ჭიდაობა

10:28 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

„თიანეთობაზე“ ქართული ჭიდაობის შეჯიბრებამ დიდძალი ქომაგი მიიზიდა

 10 აგვისტოს თიანეთში გამართული ტრადიციული სახალხო დღესასწაულის „თიანეთობა 2014“–ის კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ყველაზე დიდი ინტერესი ქართულმა ჭიდაობამ გამოიწვია. ქართული ჭიდაობის მესვეურებმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ეტაპი მთიანელთა გამორჩეულ  დღესასწაულს საგანგებოდ დაამთხვიეს და არც შეცდნენ. ქართული ჭიდაობის ახალმა, ღია ტიპის 500–კაციანმა  არენამ  გულშემატკივარი სრულად ვერ დაიტია. მრავალრიცხოვანი ქომაგი თავის მხრივ  მოჭიდავეებმაც არ გააწბილეს და დამსწრე  საზოგადოებამ ეფექტური ილეთებით გაჯერებული  არაერთი უშეღავათო ორთაბრძოლა იხილა.

 მონაწილეებს  დიდი ტენორი პაატა ბურჭულაძეც  აქტიურად გულშემატკივრობდა. შეჯიბრების  მთავარ  ფავორიტ  შიდა ქართლელებს თიანეთელმა, დუშელმა, კახელმა,  იმერელმა, ცაგერელმა, ქვემო ქართლელმა, ჯავახელმა  და დედაქალაქელმა სპორტსმენებმა ოფლი გვარიანად ადინეს და ყველაზე პრესტიჟულ, მძიმე წონაში საერთოდ უმედლოდ დატოვეს.  მძიმეწონოსანთა პირველობის სატიტულო შეხვედრაში ახალციხელმა ბექა ბერძენიშვილმა საჩხერელი ონისე ბუღაძე დაამარცხა, ოქროს მედალთან და ფულად ჯილდო, 300 ლართან ერთად ორგანიზატორების მიერ საგანგებოდ დაწესებული ჭედილაც მხრებზე  მოიგდო.  ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს ცაგერელი დავით ქომეთიანი დაეუფლა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბოლო პერიოდში ცაგერელ მოჭიდავეთა პროგრესი, რაშიც ლომის წილი  რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ქართული ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტ კობა ქომეთიანს მიუძღვის. საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს წლების მანძილზე ენთუზიაზმით  გაწეული შრომა დაუფასდა და თიანეთში ქომეთიანის კიდევ ერთმა შეგირდმა, 75 კგ. წონაში თორნიკე მურცხვალაძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. თიანეთში კობა ქომეთიანი პრინციპული, მიუკერძოებელი  და მაღალი კლასის მსაჯობითაც გამოირჩა.  სპეციალისტთა აზრით,  ხსენებულ რეგიონს  ნიჭიერ სპორტსმენთა მხრივ უდიდესი პოტენციალი გააჩნია და სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში უახლოესს მომავალში ქართული ჭიდაობა სოლიდურ შევსებას მიიღებს. ცაგერელები იმედოვნებენ,  რომ  რაიონის დეპუტატ  სერგო ხაბულიანისა  და  ამავე რაიონის მუნიციპლიტეტის გამგებელ რევაზ ბენიძის თანადგომას  ადგილობრივი ბიზნესმენების აქტიურობაც მოჰყვება. ქართული ჭიდაობის თავკაცობა თავის მხრივ  უახლოესს მომავალში  რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის სამივე ადმინისტრაციულ ცენტრში  ქართული ჭიდაობის  ახალი, ღია ტიპის  არენების აგებას გეგმავს.

  თიანეთში გამართული ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ეტაპის  არაოფიციალური ჩათვლა რეგიონთა შორის  შიდა ქართლმა მოიგო, ქალაქებს შორის კი პირველობა ქარელმა არავის დაუთმო.

  მძიმეწონოსან  ბექა ბერძენიშვილის  კვალ, დარჩენილ  4  წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული  გორელმა გიორგი პაპუნაშვილმა/85 კგ/ და ქარელელბმა :  ლაშა გიუნაშვილმა/62 კგ/, ვაჟა მარგველაშვილმა /68 კგ/ და ზვიად კაპანაძემ /75 კგ/ მოიპოვეს. 

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.238938