რაგბი

18:33 | 29.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“თიბიეს უნივერსიტეტი” თბილისი

საქართველოს მორაგბეთა მომავალი ჩემპიონატის წინ, ერთ-ერთ გამორჩეულ ინტერესს უმაღლესი ლიგის დებიუტანტი, თბილისის “თიბისი” იწვევს, რომელიც ახალ სეზონში “თიბიეს უნივერსიტეტის” სახელით ითამაშებს.

ამ გუნდმა ზედიზედ ორჯერ, დიდი უპირატესობით მოიგო პირველი ლიგა და დებულებაში შარშან განხორციელებული ცვლილების შემდეგ (შარშანდელი ცვლილების შედეგად, პირველი ლიგის გამარჯვებულმა პირდაპირ მიიღო უმაღლესი ლიგის საგზური), სამართლიანად მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური. ეს არცაა გასაკვირი, რადგან გუნდს ხელმძღვანელობს რაგბიზე შეყვარულებული ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთათვის რაგბი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

გუნდის დაარსების ისტორია ქართულ რეალობას სრულად შეესაბამება: ჩვენთან ხომ ასეა, ნაკრების წარმატებული თამაშების შემდეგ, რაგბითი უამრავი ახალგაზრდა თუ მოზარდი ინტერესდება.

ლაშა ჩხაიძე (კლუბის პრეზიდენტი): “2007 წელს, მსოფლიო თასზე ირლანდია-საქართველოს თამაშის შემდეგ, “თიბისიში” მომუშავე 30-მდე ენთუზიაზისტი შევიკრიბეთ და სამოყვარულო დონეზე დავიწყეთ თამაში. ეს უფრო გართობა იყო, უკონტაქტო ბურთაობა, თუმცა, პირველი ვარჯიშის შემდეგვე დაახლოებით ათმა კაცმა დაგვტოვა, რადგან უმეტესობა პირველად შეეხო რაგბის ბურთს და ვერ მიიღეს ის მუხტი, რაც სპორტის ამ სახეობაში დასარჩენად აუცილებელია.

მაგრამ საქმე დაძრული იყო, ყოველ დღე ვიკრიბებოდით ვაკის პარკში, მალე პირველ ლიგაში დავრეგისტრირდით და პირველივე წელს სამი თამაში მოვიგეთ, ამან სტიმული მოგვცა, განვვითარდით ყოველმხრივ და სამი წლის შემდეგ ჩამოვყალიბდით სერიოზულ გუნდად. მართალია ბანკელები გამოგვაკლდნენ, მაგრამ შევდექით როგორც გუნდი და შარშან მოვიპოვეთ უმაღლესი ლიგის საგზური.

-       უმაღლესი ლიგის საგზურამდე იყო ფინანსური პრობლემები. 

-       დიახ და მადლობა ბიჭებს, რომ არსად წავიდნენ და კიდევ ერთხელ მოიგეს პირველი ლიგა. გუნდის შენარჩუნებაში მწვრთნელებმაც უდიდესი სამუშაო ჩაატარეს. შარშან გარდამტეხი წელიწადი იყო და მივაღწიეთ საწადელს – მოვიპოვეთ უმაღლესი ლიგის საგზური. მანამდე გადასასვლელ პლეი ოფში დავმარცხდით, თუმცა მიღებული გამოცდილება გამოგვადგა და გასული ჩემპიონატი პირველ ლიგაში მაღალ დონეზე ჩავატარეთ.

-       დაარსების დღიდან გუნდის შემადგენლობა რამდენად შეიცვალა? 

-       ცვლილებები იყო, ზოგმა ტრავმა მიიღო, ზოგი დაოჯახდა და ვეღარ იცლიდა, თუმცა, ჩვენთან არის რამდენიმე ისეთი ბიჭი, რომლებიც პირველივე დღიდან ამ კლუბში არიან. სამაგიეროდ, რეგულარულად ვიღებდით შევსებას და ეს შედეგზეც აისახა.

-       რა გეგმები გავთ უმაღლეს ლიგაში? 

