რაგბი

16:53 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველი მერცხალი - ფრანგული კლუბები ქართველი გოგონებითაც დაინტერესდნენ

ფრანგული კლუბები ქართველი მორაგბეებით თითქმის ორი ათეული წელია რომ ინტერესდებიან, არახალია, ახლა კი, მამაკაცთა გზას გოგონებიც დაადგნენ და პირველი მერცხალიც გამოჩნდა.

სანამ უშუალოდ კონკრეტულ თემაზე გადავალთ, უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოში 15-კაცა რაგბის გოგონათა გუნდი არ არსებობს და შესაბამისად, არც ჩემპიონატი ტარდება. “სუსტი სქესის” წარმომადგენლები ჩვენთან მხოლოდ 7-კაცა რაგბით არიან დაინტერესებული. იყო დრო, როდესაც ოვალური ბურთით დაინტერესებულ ქალთა რაოდენობა იმდენად მწირი იყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე 12-კაციანი განაცხადის შევსება ჭირდა.

ბოლო დროს ინტერესი გაიზარდა, დაარსდა სხვადასხვა კლუბები და ტარდება ჩემპიონატები, ოღონდ, ეს ყველაფერი 7-ქალა რაგბიში და საქართველოს ჩემპიონატიც იმართება, რომლის ჩემპიონი ბოლოს ლანჩხუთის გოგონათა გუნდი გახდა - ფეხბურთელთა გუნდი, რომლებმაც ერთ-ერთ ვარჯიშზე ოვალური ბურთით წაივარჯიშეს, ხელით თამაშით მოიხიბლნენ, ჩემპიონატში ჩაებნენ და პირველობაც არავის დაუთმეს.

ამ ყველაფერს ხელი საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრების წარმატებულმა გამოსვლამ შეუწყო ხელი. გუნდი წლების განმავლობაში მესამე დივიზიონში გამოდიოდა, სადაც ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ უიღბლობის გამო დაწინაურებას ვერ ახერხებდა. ორი წლის წინ ქართველმა გოგონებმა მეორე დონეზე აინაცვლეს და ნელ-ნელა ელიტას უახლოვდებიან. 2013 წელს მე-9 ადგილის დაკავების შემდეგ, ამა წლის ივნისში A ჯგუფში ქართული 7-ქალა მეოთხე იყო და ასეთი პროგრესის ფონზე ჯაბა მალაღურაძის შეგირდები გაისად უფრო მაღალი მიზნისათვის იბრძოლებენ.

ასეთმა პროგრესმა ფრანგული წამყვანი კლუბები დააინტერესა და მარი მაისურაძე გახდა პირველი ქართველი გოგონა, რომელმაც 15-ქალა რაგბიში, თანაც საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის “პერპინიანში” გადაინაცვლა. საფრანგეთის გოგონათა ელიტარულ დივიზიონში 8 გუნდი თამაშობს, “პერპინიანი” მუდამ პირველობისთვის იბრძვის, ჩემპიონის ტიტული არაერთხელ მოიპოვა, ბოლოს კი, ჯილდო 2011 წელს შემართა. ახლა ისინი მიზნად ჯილდოს დაბრუნებას ისახავენ და დიდი იმედიც აქვთ მარი მაისურაძის, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” საფრანგეთში დაუკავშირდა:

-       “მსოფლიო სპორტის” და ქართული რაგბის გულშემატკივრების სახელით გილოცავთ ასეთი დიდი ნაბიჯის გადადგმას. იქნებ გვითხრათ როგორ გახდით პირველი ქართველი ლეგიონერი ქალთა რაგბიში და რა დონის გუნდში ითამაშებთ?

-       ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის და დაინტერესებისთვის. საფრანგეთში ჩემი მეგობრის - მამუკა მაგრაქველიძის დახმარებით მოვხვდი და ამისათვის მას კიდევ ერთხელ ვუხდი უზარმაზარ მადლობას. ფაქტობრივად, ოცნება ამიხდა და საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატსა და გუნდში თამაშის საშუალება მომეცა. გუნდთან უკვე გავიარე შეკრება და “ტულუზასთან” ამხანაგურ მატჩშიც მივიღე მონაწილეობა. ჩემპიონატი 21 სექტემბერს იწყება და ვემზადებით პირველი თამაშისთვის, რომელიც “ლილთან” გვექნება.

-       აქამდე თქვენ 15-კაცა რაგბი არასდროს გითამაშიათ. რა პოზიციაზე დაგაყენეს და როგორ აუღეთ ალღო დიდ რაგბის?

-       15-კაცა რაგბი არადროს მითამაშია, აქამდე მხოლოდ რაგბი 7-ს ვთამაშობდი და თავიდან ცოტა გაურკვევლობაში ვიყავი. რადგან ამხანაგური თამაში იყო, “ტულუზასთან” შეცვლების მხრივ პრობლემა არ იყო, დიდი დატვირთვები არ მომცეს და პირველ ტაიმში 20 და მეორე ტაიმშიც 20 წუთი მათამაშეს. გუნდში ყველაზე მაღალი ვარ და შერკინების მეორე ხაზში დამაყენეს. მიუხედავად გამოუცდელობისა და დიდი განსხვავებისა, ჩემის აზრით, თუკი რაგბი გესმის, რაგბი 7-ის მოთამაშემ 15-კაცასაც მალე უნდა აუღო ალღო, თუმცა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი.

