3 თათხაშვილი (45+2), 3:3 ივანიშვილი (48), 4:3 კაჭარავა (63), 4:4 თათხაშვილი (79), 4:5 კურდღელაშვილი (86)

მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

გაფრთხილება: დავლშელიძე (3), ღიბრაძე (41), ჯიშკარიანი (45+1), კალანდია (55), იმედაშვილი (55), გვახარია (60), კაჭარავა (64)

გაძევება: ნადირაძე (49)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156022