-       არ ვართ ის გუნდი, რომელიც ერთ ადგილზე ჩერდება. არავის გვეშინია და ყველასთან ბოლომდე ვიბრძოლებთ. დანარჩენი ვნახოთ რა გამოვა. მართალია მეტოქეებს მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ არც ჩვენ გვაქვს რამე დასაკრგი და ყველა შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ.

აქ საუბარში კლუბის მენეჯერი გიორგი ლუაშვილი ჩაერთო, რომელიც ერთ-ერთია იმათგან, ვინც “თიბისიში” დაარსების დღიდან ირჯება: “ჩვენ უმაღლეს ლიგაში ყველაზე გამოუცდელი გუნდი ვართ და ვფიქრობთ, სხვებზე მეტი გვაქვს სამუშაო. ამიტომ ვარჯიშიც სხვებზე ადრე დავიწყეთ. ჩემპიონატის დაწყების თარიღი რომ გადმოიწია, გეგმები შეგვეცვალა და მიზეზთა გამო შეკრებაზეც ვერ ვახერხებთ წასვლას. თბილისში დავრჩებით და ვეცდებით სათანადოდ მოვემზადოთ. 15 აგვისტომდე ამხანაგურ თამაშებსაც ვგეგმავთ. ერთ შეხვედრას “არმიასთან” გავმართავთ, მეორე კი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ვგეგმავთ. ვფიქრობთ, შევსებაც კარგი მივიღეთ და ეს წარმატებულ თამაშში უნდა დაგვეხმაროს”.

შევსება მართლაც მნიშვნელოვანია. უმაღლესი ლიგის კლუბებიდან, თვით ჩემპიონ “ლელოდან” და ფინალისტ “არმიადანაც” კი, “თიბიეს უნივერსიტეტში” რამდენიმე მორაგბე გადავიდა, ჯამში კი, ნამატმა დაახლოებით 10-12 მორაგბე შეადგინა. შედეგად, გუნდს უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილების ნაკლებობამ არ უნდა შეაწუხოს, თუმცა, ერთია ცალკეული მოთამაშეების გამოცდილება და მეორე საკლუბო გამოცდილება.

ლაშა თავბერიძე (მთავარი მწვრთნელი): ერთ დროს რაგბის ვთამაშობდი, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო თავის დანებება მომიწია და 21 წლიდან ახალგაზრდებთან დავიწყე მწვრთნელად მუშაობა. ჩემს გარშემო უამრავი ისეთი ადამიანია, რომელიც რაგბიში მოღვაწეობს და “თიბისი” რომ ჩამოყალიბდა აქ მოვედი. გავიარე სამწვრთნელო კურსები და უდიდესი გამოცდილება შევიძინე, მაგრამ მხოლოდ მაშინ მივხვდი რა იყო რაგბი, როდესაც კაცთა გუნდში დავიწყე მუშაობა.

-       გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობით რამდენად ხართ კმაყოფილი?

-       სამწუხაროდ, ფინანსურმა საშუალებმა მეტად გაძლიერების საშუალება არ მოგვცა. ჯერ კიდევ გვაქვს ისეთი პოზიციები, რომლებიც გაძლიერებას საჭიროებს და სავარაუდოდ, პირველი ლიგის კლუბებიდან მოგვიწევს მოთამაშეების დამატება. ვფიქრობ, უმაღლეს ლიგაში თამაშით მიღებული გამოცდილებით კიდევ უფრო მეტს ვისწავლი და იმედია, მომავალში კარგ მწვრთნელად ჩამოვყალიბდები. ეს ყველაფერი გუნდთან ერთად უნდა მოხდეს. ბიჭები კარგად მომყვებიან და ვფიქრობ, უკვე ვარ ისეთ დონეზე, რომ გუნდი სათანადოდ ვმართო.

-       ცოტა რთული ხომ არ იქნება პირველი ლიგიდან წელს ამოსული გუნდისათვის უმაღლესი ლიგის გუნდებთან ტოლსწორად თამაში?

