ფეხბურთი

13:53 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: “ნაკრებში კონტეს თხოვნის შედეგად დავბრუნდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ამჟამინდელი ლიდერი ანდრეა პირლო 10 წლის (2001-2011) განმავლობაში იცავდა “მილანის” ღირსებას და “როსონერისთან” ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული აქვს მოგებული. ამიტომაც გასაკვირი არაა, მასთან ინტერვიუს დიდი ნაწილი მილანელებთან ანდრეას დამოკიდებულებას რომ შეეხო, პირველი კითხვა კი პირლოს სანაკრებო თემაზე დაუსვეს.

- ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალის შემდეგ სანაკრებო დონეზე გამოსვლის დასრულების თაობაზე გააკეთეთ განცხადება, თუმცა, მოგვიანებით “სკუადრა აძურას” დაუბრუნდით და ევრო2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩში ჯორჯო კიელინიმ აზერბაიჯანს თქვენ მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ გაუტანა...

- ცნობისთვის, იტალიის ნაკრებში დებიუტი აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში მქონდა... “სკუადრა აძურაში” კი ანტონიო კონტეს თხოვნის შედეგად დავბრუნდი.

- ანდრეა, როგორ თვლით, “მილანში” სათანადოდ არ დაგაფასეს?

- დაფასება-არდაფასებაზე საუბარი არაა. როდესაც “როსონერისთან” ახალი ხელშეკრულების პირობებს ვათანხმებდით, მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს, მე კი მხოლოდ სამწლიან შეთანხმებაზე ხელმოწერაზე ვიყავი თანახმა. თუმცა, “სან სიროდან” ჩემი აბარგების მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ მასიმილიანო ალეგრი მინდვრის შუაგულში საყრდენ ნახევარმცველად მასიმო ამბროზინისა და მარკ ვან ბომელის დაყენებას აპირებდა, მე კი ამპლუა უნდა შემეცვალა. ამას კონტრაქტის ვადაც დაემატა. “მილანის” ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადე და ტურინის “იუვენტუსში” გადასვლის სურვილიც გავუმხილე. “ბებერი სინიორას” რიგებში გამოსვლა ჩემ საფეხბურთო კარიერაში ახალი და საინტერესო გამოწვევა გახლდათ. მერწმუნეთ, ტურინელთა შემოთავაზებულ ხელფასს არ დავხარბებულვარ.

- გამოდის, მხოლოდ საფეხბურთო ასპექტით განიზრახეთ კლუბის გამოცვლა?

- “მილანს” აღარ ვჭირდებოდი. ეს იმთავითვე ვიგრძენი, როგორც კი მოლაპარაკების მაგიდას მივუსხედით. ალეგრიმ სხვა მოთამაშეებზე გააკეთა არჩევანი და უმჯობესი იქნებოდა, თუკი წავიდოდი. ვფიქრობ, სწორადაც მოვიქეცი.

- “მილანის” ვებგვერდმა თქვენი და მარკ ვან ბომელის შეტაკების ამსახველი კადრები დადო. თანაც ვიდეო ისეთი რაკურსით იყო გადაღებული, რომ მაყურებელს თქვენი მხრიდან განზრახ უხეშობის შთაბეჭდილება შექმნოდა...

- 10 წელი ვიცავდი “როსონერის” ღირსებას და ჩემთვის წარმოუდგენელია, მის ფეხბურთელს ბინძურად ვეთამაშო.

- მილანში გული არ დაწყდათ, ანდრეა პირლო ტურინში რომ გადავიდა?

- საერთო განწყობის თაობაზე ვერაფერს მოგახსენებთ, ჩემი ყოფილი პარტნიორების უმრავლესობა კი მეუბნება, შენ გვერდიგვერდ თამაში მოგვენატრაო. მე კი უკან აღარ ვიხედები - მთავარია, საკუთარ თავში საიმისო ძალა გამოვნახე, რათა რთული გამოცდა კარგად ჩამებარებინა.

- მილანიდან სკუდეტოს მოპოვების შემდეგ მოსალოცი მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეთ?

- თითქმის ყველა ყოფილი თანაგუნდელი შემეხმიანა და ჩემპიონობა გულწრფელად მომილოცა.

- ბერლუსკონი და გალიანი დაგიკავშირდნენ?

- არა.

- იყო საუბარი, რომ ტურინში გადასვლამდე ბარსელონა შეგთავაზათ „კამპ ნოუზე“ ასპარეზობა. პირადად პეპ გვარდიოლა დაგიკავშირდათ?

- კატალონელთა იმდროინდელმა დამრიგებელმა საკუთარ კაბინეტში მიმიწვია და “კამპ ნოუზე” გადაბარგებაზე დათანხმებას მთავაზობდა. გვარდიოლამ გამართული იტალიურით დამიწყო საუბარი. პეპი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, შემდეგ კი საკმაოდ ვრცლად მელაპარაკა “ბარსელონაზე” და მითხრა - ისედაც მეტად ძლიერები ვართ, შენ კი ჩავის, ინიესტას და ბუსკეტსის პარტნიორობისას კიდევ უფრო მაღალ დონეზე ათამაშდებიო. მსოფლიო დონის ფეხბურთელი ხარ და ყველა წინაპირობა გაქვს, “ბარსელონაშიც” საუკეთესოდ რომ იასპარეზოო.

- “ბარსელონაშიკარიერის გაგრძელებაზე თანახმა იყავით?

- ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ბარსელონაში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. აღფრთოვანებული ვიყავი “ბარსას” თამაშით. ჩვენ უკვე ველაპარაკეთ “მილანს”, მაგრამ კლუბს შენი გაშვება არ სურს, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით და დიალოგს გავაგრძელებთ - მითხრა გვარდიოლამ. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მოლაპარაკება შედგა, თუმცა, მაშინ “როსონერიმ” ჩემთან განშორება არ ისურვა. მაშინ “მილანს” ჩემი შესაძლებლობებისა სწამდა, შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელობამ პოზიცია შეიცვალა და ასე აღმოვჩნდი ტურინის “იუვენტუსში”.

- ფეხბურთს კიდევ რამდენ ხანს ითამაშებთ?

- დარწმუნებული ვარ, 2016 წლის ზაფხულამდე “სკუადრა აძურასა” და “ბებერი ქალბატონისთვის” სარგებლობის მოტანას შევძლებ და სავარაუდოდ, ამის შემდეგ ფეხბურთიდანაც წავალ.

0.149212