სხვა

18:26 | 23.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ბლაგიძეს იუბილე სეოკ-ში მიულოცეს

ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ვახტანგ ბლაგიძე დღეს 60 წლის გახდა. ყველა დიდი ტიტულის მომგებ ვეტერან სპორტსმენს დღეს იუბილე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მიულოცეს. სეოკ-ის საპრესკონფერენციო დარბაზში ქართული სპორტის სათავეში მდგომნი, ვეტერანი სპორტსმენები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ.

დამსწრეთ პირველმა ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა მიმართა, რომელმაც 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ფინალი გაიხსენა – ბრწყინვალე სტილში გამარჯვების შემდეგ ბლაგიძე მუხლებზე დავარდა და პირჯვარი გადაიწერა, რითაც დედის თხოვნა შეასრულა. ეს საქციელი კი მაშინდელი, საბჭოთა წყობის პირობებში ზემდგომთათვის მიუღებელი იყო და ქართველ სპორტსმენს უამრავი პრობლემა შეუქმნეს. თბილისში დაბრუნებულსაც კი, აეროპორტში უახლოესი ნათესავების გარდა არავინ დახვდა.

“მან გააკეთა ის, რასაც საჭიროდ თვლიდა და არავის და არაფერს არ მოერიდა. ვახტანგ ბლაგიძე უდიდესი სპორტსმენი და რაც მთავარია, უდიდესი ადამიანია. მართლა სამაგალითო კაცია ყველა სპორტსმენისთვის” – განაცხადა ბერიშვილმა და იუბილარს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი და ფულადი ჯილდო გადასცა.

ვახტანგ ბლაგიძეს მისალოცი სიტყვით ასევე მიმართეს: სეოკ-ის ვიცეპრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი დოლაბერიძემ, პარლამენტარმა სოსო ჯაჭვლიანმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა: გურამ საღარაძემ, ქეთევან ლოსაბერიძემ, ნინო სალუქვაძემ, რაფაელ ჩიმიშკიანმა, მიხეილ სალაძემ, მუხრან ვახტანგაძემ, თემურ ყაზარაშვილმა, თამაზ მაჭავარიანმა, ედიშერ მაჩაიძემ, ავთო მაისურაძემ და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ. ამ უკანასკნელმა ბლაგიძე ეროვნული ნაკრების ეკიპირებით დაასაჩუქრა.

იუბილარმა დარბაზში შეკრებილთ დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და გულისტკივილით გამოთქვა, რომ ამჟამად სათანადოდ ვერ ემსახურება ქართულ სპორტს. ხოლო ლუკა კურტანიძის შეკითხვაზე – აქვს თუ არა სურვილი თავისი გამოცდილება საქართველოს ასაკობრივ ნაკრებს მოახმაროს პირდაპირი პასუხი არ გაუცია, მაგრამ სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ასეც იქნება.

ვახტანგ ბლაგიძე 1954 წლის 23 ივლისს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში დაიბადა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მთავარ წარმატებებს 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიაღწია. არის ოლიმპიური (1980), მსოფლიოს 2-გზის (1978, 1981) და ევროპის 2-გზის (1978, 1980) ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის (1981) და მსოფლიოს უნივერსიადის (1977) ჩემპიონი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.

 

კახა ბერიძის ფოტო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.191524