ძიუდო

17:10 | 28.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს სეზონი!

 

7-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უმაღლესი ტიტული 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის რეიტინგის ლიდერმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიპოვა.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა საჩემპიონო გზაზე ექვსი შეხვედრა მოიგო და 2014 წლის სეზონი ოქროს დუბლით დააგვირგვინა. შეგახსენებთ, ჭრიკიშვილი აპრილში მონპელიეში გამართულ ევროპირველობაზეც საუკეთესო იყო.

ჩელიაბინსკის “ტრაქტორის” დარბაზში საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენმა პირველი ბრძოლა ჩეხ იარომირ მუსილთან ჩაატარა. ამ უკანასკნელმა მეორე წუთზე ფეხი იტკინა და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო. მეორე წრეში ჭრიკიშვილმა ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიოს პირველსავე წუთზე იუკო აუღო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. მერვედფინალში პორტუგალიელ კარლოს ლუზს შიდოს უგებდა, როცა მეტოქემ ფეხში შესვლის წესი დაარღვია და მსაჯმა უმალ მოხსნა.

გაფრთხილებებმა გადაწყვიტა შემდეგი ორი შეხვედრის ბედიც – მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელ ტაკენორი ნაგასეს ილეთი ვერ შეუსრულა, მაგრამ აქტიურობით კი გვარიანად დაჩაგრა და მსაჯმა მუდმივად თავდაცვაზე ორიენტირებული აზიელი შიდოთი სამჯერ დასაჯა.

ნახევარფინალში ჭრიკიშვილი ფრანგ ალენ შმიტს დაეჭიდა და მესამე წუთზე იუკოთი ჩამორჩა. ბოლო ორ წუთში კი უკანმოუხედავად შეუტია და საწადელს კვლავ შიდოების ხარჯზე მიაღწია. საჭიდაოდ განკუთვნილი ხუთი წუთის ამოწურვამდე 21 წამით ადრე შმიტს გაფრთხილებების ლიმიტი ამოეწურა.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს მსოფლიოს 2013 წლის ფრანგი ჩემპიონი ლუის პიეტრი და კანადელი ანტუან ვალუა-ფორტიე დაეჭიდნენ. ფავორიტი რა თქმა უნდა პიეტრი იყო, მაგრამ წააგო და ჭრიკიშვილმა შარშანდელ ფინალში განცდილი მარცხის გამო მორიგი რევანშის აღების შანსი დაკარგა.

ვალუა-ფორტიესთან ავთანდილი პირველსავე წუთზე ვაზარით დაწინაურდა - მეტოქე ხელში აიტაცა და ტატამს ზურგით დაანარცხა. მსაჯმა იპონი დააფიქსირა, მაგრამ მსაჯთა მაგიდამ გადაწყვეტილება შეუცვალა. დარჩენილი ოთხი წუთი უილეთოდ გაილია.

ამრიგად, ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით რუსულ ტატამზე ნაკრების დებიუტანტი უშანგი მარგიანიც გავიდა. ყოჩაღადაც დაიწყო – კოლუმბიელ დერიან კასტროს ვაზარ-იუკოთი გასცდა, მაგრამ მეორე წრეში, ჩრდილოკორეელ ჰონგ ვი პაკთან საფინალო სირენამდე წუთით ადრე ვაზარზე დაეცა და შეხვედრის სათავისოდ შესატრიალებლად ძალა აღარ ეყო.

ხვალ მსოფლიოს პირველობაზე მედლების სამი კომპლექტი გათამაშდება. მამაკაცებში 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალებში – 70 და 78 კილოგრამებში. საქართველოს დროშის ქვეშ კი ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ) და ესტერ სტამი (70 კგ) იჭიდავებენ.

წონის ლიდერი და შესაბამისად, პირველ ნომრად განთესილი ლიპარტელიანი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთვება და ჩინელ ქსიუნჟაო ჩენსა და ესტონელ ალექსანდრ მარმელიუკს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ნაკრების დებიუტანტი, 18 წლის ღვინიაშვილიც მეორე წრეში განთესა წილისყრამ. მისი სავარაუდო მეტოქეები რუსი კირილ ვოპროსოვი და ყაზახი სამატ იესენი არიან. საქართველოს ქალთა ნაკრების ნატურალიზებულ წევრს, ჰოლანდიელ ესტერ სტამს კი პირველ მოწინააღმდეგედ ავსტრიელი ბერნარდეტ გრაფი ერგო.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 9 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკი – 15 საათიდან.

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ჩელიაბინსკი

28 აგვისტო

 

მამაკაცები

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

2 ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა)

3 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)

3 ივან ნიფონტოვი (რუსეთი)

 

ქალები

63 კგ

1 კლარის აგბენენუ (საფრანგეთი)

2 იარდენ გერბი (ისრაელი)

3 მიკუ ტაშირო (იაპონია)

3 ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11772