-       რა ვადით გააფორმეთ კონტრაქტი “პერპინიანთან” და რა მიზნებს ისახავს გუნდი?

-       ამ ეტაპზე ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს და ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თუ თავს გამოვიჩენ, მისი გახანგრძლივების პერსპექტივა მექნება. გუნდი საკმაოდ ძლიერი და ამბიციურია, ჩემპიონობისთვის ვაპირებ ბრძოლას და რასაც ვხედავ, ამისი პოტენციალი გვაქვს.

-       თქვენს გარდა სხვა ლეგიონერები თუ არიან გუნდში?

-       ერთადერთი უცხოელი ნამდვილად არ ვარ. აქ 4 ესპანელი და 1 შვედი მორაგბე დამხვდა. შემადგენლობაში რაგბი 15-ის საფრანგეთის ქალთა ნაკრების სამი წევრი გვყავს, რომლებიც ორი დღეა რაც შემოგვიერთდნენ.

-       თქვენ პირველი ქართველი გოგონა ხართ, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებთ. რაგბის თამაშს რომ იწყებდით, მაშინ თუ ფიქრობდით ოდესმე ასეთი მაღალი დონის გუნდში რომ მოხვდებოდი?

-       რაგბის თამაშს რომ ვიწყებდი ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია, თუმცა, წლების შემდეგ ასეთი ამბიცია გამიჩნდა, მაგრამ რატომღაც უცხოეთში წასვლა არ ხერხდებოდა. კიდევ ერთხელ უბდა ვახსენო მამუკა მაგრაქველიძე, რომლის მეშვეობითაც ლეგიონერი გავხდი, ქართველი გოგონებისთვის ფანჯარა გაიხსნა და იმედია, მალე სხვა ქართველი გოგონებიც გახდებიან ლეგიონერები.

-       რამდენად დიდია სხვაობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის მზადების კუთხით?

-       საქართველოში მხოლოდ რაგბი 7-ს ვთამაშობთ, აქ რაგბი 15-ის გუნდში ვარ და შესაბამისად, მზადებაშიც ძალიან დიდი სხვაობაა. რაგბი 7 უფრო დინამიურია, 15-ში კი, მეტი აქცენტი ტაქტიკურ და ფიზიკურ მომზადებას ეთმობა და დატვირთვებიც უფრო დიდია. სხვათა შორის აქ ერთი ნაცნობი სახეც დამხდა - რუმინეთის ეროვნული ნაკრების პირველხაზელი მარიუს ტინკუ, რომელიც ჩვენი შერკინების მწვრთნელად ახლახანს დაინიშნა.

-       ტინკუს არაერთხელ უთამაშია ქართველების წინააღმდეგ და თქვენ როგორ შეგხვდათ?

-       ამხანაგური თამაშის შემდეგ მან აღნიშნა -  ქართველები გიჟები ხართო, რა თქმა უნდა კარგ ფორმებში და ბუნებრივად მოგსდევთ ჯანი, რაც ძალიან კარგიაო. პირად საუბარში მან “ბორჯღალოსნებთან” შეხვედრებიც გაიხსენა.

-       “პერპინიანის” ქალთა გუნდი სხვა ქართველი გოგონებითაც ხომ არ დაინტერესდა?

-       ქართველი გოგონების მიმართ დაინტერესება ნამდვილად არის, მაგრამ ამ ეტაპზე კიდევ ვინმეს ჩამოყვანა არ იგეგმება. საქმე ისაა, რომ ქართველებთან შედარებით, ევროპელებისთვის აქ ჩამოსვლა უფრო მარტივია, რადგან მათ ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები არ ექმნებათ და აქცენტიც მათზე ამის გამო კეთდება.

-       “პერპინიანის” კაცთა გუნდში დიმიტრი ბასილაია და გიორგი მჭედლიშვილი დაგხვდებოდნენ...

-       დიახ და მათ ძალიან გაუხარდათ ჩემი ჩამოსვლა. ქართველებთან ურთიერთობა ადაპტაციასაც გამიადვილებს.

-       გუნდის ბაზაზე ცხოვრობთ?

-       არა. ჯერჯერობით სასტუმროში ვარ. “პერპინიანში” კიდევ ორ ესპანელ ლეგიონერს ელოდებიან და მათთან ერთად გადავალ საცხოვრებლად ბინაში.

-       21 სექტემბერს “პერპინიანში” თქვენი ოფიციალური დებიუტი შედგება?

-       ამ თამაშისთვის ჯერჯერობით შემადგენლობა შერჩეული არაა. მე სხვა პრობლემა მაქვს. აქ დაზღვევის გარეშე არავინ გათამაშებს, რამე რომ მოგივიდეს პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ. დაზღვევა არ მაქვს და თუ თამაშამდე ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, მოედანზეც ავტომატურად ვერ გავალ. თუმცა, იმედს არ ვკარგავ, მაქსიმალური მონდომებით ვემზადები და ეგებ 21-მდე დაზღვევის პრობლემაც მოგვარდეს.

0.145504