რაგბი

18:21 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერი მზადაა - 23 “კავკასიელი” პირველი ნაბიჯისთვის ემზადება

შაბათ საღამოს, თბილისს დროით 18 საათზე, საქართველოს კლუბების ნაკრები “თბილისის კავკასიელები” იტალიაში, “მარიო ბატალინიზე” პირველ საერთაშორისო შეხვედრას გამართავს.

ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფის” ორრაუნდიან საკვალიფიკაციო პლეი ოფში, ქართველთა წინააღმდეგ “რაგბი როვიგო დელტა” ითამაშებს, რომელსაც საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა პარასკევს დაიწყო და მისი ფასი 12 ევროა, 16-დან 18 წლამდე მოზარდები ტრიბუნაზე 5-ევროიანი ბილეთებით მოხვდებიან, ხოლო 16-წლამდელებისთვის მატჩზე დასწრება უფასოა.

იტალიის ჩემპიონატი 4 ოქტომბერს იწყება, მაგრამ “როვიგო” პლეი ოფისთვის უკვე დიდი ხანია ემზადება და სამი ამხანაგური თამაშიც გამართა, მათ შორის ორი “ჰაინეკენის თასის” და “კელტების ლიგის” ბინადარ “ტრევიზოსთან” და “ძებრესთან”. გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეა დე როსი ფრთხილობს და ქართველთა შერკინების განეიტრალებას გეგმავს:

“მოლოდინი დასრულდა და დადგა დრო ორი უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარებისა, რომელშიც ჩვენს წინააღმდეგ პრაქტიკულად უცნობი გუნდი წარსდგება, რადგან “თბილისის კავკასიელები” რამდენიმე კვირაა რაც შეიკრიბა, ის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეებით ჩამოყალიბდა და მათ შორის რვა, ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის მორაგბეა. მძიმე თამაში გველის, განსაკუთრებით ფორვარდები დაიტვირთებიან. ისტორიას თუ გადავხედავთ, ქართველების შერკინება მუდამ გამორჩეული იყო და ამის ხარჯზე აღწევდა წარმატებას. დაპირისპირება 160 წუთი გაგრძელდება, ნებისმიერი ქულა, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს და ამიტომ, ბოლო წუთამდე უნდა ვიბრძოლოთ. ორი თვეა ვემზადებით და საკუთარი მზადყოფნა სამ ამხანაგურ შეხვედრაშიც დავამტკიცეთ. დავამტკიცეთ, რომ მაღალი დონის გუნდი ვართ და არც ჩვენი შერკინება დათმობს რამეს. ახლა წლის ურთულესი თამაში გველის, მაგრამ გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი გვაქვს და ორრაუნდიანი ბრძოლის პირველ 80 წუთს თავდაჯერებულნი ვხვდებით”.

“პლეი ოფის ამ შეხვედრებისთვის ისეთივე ყურადღებით და კონცენტრაციით მოვემზადეთ, როგორც იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის. “კავკასიელები” საკუთარი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო მსოფლიოს რეიტინგში იტალიის მეზობლადაა, ეს ქვეყანა მუდმივად პროგრესირებს და ნოემბერში თვით სამოას ნაკრები დაამარცხა. ჩვენ მათ ვაფასებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა ევროპაში მოვხვდეთ. “ჩელენჯ ქაფზე” მონაწილეობა “როვიგოსთვის” და მთელი ქალაქისთვის უდიდესი პრესტიჟი და სიამაყეა. ვეცდებით, რომ პირველ თამაშში ყველა შესაძლებლობიდან მაქსიმუმი მივიღოთ და ამავდროულად, მეტოქეს ქულის აღების შანსი არ დავუტოვოთ, რადგან ერთი კვირის თავზე, თბილისში ურთულესი თამაში გველოდება” - ეს სიტყვები “როვიგოს” მწვრთნელ ფილიპო ფრატის ეკუთვნის.

თავის მხრივ, იტალიაში სწორედ გამარჯვებისთვის ჩავიდა “თბილისის კავკასიელები” და ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა იტალიაში გამგზავრების წინ განაცხადა. მან უკვე შეარჩია ის 23 მორაგბე, რომლებიც “მარიო ბატალინიზე” სასურველი შედეგის მიღწევას ეცდებიან. გუნდის ხერხემალი (2-8-9-10-15) ქვეყნის ჩემპიონ “ლელოდანაა”. მაისაშვილის კლუბიდანაა შუამარბთა წყვილიც (12-13) და ამან შეთამაშების მხრივ პრობლემა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს. სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად სამი დამრტყმელია - ირაკლი ყიასაშვილი, ბექა წიკლაური და ლაშა ხმალაძე. თამაშის დამწყებთა ნახევარს საერთაშორისო (სანაკრებო) გამოცდილება აქვს და ამან პირველ მატჩში სასურველი შედეგის დაფიქსირებას უნდა შეუწყოს ხელი.

