რაგბი

18:42 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” აკადემიების გამოწვევას გამარჯვებით უპასუხეს

 

19-წლამდე “ბორჯღალოსნებმა” ინტრიგა მატჩს ბოლო წამამდე შეუნარჩუნეს - ქართველმა მორაგბეებმა “აკადემიების გამოწვევის” ფინალური შეხვედრის ბოლო წუთზე, რეზი ჯინჭველაშვილის ზუსტი არეკნით მასპინძელთა გუნდი 16:15 დაამარცხეს.

შეხვედრის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს “უმცროსი ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელის - დავით ვართანიანის ხსოვნას.

დაიწყო შეხვედრა, რომელიც დაძაბულობით “ლესთერთან” გამართულ ნახევარფინალს არაფრით ჩამოუვარდებოდა. მატჩის არბიტრის სასტვენიდან 10 წუთის შედეგ, მასპინძლებმა გარდასახული ლელოთი ანგარიში გახსნეს და 7:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ მასპინძლებს კიდევ რამოდენიმეჯერ მიეცათ საჯარიმო დარტყმებით ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ დამრტყმელმა ვერ ივარგა. ჯარიმებს რაქიდან გვიან გადაგორების გამო ვიღებდით. მალევე მასპინძელთა დამრტყმელისაგან განსხვავებით, რეზი ჯინჭველაშვილმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ანგარიშის სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა 3:7.

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე ფრანგმა მორაგბეებმა ჯერ ჯარიმის გატანა, ხოლო მოგვიანებით გარდაუსახავი ლელოს დამიწება მოახერხეს. შესვენებამდე თითქმის აღარაფერი რჩებოდა, როდესაც დავით პაპავაძემ საპასუხო ლელოს დადება შეძლო, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ჩამორჩენა 5 ქულამდე დავიდა - 10:15.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის განახლებიდან ორივე გუნდს ლელოს დადება შეეძლოთ, ანგარიში კარგა ხანი არ შეცვლილა. “უმცროსი ბორჯღალოსნები” ხისტად იცავდნენ თავს და დრო და დრო კონტრ-შეტევებზეც გადადიოდნენ. ერთერთი ასეთი შეტევის დროს მასპინძლები დაჯარიმდნენ და მეორე ტაიმის შუაწელში ნავსი დავით პაპავაძემ ზუსტი ჯარიმით გატეხეს (13:15). მატჩის დროის ამოწურვამდე აღარაფერი რჩებოდა. “კლერმონელი” 20-წლამდელები ფინალში გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ამ დროს მასპინძელთა 10 მეტრიან ზონაში 19-წლამდელებმა შერკინებაში იმარჯვეს - 22-ში მოწინააღმდეგეს ბურთი აარათვეს, ერთი დარტყმაც განახორციელეს და ბურთი ჯინჭველაშვილს გამოუტანეს. ამ უკანასკნელმა კი, ზუსტი არეკნით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 16:15. 

ნამატჩევს

ფინალში გამარჯვებით, “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” “აკადემიების გამოწვევის” ტურნირი მოიგეს, რომელიც წელს პირველად გაიმართა. ასპარეზობაში ასევე “მანსთერისა” და “ლესთერ თაიგერსის” 20-წლამდელთა გუნდები მონაწილეობდნენ, რომლებმაც შესაბამისად მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს.

ლუკა კილასონია (19-წლამდე “ბორჯღალოსნების” მწვრთნელი): “ბიჭებს ვულოცავ ამ გამარჯვებას. მათ ხასიათი გამოავლინეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი ნახევარი აგრესიულად დავიწყეთ, მაგრამ ბევრი ჯარიმა ავიღეთ და ორი ლელოც მივიღეთ. შერკინებაში კვლავ დიდი უპირატესობა გვქონდა. ამ კომპონენტის ხარჯზე მეორე ნახევარში მხოლოდ რამოდენიმეჯერ მოგვიწია დაცვის თამაში. რამოდენი ჯარიმა ავაცილეთ. ლელოს დადების შესაძლებლობებიც გვქონდა, მაგრამ კვლავ 5-მეტრიანში ვერ ვიმარჯვეთ. ერთხელაც რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შევძელით. მატჩის ბოლო წუთებზე, როდესაც გვეგონა, რომ თამაში წაგებული გვქონდა, მოწინააღმდეგემ თავის 22-ში დაკარგა ბურთი, შერკინებამ ერთი დარტყმა გააკეთა და შემდეგ ჯინჭველაშვილმა დაარტყა ზუსტი არეკნი.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოწინააღმდეგეს! “კლერმონის” 20-წლამდელები საკმაოდ კარგი გუნდია, რომლის შემადგენლობაში საფრანგეთის ასაკობრივი ნაკრების რამდენიმე მოთამაშემ იბურთავა. საერთო ჯამში ბედნიერი ვარ იმით, რომ მოვახერხეთ ამ ტურნირში გამარჯვება, თუმცა ამ თამაშებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა რაზე გვაქვს სამუშაო. ასევე ვარ კმაყოფილი, რომ ვნახეთ პროგრესი ჰონკონგში მსოფლიო “ალაფაზე” ნაჩვენები თამაშების შემდეგ. იქ თუ პირველ ტაიმს კარგად ვიწყებდით და მეორეში ვეღარაფერს ვაკეთებდით, ამ ტურნირზე პირიქით, მატჩის მეორე ნახევარს ბევრად უკეთესად და თავდაჯერებულად ვმართავდით. ტურნირზე მიღებული გამოცდილება ნადვილად გამოგვადგება მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში”.

 

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.300191