ჭიდაობა

22:27 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლების ბრინჯაოს სტარტი

 

სლოვაკეთის ქალაქ სნინაში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ და ჩემპიონ-პრიზიორები ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გამოავლინეს. საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი ხუთივე წონაში ჰყავდა და მათგან პოდიუმზე მხოლოდ ერთი ავიდა – გიორგი ხაჩიძემ (42 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ქართული გუნდის უმსუბუქესი წევრი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ყირგიზ აიბეკ ტოკტოგულს ადვილად აჯობა (4:0). მეოთხედფინალში ხაჩიძე მომავალ ჩემპიონთან – ირანელ ალირეზა გოუდარზისთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა (10:13) და ცოტა ხანში დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც ჯერ ალჟირელი სლიმან ბელგელამი ჩამოიცილა (10:0), ხოლო “ბრინჯაოს ფინალში” ამერიკელ ტისდეილ გევინს მოუგო (10:5).

მამუკა ჩაჩუას (58 კგ) საპრიზო სამეულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ოქრო-ვერცხლის შანსი ჩაჩუამ ნახევარფინალში დაკარგა რუსეთის ნაკრების წევრ დავით ბაევთან ბრძოლაში (4:8). მოგვიანებით ბაევი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იქამდე კი ჩაჩუა რეპეშაჟის ფინალში ირანელ მუჯტაბა ამუზადთან დამარცხდა (1:10).

ძირითად ბადეში, წაგებამდე ქართველმა ჭაბუკმა სამი მეტოქე ჩამოიშორა: იტალიელი ჯიკოპო მასოტი (10:0), პოლონელი ბარტოშ სტავინოგა (13:1) და იაპონელი ჰირომუ საკაკი (9:6).

ფინალურ ბლოკს მიღმა დარჩენილ ქართველთაგან, შედარებით შედეგიანად გაიოზ გონგლაძემ (50 კგ) იჭიდავა. ძირითად ბადეში, რუმინელი მიჰალი ჟუონის ძლევის (4:0) შემდეგ, აზერბაიჯანელ აფგან ხაშალოვთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა (6:8) და მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, თავად ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო. უკრაინელ რომან გუცულიაკს მოუგო (6:4), მაგრამ ირანელ ნადერ ნასრისამაკუშთან ვეღარას გახდა (1:4) და საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

ნიკა კენჭაძე (69 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატს პირველივე წრიდან გამოეთიშა, ლატვიელ ალბერტს იურჩენკოსთან წაგებით (0:10). მოგელი მეზვრიშვილი (85 კგ) კი სლოვაკურ ხალიჩაზე სამჯერ გავიდა. ბელარუს რომან ციტოუსა (10:2) და უნგრელ ბედრეგუზ ტოთს (12:0) ადვილად გასცდა, მაგრამ მეოთხედფინალში, გერმანიის ნაკრების წევრ ილია მატუხინთან შეხვედრაში წარმატებამდე ცოტა დააკლდა (6:8) და ჯერ ოქროს გზა ჩაეკეტა, ხოლო ცოტა ხანში ბრინჯაოსთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა, მას შემდეგ, რაც მატუხინი ნახევარფინალს ვერ გასცდა.

ხვალ თავისუფალ ჭიდაობაში მედლების დარჩენილი ხუთი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ კი იჭიდავებენ: თეიმურაზ ვანიშვილი (46 კგ), შმაგი თოდუა (54 კგ), ივერი ჯულაყიძე (63 კგ), მექი სიმონია (76 კგ) და გივი მაჭარაშვილი (100 კგ).

 

თავისუფალი ჭიდაობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

ჭაბუკები

19 ივლისი

 

42 კგ

1 ალირეზა გოუდარზი (ირანი)

2 მაქსიმ ზამორშნიკოვი (რუსეთი)

3 გიორგი ხაჩიძე (საქართველო)

3 დაიგო ჰატორი (იაპონია)

 

50 კგ

1 სპენსერ ლი (აშშ)

2 აფგან ხაშალოვი (აზერბაიჯანი)

3 ნიკოლაი გრაჰამეცი (მოლდოვა)

3 ნადერ ნასრისამაკუში (ირანი)

7 გაიოზ გონგლაძე (საქართველო)

 

58 კგ

1 დავით ბაევი (რუსეთი)

2 მხირ ამირასლანოვი (აზერბაიჯანი)

3 მოჯიტაბა ამუზადი (ირანი)

3 კუატბეკ მუხამბეტი (ყაზახეთი)

5 მამუკა ჩაჩუა (საქართველო)

 

69 კგ

1 მასონ მანვილი (აშშ)

2 რადიკ ვალიევი (რუსეთი)

3 ალბერტს იურჩენკო (ლატვია)

3 პრიტამ პრიტამი (ინდოეთი)

 

85 კგ

1 შამილ სადულაიევი (აზერბაიჯანი)

2 სემიჰ იაზიჩი (თურქეთი)

3 ილია მატუხინი (გერმანია)

3 კარამჯიტ კარამჯიტი (ინდოეთი)

0.113296