კალათბურთი

18:53 | 6.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

წიგნი ნიკოლოზ დერიუგინის შესახებ

დღეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში ცნობილი ქართველი კალათბურთელის, თბილისის "დინამოსა" და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელის, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის ნიკოლოზ დერიუგინის წიგნის პრეზენტაცია შედგა, რომლის ავტორია სპორტული ჟურნალისტი ილია ბაბუნაშვილი.

წიგნი "ქართული სპორტის დიდი სახელების" სერიის ეგიდით საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ მოამზადა და გამოსცა. ამ პროექტით უკვე დაიბეჭდა წიგნები რამაზ შენგელიას, ბორის პაიჭაძის, გაიოზ ჯეჯელავასა და ანდრო ჟორდანიას შესახებ.

"ნიკოლოზ დერიუგინში" შესულია ინტერვიუები და სხვადასხვა საინტერესო წერილები ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი კალათბურთელის შესახებ, რომელსაც ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოები ამშვენებს.

ნიკოლოზ დერიუგინი 1959 წლის 30 აპრილს ქუთაისში დაიბადა. 1977-86 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში", 1977-85 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო. 1995-96 წლებში კი საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საზღვარგარეთისა და საქართველოს რამდენიმე გუნდში გამოდიოდა.

ლევან ყიფიანი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): "ცნობილ ქართველ სპორტსმენ ნიკოლოზ დერიუგინს ჩვენი გულშემატკივარი კარგად იცნობს. წიგნი "ნიკოლოზ დერიუგინი" კარგი საჩუქარია არა მარტო გულშემატკივრებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის და გამორიცხული არაა, რომ სამაგიდო წიგნად იქცეს..."

ნიკოლოზ დერიუგინი: "ქუთაისიდან თბილისის "დინამოში" გადასვლის შემდეგ, ძალიან ხშირად მიწევდა მოგზაურობა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. თითქმის ყოველი მგზავრობის დროს პატარ-პატარა ჩანაწერებს ვაგროვებდი. ამაში დედაჩემიც მეხმარებოდა. ცხოვრებაში ორი დიდი ოცნება მქონდა, ერთი ოცნება, რომელიც ჩემს შესახებ წიგნის დაწერას შეეხებოდა, უკვე ასრულდა. მეორე ოცნებაა საქართველოში ჩემი სახელობის საკალათბურთო დარბაზი არსებობდეს.

დიდი მადლობა ლევან ყიფიანსა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, რომლებმაც ჩემს ერთ-ერთ ოცნებას ფრთები შეასხეს. კარგი იქნება, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც მეორე ოცნების განხორციელებაში დამეხმარება..."

ილია ბაბუნაშვილი: "მახსენდება 2012 წელი, როცა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაში ვეტერან სპორტსმენებზე დასაწერ წიგნებს ვანაწილებდით. როცა ჯერი დერიუგინზე მიდგა, ჩემდა უნებურად ვთქვი, მე დავწერთქო.

ამ დღეებში თბილისში მყოფ პაატა ბურჭულაძეს, რომელიც 60 წლის იუბილესთვის ემზადება, რამდენიმე სპორტსმენზე დაწერილი წიგნი მივართვით. ბატონმა პაატამ ყველაზე დიდი აღფრთოვანება "ნიკოლოზ დერიუგინის" წიგნის გადაცემის დროს გამოხატა..."

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163447