ფეხბურთი

19:29 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“თბილისის დინამო” “დინამო თბილისის” წინააღმდეგ

 

საქართველოს ჩემპიონ "დინამოს" საქმეს, შესაძლოა, ისეთი გაგრძელება მოჰყვეს, რომ კლუბის კანონიერი თუ უკანონო მფლობელის ვინაობა უეფასა და საერთაშორისო სპორტული არბიტრაჟის გასარჩევი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, თბილისის "დინამოს" ძველი დამფუძნებელები - მერაბ რატიანი და ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი "დინამო" - სამართლიანობის აღსადგენად და საფეხბურთო კლუბის მათთვის დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებენ.

მერაბ რატიანმა და ფიზკულტურულ-სპორტულმა კლუბმა "დინამომ" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში წერილი შეიტანეს და საფეხბურთო კლუბ "დინამოსთან" დაკავშირებული საქმის გამოძიებას ითხოვენ. წერილი ფედერაციის გენერალურმა სამდივნომ ჩაიბარა და განსახილველად აღმასკომს გადაუგზავნის.

წერილში აღნიშნულია, რომ საფეხბურთო კლუბი "თბილისის დინამო" წარმოადგენს იმ კლუბის უფლებამონაცვლეს, რომელიც 1925 წელს შეიქმნა და ევროპის თასების მფლობელთა თასის გარდა, ორჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული, ზედიზედ 10-ჯერ კი საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2000-2001 წლების სეზონი კლუბმა სწორედ ამ სახელწოდებით დაიწყო, ხოლო ჩემპიონატის მეორე წრიდან მონაწილეობა უკვე "დინამო თბილისმა" განაგრძო და სეზონიც ამავე კლუბმა ჩაამთავრა. არადა, "დინამო თბილისი", თურმე, 2001 წლის მარტში დარეგისტრირდა, არც "თბილისის დინამოსთან" აკავშირებდა სამართლებლივი ურთიერთობა და არც ამ კლუბის  უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა. როგორც წერილშია აღნიშნული, იმ სეზონის საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე განაცხადი მხოლოდ საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" ჰქონდა წარდგენილი, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი ხელმძღვანელობის გულგრილობის გამო "თბილისის დინამოს" ადგილი "დინამო თბილისმა" დაიკავა. 2001 წელს შექმნილი კლუბის ხელში აღმოჩნდა ასევე "თბილისის დინამოს" უძრავ-მოძრავი ქონებაც.

ასეთია საქმის არსი და აქიდან გამომდინარე, "თბილისის დინამო" და ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი "დინამო" ფედერაციისგან ამ ვითარების დეტალურ შესწავლას, საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" საქართველოს ჩემპიონატში დაშვებასა და ფეხბურთის ფედერაციაში ხმის უფლებას მოითხოვს. მერაბ რატიანი კლუბის მისთვის დასაბრუნებლად იწყებს ბრძოლას, ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი "დინამო" კი - უძრავ-მოძრავი ქონების დასაბრუნებლად. ქვეყანაში თუ სამართლიანობის აღდგენა დაიწყო, ძველი დინამოელები იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი მათ საქმეზეც აისახება.

თავის დროზე, 90-იანი წლების დასწყისში, “დინამოს” წილი სამმა იურიდიულმა პირმა გადაიფორმა – ფირმა “ბერმუხა 92”-მა 80% (პრეზიდენტი მერაბ რატიანი), მერაბ ჟორდანიამ 10% და სპორტსაზოგადოება “დინამომ” 10%. როცა ჟორდანია სფფ-ის პრეზიდენტი გახდა, წილის ქონის უფლება აღარ ჰქონდა და ის 10% “ბერმუხას 92”-ის სასარგებლოდ დათმო.

ახლა ვითარება ასეთია: 90% ეკუთვნის “ბერმუხას”, 10% სპორტსაზოგადოება “დინამოს.”

“მსოფლიო სპორტი” ვითარებაში უკეთ გასარკვევად “დინამოს” დირექტორატის ყოფილ

წევრებს და სპორტსაზოგადოება “დინამოს” წარმომადგენლებს ესაუბრა.

ნოდარ სირბილაშვილი (საქართველოს სპორტული კლუბ “დინამოს” გენერალური

დირექტორი): უპირველესად, გეტყვით, რომ არანაირი აჟიოტაჟის ატეხვა არ გვიფიქრია.

წერილიც ჯერ ფეხბურთის ფედერაციაში იმიტომ შევიტანეთ, რომ ეს ამბავი სპორტულ

სამყაროშივე მოგვარდეს. ანუ, გვინდა ყველაფერი კოლეგიალურად და სამართლიანად

გადაწყდეს. ბ-ნ ფიფიას რამდენჯერმე შევთავაზეთ მეგობრულად შეხვედრა, წერილიც

გავუგზავნეთ, მაგრამ უარზეა. გვინდა ვუთხრათ, რომ თავის ადგილზე არ არის.

ვარსკვლავები რომ დაიხატეს მაისურებზე და ძველი “დინამოს” დამსახურებებს

მიიწერენ, ეგ ხომ ტყუილია. მათ შექმნილ კლუბს იმ ნაღდ “დინამოსთან” საერთო

არაფერი აქვს.

- რატომ შეიტანეთ წერილი ორშაბათს, როცა “დინამო” სწორედ ამ დილით გაემგზავრა

ბუქარესტში და პირდაპირ ალბათ ვერ გიპასუხებენ?

- არა, ეს უბრალოდ დამთხვევაა. პირიქით, ვცდილობთ ევროთასებზე გამოსვლისას

ხელი არ შევუშალოთ.

ნიკა ივანიშვილი (საქართველოს სპორტული კლუბ “დინამოს” თავმჯდომარე):

სამართლიანობა უნდა აღსდგეს. ადამიანებს, რომლებმაც ამ კლუბს წლების

განმავლობაში თავისი ენერგია და ფინანსები შეალიეს, უსამართლოდ მოექცნენ. ჩვენ

მათი პარტნიორები ვართ და გვერდში ვუდგევართ. ამ ბიჭების უფლებები დაირღვა და

კანონიერად ვითხოვთ მათ აღდგენას.

მერაბ რატიანი (“დინამოს” დირექტორატის ყოფილი წევრი): ჩვენი მოთხოვნა

აბსოლუტურად სამართლიანი და კანონიერია. გადავხედოთ და გამოვიძიოთ ეს საქმე,

იქნებ ჩვენ ვტყუივართ, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა გაირკვეს. არსებობს ასეთი

გამოთქმა – კეთილსინდისიერი შენაძენი. მინდა ბ-ნ ფიფიას ვკითხო: როგორ ფიქრობს,

კეთილსინდისიერად შეიძინა “დინამო”?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10809