კალათბურთი

21:05 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული კალათბურთის სამყარო ორად გაიყო

 

10 აგვისტოს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში დანიშნული საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა, მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდა. დღის წესრიგში იდგა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება და სხვადასხვა საკითხები.

საპრესკონფერენციო დარბაზში, დანიშნულ დროს (14:00), საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და აღნიშნული ფედერაციის გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი გამოცხადნენ. ამ უკანასკნელმა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის მიერ მიღებული მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

“საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის წინა დღეებში, აღნიშნული ყრილობის დელეგატებზე, სხვადასხვა თანამდებობის პირთა და ორგანიზაცია “კალათბურთელთა კავშირის” მხრიდან გაუგონარი ზეწოლა განხორციელდა.

დელეგატებს სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებდნენ და აიძულებდნენ, ზოგი მათგანი საერთოდ არ მისულიყო ყრილობაზე, ხოლო ნაწილს მხარი არ დაეჭირა ფედერაციის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცებისთვის.

ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამგეობაში შემოვიდა წერილობითი და ზეპირი ფორმის მოთხოვნები, რომ აღნიშნული ზეწოლის ფაქტების გამო, რიგგარეშე ყრილობა გადაიდოს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე და შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:

“ყრილობისთვის მიუღებელი და აუტანელი გარემოს შექმნის გამო, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გადაიდოს”. ამის შემდეგ, ლიპარტელიანმა, რატიშვილმა და მათმა მომხრე დელეგატებმა (13 დელეგატი) ყრილობა დატოვეს, ხოლო მოწინააღმდეგენი (18 დელეგატი) დარბაზში დარჩნენ. დასწრების უფლება 32 დელეგატს ჰქონდა. აქედან, მანდატი ვერ მიიღო რუსთავის სასპორტო სკოლის წარმომადგენელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ოთარ ფაიქრიძემ.

დარბაზში დარჩენილმა დელეგატებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მათზე არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. რადგან ქვორუმი ხელს უწყობდათ, დარბაზში დარჩენილმა დელეგატებმა ყრილობის გაგრძელება გადაწყვიტეს. დელეგატებმა ყრილობის თავმჯდომარედ საკალათბურთო კლუბ “ოლიმპის” წარმომადგენელი, კლუბის ტექნიკური დირექტორი ლევან გეგეშიძე, ხოლო მდივნად, თსუ-ს წარმომადგენელი, პროფესიით იურისტი გიორგი ანთაძე აირჩიეს.

ყრილობამ სამდივნო და სამანდატო კომისიის წარმომადგენლებიც აირჩია. დღის წესრიგიდან ამოიღეს სხვადასხვა საკითხები, გამგეობის მიერ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცებაზე უარი განაცხადეს და ახალი პროექტის შესამუშავებლად, 5 კაციანი კომისია დაასახელეს. აღნიშნულ კომისიაში შევიდნენ: გვანცა ომიაძე, დავით საყვარელიძე, გიორგი ანთაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დავით ქვრივიშვილი. მეხუთე წევრად მერაბ რატიშვილი დაასახელეს. თუ რატიშვილი კომისიაში მუშაობაზე უარს განაცხადებს, ახალ რედაქციაზე ზემოთ ნახსენები ოთხეული იმუშავებს. ყრილობის დელეგატებმა ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კალათბურთის მომავალ პრეზიდენტს, ორი ოთხწლიანი ვადით ექნება არჩევის უფლება.

“შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელიც გაითვალისწინებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენიშვნებს და აღნიშნულიდან გამომდინარე მიიღებს წესდებაში ცვლილებებს. თუ ვინმე თვლის, რომ დღევანდელი ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა, შეუძლია პროტესტი გამოთქვას და ნებისმიერ ორგანიზაციას მიმართოს”, - განაცხადა გეგეშიძემ.

უჩვეულო ყრილობის შესახებ კომენტარის გაკეტება ვთხოვეთ ბესიკ ლიპარტელიანს და მერაბ რატიშვილს.

ბესიკ ლიპარტელიანი:

- ოთარ ფაიქრიძემ რატომ ვერ მიიღო კუთვნილი მანდატი?

- იმ ორგანიზაციას, რომელსაც ფაიქრიძე წარმოადგენს, დავალიანება აქვს საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და გამგეობის გადაწყვეტილებით, ყრილობის მანდატი ამიტომ ვერ მიიღო.

- რა აზრის ხართ ყრილობის გაგრძელების შესახებ?

- ყრილობა არ დაწყებულა და საიდან უნდა გაგრძელებულიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ყრილობა ფიქტიურია.

- ყრილობაზე დარჩენილი დელეგატების გადაწყვეტილებით, ქვორუმი (31-დან 18 დელეგატი) შედგა და ყრილობა ამიტომ გააგრძელეს...

- ორშაბათს შეიკრიბება გამგეობა და დღეს მომხდარი მოვლენების შესახებ, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.

- თქვენ თუ მიიღეთ მითითება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ წესდებაში შესატანი ცვლილებების შესახებ?

- სპორტის სამინისტრომ მოგვმართა, რომ “კალათბურთელთა კავშირთან” ერთად გვემუშავა ახალ წესდებაზე. ჩვენი და მათი იურისტები რაღაცაზე შეთანხმდნენ და რაღაცაზე ვერა.

-    საბოლოოდ თუ შეთანხმდით?

-    ვერ შევთანხმდით და ამიტომაც გადავწყვიტეთ ყრილობის გადადება. აქვე მინდა განვაცხადო: “საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრობლემების გადაწყვეტაში, მონაწილეობა უნდა მიიღონ მხოლოდ კალათბურთელებმა და კალათბურთის სამყარომ. ამიტომ, სამინისტრო იქნება, საკრებულო, გამგეობა თუ გუბერნია, კალათბურთის ოჯახში ხელს ნუ აფათურებენ”.

 

მერაბ რატიშვილი:

-    დღევანდელმა ყრილობის გადაწყვეტილებით, თქვენ იმ 5 კაციანი მუშა ჯგუფის წევრი იქნებით, რომელიც ახალ წესდებაზე იმუშავებს. თანახმა ხართ იმუშაოთ ამ ჯგუფში?

-    არ ვიცი, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რა ერქვა და რა ორგანიზაციის სხდომა იყო ეს. იმიტომ, რომ ყრილობა არ ჩატარებულა. აპელირება იმაზე, რომ ეს იყო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყრილობა, არასწორია. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და რომც მქონდეს, გადაწყვეტილებას ასეთ საკითხებზე პირადად არ ვიღებ. როგორც გამგეობის წევრი და გენერალური მდივანი, მე ვემორჩილები ფედერაციის გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ლიპარტელიანი 12 წელია საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს. 12 წლის შემდეგ, კალათბურთის სამყარო ორად გაიყო. უახლოეს მომავალში შევიტყობთ, თუ ვინ დარჩება გამარჯვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.312608