უკვე ცნობილია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ შეხვედრით არ დაინტერესდა და იტალიიდან ტელეტრანსლიაცია არ იქნება. სამაგიეროდ, მასპინძელთა მხარემ დაპირება შეასრულა და უზრუნველყოფს ინტერნეტ სთრიმინგს შემდეგ ბმულზე: ჰტტპ://წწწ.უსტრეამ.ტვ/ცჰანნელ/რუგბყ-როვიგო-დელტა---ლივე-მატცჰეს

შეგახსენებთ, რომ “ჩელენჯ ქაფის” განმეორებითი შეხვედრა თბილისში, “ავჭალის სარაგბო სტადიონზე” 27 სექტემბერს გაიმართება და 17 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარი იქნება და ისინი საქართველოს რაგბის კავშირის ოფისში 23 სექტემბრიდან გაიყიდება. ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული გუნდი პირველ ჯგუფში მოხვდება და უელსურ “კარდიფ ბლუზთან”, ინგლისურ “ლონდონ აირიშთან” და ფრანგულ “გრენობლთან” ითამაშებს. პლეი ოფის მეორე წყვილს შეადგენენ იტალიური “კალვიზანო” და რუმინული “ბუქარესტის მგლები”, რომელიც რუმინეთის ჩემპიონატის კლუბების ნაკრებია და კვაჭის პოზიციაზე ოთარ ტურაშვილი ითამაშებს. მან რუმინეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ნაკრებში რამდენიმე თამაშიც ჩაატარა.  

 

2014/15 წლების “ჩელენჯ ქაფის” საკვალიფიკაციო ეტაპი

პლეი ოფი. პირველი მატჩები. 20 სექტემბერი 

ბუქარესტის მგლები (რუმინეთი) - კამი კალვიზანო (იტალია)

ბუქარესტის მგლები: 15. სამოა, 14. იონიტა, 13. დასკალუ, 12. გალი, 11. ბოტეზატუ, 10. ვლაიკუ, 9. დიაკონესკუ; 1. პრისტავიტა, 2. ტურაშვილი, 3. ბადალიკესკუ, 4. ტატუ, 5. ვან ჰეერდენი, 6. ლუკაჩი, 7. მორელი, 8. ბატიუ.

სათადარიგოები: 16. ოანჩეა, 17. დიკო, 18. რუსუ, 19. ნეაკსუ, 20. ენე, 21. სურუჯუ, 22. ლაზარი, 21. ნეაგუ.

კამი კალვიზანო: 15. დე ჯაგერი, 14. დი გიულიო, 13. როკობარო, 12. კასტელო, 11. ბერგამო, 10. სეიმური, 9. მ.ვიოლი; 1. სკარსინი, 2. ფერარო, 3. კოსტანცო, 4. კავალიერი, 5. ბეკარისი, 6. კალუ, 7. მბანდა, 8. სტეინი.

სათადარიგოები: 16. მორელი, 17. პანისო, 18. ე.ვიოლი, 19. სკანფერლა, 20. სალვეტი, 21. ამბროსიო, 22. ჩიესტა, 23. კანავოსიო.

 

როვიგო. “მარიო ბატალინი”. 18 საათი (თბილისის დროით)

რაგბი როვიგო (იტალია) - თბილისის კავკასიელები (საქართველო)

რაგბი როვიგო: 15. ბასონი, 14. ნგავინი, 13. მაჯსტოროვიჩი, 12. მენონი, 11. ბორტოლუსი, 10. როდრიგესი, 9. ფრატი; 1. როანი, 2. მაჰონეი, 3. გაჯიონი, 4. მარანი, 5. მონტაური, 6. კაფინი, 7. დე მარჩი, 8. ფერო.

სათადარიგოები: 16. სესატო, 17. ქუალიო, 18. რავალე, 19. ბოჯიანი, 20. ძანინი, 21. ბრონძინი, 22. დაროლინი, 23. პავანელო.

თბილისის კავლასიელები: 15. ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო სარასენსი”), 14. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”), 13. ალექსანდრე თოდუა (“ლელო სარასენსი”), 12. გიორგი ტალახაძე (“ლელო სარასენსი”), 11. გიორგი შკინინი (“ლოკომოტივი”), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო სარასენსი”), 9. გიორგი კაჭარავა (“ლელო სარასენსი”, ლაპ.); 1. ბაჩანა გოგიშვილი (“ყოჩები”), 2. ბადრი ალხაზაშვილი (“ლელო სარასენსი”), 3. დავით გურგენაძე (“არმია”), 4. ბექა ბიწაძე (“ლოკომოტივი”), 5. მიხეილ არჩუაშვილი (“ყოჩები”), 6. გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი”), 7. ელგუჯა სურგულაძე (“ლელო სარასენსი”), 8. ზვიად მაისურაძე (“ლელო სარასენსი”).

სათადარიგოები: 16. ირაკლი ჩომახაშვილი (“არმაზი”), 17. სანდრო ქოიავა (“ლელო სარასენსი”), 18. გიორგი სანიკიძე (“ლელო სარასენსი”), 19. გიორგი მჭედლიშვილი (“ჯიქი”), 20. ბაჩანა კოლელიშვილი (“ლელო სარასენსი”), 21. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”), 22. თემურ სოხაძე (“ყოჩები”), 23. თორნიკე ცერცვაძე (“ლელო სარასენსი”).

განაცხადში ვერ მოხვდნენ: ომარ ბალიაშვილი (“ლოკომოტივი”), გიორგი აფციაური (“აია”), ირაკლი ჩხიკვაძე (“არმია”),

მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149445