ფეხბურთი

22:19 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი: კობახიძემ "კლუჟს" გაუტანა, "ქაისერისფორმა" შანსი დაიტოვა

ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" შინ 1:0 მოუგო "გენჩლერბირლიგის" და ბოლოსწინა ადგილზეა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო. "ქაისერისფორი" 5 ქულით არის დაშორებული სამშვიდობო ზონიდან.

იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" შინ ვერ სძლია "კარპის" – 1:1. ლევან მჭედლიძე 79-ე წუთზე შევიდა მინდორზე და სახიფათო შეტევებშიც მონაწილეობდა, თუმცა ემპოლელები მეორე გოლს ვერ ეღირსნენ. ტოსკანური კლუბი მეორე ადგილზე დარჩა. რაც შეეხება მჭედლიძის თანაგუნდელ ირაკლი შეყილაძეს, განაცხადში არ გახლდათ.

აზერბაიჯანში "ყარაბაღმა" შინ 2:1 სძლია აზალ-ს და 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ტრავმამოშუშებული ნიკა გელაშვილი სათადარიგო გახლდათ და არ უთამაშია, ხოლო ჯაბა დვალი მე-80 წუთზე შევიდა მინდორზე. აზალ-ის რიგებში 90 წუთი გაისარჯა "ვიტ ჯორჯიიდან" გადასული ლაშა კასრაძე. 

მალტაზე "ვალეტამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, თუმცა ამჯერად არა ჩემპიონატის მატჩში, არამედ ფედერაციის თასის მეოთხედფინალში. ნუკრი რევიშვილის, ირაკლი მაისურაძისა და ოვონიკოკოს გუნდმა 1:0 სძლია "ნაქსარ ლიონს" და ნახევარფინალში გავიდა. ხსენებული სამივე ფეხბურთელი სასტარტოში გახლდათ და მათგან მხოლოდ ოვონიკოკო შეცვალეს.

აქვე, ამხანაგურ შეხვედრაზე, რომელიც ესპანურ მარბელიაზე გაიმართა: "დნიპრომ" 2:1 აჯობა რუმინულ "კლუჟს" და ერთი გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა – ახლო მანძილიდან შეაგდო, პასი კი მას უჩა ლობჟანიძემ გაუკეთა თავით. ეს 71-ე წუთზე მოხდა, რითაც ანგარიში 2:0 გახდა.

ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა, კობახიძემ მეორე ტაიმში ითამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა მინდორზე არ გამოჩენილა. საქმე ისაა, რომ "დნიპრო" ოპტიმალური შემადგენლობით არ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116379