-       განსხვავება თვალსაჩინოა და ალბათ, თავიდან გაგვიჭირდება. აქ მოთამაშეების ხარისხი და სისწრაფეები სრულიად განსხვავებულია. პირველ ლიგაში ორი წელი ვიმუშავე და ძალიან დაბალი დონე იყო. ფაქტობრივად, მწვრთნელები და მოთამაშეების შეგუებულნი იყვნენ იმას, რომ იქ უნდა ეთამაშათ. ვფიქრობ, რაგბის კავშირმა მიდგომა უნდა შეცვალოს, რეგულარულად ჩაატაროს სემინარები, შეამოწმოს მწვრთნელების დონე და მხოლოდ ასე მისცეს მათ მუშაობის უფლება, თორემ არაკვალიფიციური მწვრთნელების ხელში უამრავ მორაგბეს ვკარგავთ. პირადად მე, მუდამ ვცდილობ, რომ ვეტერანებისგან მაქსიმალური ვისწავლო და კიდევ ურო განვვითარდე. მე აქ მხოლოდ ხელფასისთვის არ ვმუშაობ და სამწუხაროდ, მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც ვარჯიშების ჩატარება მხოლოდ სამუშაოა და მეტი არაფერი.

-       რამდენად შეგწევთ იმის ძალა, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენა მოახერხოთ? 

-       ძალიან ბევრი მორაგბე დავიმატეთ, მნიშვნელოვნად გავძლიერდით, მაგრამ შრომაა საჭირო. ეს ნამდვილად არ გვეზარება. ორი წლის წინ არავინ იცოდა რას წარმოადგენდნენ ჩვენი მოთამაშეები, მაგრამ შრომით ორივე წელს დიდი უპირატესობით მოვიგეთ პირველი ლიგა და ახლა უკვე უმაღლესისთვის ვემზადებით.

-       შემადგენლობის გადახალისება შეთამაშების კუთხით პრობლემებს არ შეგიქმნით? 

-       დიახ, მაგრამ ეს კალენდრის გადმოწევამ გამოიწვია და ვერაფერს შევცვლით. ორი, ან სამი თამაშის ჩატარებას ვგეგმავთ ერთკვირიანი ინტერვალით, ისე, როგორც ჩემპიონატში მოგვიწევს თამაში. პირველი ორი თამაში გაგვიჭირდება - “ლელო” და “აია” შემტევი გუნდებია და მაქსიმალურად კარგად უნდა დავალაგოთ დაცვა.

-       რომელ ადგილზე გეგმავთ ჩემპიონატის დასრულებას?

-       უმთავრესი მიზანი უმაღლესში დაფუძნებაა, თუმცა ექვსეულისთვისაც ვიბრძოლებთ. ამისათვის ბევრი უნდა ვიშრომოთ. დავიმატეთ მწვრთნელები და დავით გურგენაძე შერკინებაში გვეხმარება, ლაშა ბაირამაშვილი კი, ხაზის დალაგებაში. გვეხმარება ლევან ჯაში. მოკლედ ჩვენმა პროფესიონალიზმმა აიწია და მწამს, მეორე წრისთვის პირველი ლიგიდან გადმოსული ბიჭები დანარჩენებს გაუტოლდებიან.

 

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება არ აქვს, მოტივაციის ხარჯზე მეტოქეებს დიდ ბრძოლას ჰპირდება “თიბისის” ახალგაზრდა მორაგბე თორნიკე გოგლიძე: “სხვა გუნდებთან შედარებით მზადება ადრე დავიწყეთ და ჩვენი მოტივაცია აქედანაც ჩანს. ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს და ბიჭებსაც გვწამს, რომ თამაშებს მოვიგებთ. უმაღლეს ლიგაში თამაში უკვე დიდი გამოწვევაა და დამატებით მოტივაციას არავინ ვსაჭიროებთ. კარგი იქნება, თუ ჩემპიონატს გამარჯვებით გავხსნით. მანამდე სამუშაო ბევრია და ვნახოთ რა გამოვა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.280275