ფეხბურთი

0:20 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიახლე: მიხალ ბილეკი – მწვრთნელი, რომელთანაც თბილისის “დინამო” ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ვინ იქნება თბილისის “დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი? ეს ჯერ არაა გადაწყვეტილი, მაგრამ როგორც ‘მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, კლუბი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხ მიხალ ბილეკთან.

49 წლის ბილეკი თბილისშია ჩამოსული და მოლაპარაკება აქ წარმოებს. “დინამოს” მთავარი მწვრთნელის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება – კლუბი სწორედ ამას ესწრაფვის, რათა დროულად დაალაგოს შემადგენლობა, დროულად შესძლოს მწვრთნელისთვის სასურველი ფეხბურთელების მოყვანა და ევროტურნირებს მომზადებული შეხვდეს.

ბილეკი 2009-2013 წლებში ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახლდათ და ამ პოსტზე პაველ ვრბამ შეცვალა. ვრბა “პლზენის” თავკაცი იყო. იმ “პლზენისა”, რომელსაც თბილისის “დინამოს’ ყოფილი მწვრთნელი  დუშან უჰრინი ხელმძღვანელობს.

ბილეკმა ევრო-2012-ის მეოთხედფინალში გაიყვანა ჩეხეთის ნაკრები. ჯგუფში რუსეთთან 1:4 წააგო, ბერძნებს 2:1 სძლია, პოლონეთს 1:0 მოუგო და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. მეოთხედფინალში კი ბილეკის გუნდი პორტუგალიასთან გავარდა – 0:1.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევში კი, ბილეკის ჩეხეთმა მესამე ადგილი დაიკავა 15 ქულით. ბილეკმა შარშან 10 სექტემბერს, შესარჩევის დასრულებამდე ორი ტურით ადრე დატოვა პოსტი: იტალიასთან 1:2 მარცხის შემდეგ გადაწყდა, რომ ჩეხები ჯგუფიდან ვეღარ გავიდოდნენ. მას შემდეგ, ამ სპეციალისტს აღარ უმუშავია.

ჩეხეთის ნაკრებში დანიშვნამდე, ბილეკი მწვრთნელად მუშაობდა “ტეპლიცეში”, კოსტა რიკის “კარტახინესში”, ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრებში, “ხმელში”, “პლზენში”, პრაღის “სპარტასა” და სლოვაკურ “რუჟომბეროკში”.  

ბილეკმა 2007 წელს დუბლი შეასრულებინა “სპარტას”: ჩეხეთის ჩემპიონობა და თასი მოაპოვებინა. ადრე, 2003 წელს ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა. 

ბილეკი საკმაოდ კარგი ფეხბურთელი გახლდათ, მეტწილად მარჯვენა ნახევარმცველად თამაშობდა. კარიერის დიდი ნაწილი “სპარტაში” გაატარა, სადაც 4-ჯერ გახდა ჯერ ჩეხოსლოვაკიის, შემდეგ კი ჩეხეთის ჩემპიონი. 1989 წელს კი, ბილეკი ჩეხოსლოვაკიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მას ასევე უთამაშია ესპანურ “ბეტისშიც” (1990-1992 წლებში), კარიერა კი “ტეპლიცეში” დაასრულა 35 წლის ასაკში.

ბილეკს ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში 32 მატჩი ჩაუტარებია და 11 გოლი გაუტანია, ხოლო ჩეხეთის ნაკრებში – 3 მატჩი უგოლოდ. ითამაშა 1990 წლის მუნდიალზე, სადაც გოლიც გაუტანა ავსტრიას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119023