ფეხბურთი

21:30 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

შეადარეთ – ყაზახეთში ფეხბურთელი ბავშვების რიცხვი წელიწადში 40 პროცენტით გაიზარდა

 ყაზახეთი არასოდეს იყო საფეხბურთო ქვეყანა. “ქაირათი” პერიოდულად თუ გამოჩნდებოდა ხოლმე საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. ძველ დროზე ტირილს არ ვაპირებთ - აქ რასაც დავწერთ, ჩვენი მოგონილი არაა. ყაზახური წყარო იუწყება, რომ მათ ქვეყანაში ფეხბურთელი ბავშვების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 40 პროცენტით გაიზარდა.

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციას აქვს “ბავშვებისა და ჭაბუკების ფეხბურთის განვითარების კონცეფცია”, რომელიც 2012-2022 წლებზეა გათვლილი. ანუ, ათწლიანი პროგრამაა.

აქ რა პროგრამაზეა საუბარი...

კონცეფცია შემუშავდა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად და აქცენტი კეთდება საფეხბურთო სკოლების აშენებაზე. იცით, რამდენიმე ასეთი საფეხბურთო ცენტრია ყაზახეთში? უკვე 13. ეს მხოლოდ საფეხბურთო ცენტრებზე, თორემ ცალკე მერიის და ცალკე სხვადასხვა ბიზნესკომპანიების მფარველობაში მყოფი სკოლები ძალიან ბევრია და ეს რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში მითხრა ყაზახეთის “სპორტის რესპუბლიკური კოლეჯის” მწვრთნელმა ვასილი მარინიუკმა. ეს ყაზახური ბავშვთა გუნდი ხშირად სტუმრობს თბილისს და ტურნირებში იღებს მონაწილეობას.   

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ შარშან დაავალა ყველა უმაღლესლიგელ კლუბს, რომ აუცილებლად ჰქონდეთ საფეხბურთო ცენტრი. როგორ აკონტროლებს იქაური ფედერაცია გაკონტროლებას? აი, პასუხიც:

“ფედერაციამ 7 სპეციალისტი ჩამოიყვანა სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ამ ცენტრებში ტექნიკური დირექტორის სტატუსით მუშაობენ. ადრე ისინი მწვრთნელები იყვნენ და აქვთ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება. მათი ამოცანაა, ადგილობრივი მწვრთნელების განათლება, სელექციის ჩატარება და ასევე წყვეტენ, რომელი მწვრთნელი რომელ ასაკობრივ ჯგუფში იმუშავებს. მთელი ამ დროის განმავლობაში, ტექნიკურს დირექტორებს ევალებათ, მუდმივად ჩაიწერონ შენიშვნები და ფედერაციას წარუდგინონ”.

ამ ყველაფერთან ერთად დაუმატეთ, რომ ყაზახეთში საფეხბურთო ცენტრში ბავშვისთვის სწავლა უფასოა.

ყაზახეთში 40 პროცენტით გაიზარდა ფეხბურთით დაკავებული ბავშვების რაოდენობა, აქ კი მცირდება. თანაც, აშკარად მცირდება. რაგბიმ ბევრი ბავშვი მოსტაცა ფეხბურთს და ეს არაა გასაკვირი - მშობელს იქ მიჰყავს ბავშვი, სადაც მეტ პერსპექტივას ხედავს. 

0.110258