ჭიდაობა

23:16 | 14.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრესკონფერენცია მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ

დღეს სამინისტროში მოჭიდავეთა პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს მიეძღვნა. ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე, ნაკრების მთავარი მწვრთნელები და სპორტსმენები შეხვდნენ.

“მოხარულნი ვართ, რომ დღეს ვმასპინძლობთ ბიჭებს, რომლებმაც თავიანთ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე ამდენი მედალი მოიპოვეს. მადლობას ვუხდი მათ და დიდ წარმატებებს ვუსურვებ! სამინისტრო ყოველთვის გვერდში ედგა ქართულ სპორტს და ეს თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება, მითუმეტეს, როცა სპორტის ამ სახეობაში ასეთი წარმატებები გვაქვს”, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ.

“ჩვენმა ბიჭებმა უდავოდ დიდ გამარჯვებას მიაღწიეს, თუმცა გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ გაცილებით მეტი შეგვეძლო, მინიმუმ 3-4 მედალი კიდევ უნდა აგვეღო. ახალგაზრდულ ნაკრებებში ძალიან კარგი თაობა მოდის და ვფიქრობ, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის ეს ბიჭები ეროვნული გუნდის წევრებს კონკურენციას გაუწევენ”, - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ.

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 4 მედალი მოიპოვეს: შმაგი ბოლქვაძე (66 კგ.) ჩემპიონი გახდა, გიზო მელაძემ (55 კგ.), გელა ბოლქვაძემ (74 კგ.) და ლაშა გობაძემ (84 კგ.) კი მესამე ადგილი დაიკავეს.

რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, მათ აქტივში ერთადერთი ოქროა – მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა ზედიზედ მეორედ მოიგო ახალგაზრდების მსოფლიო პირველობა.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112334