ძიუდო

15:48 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ქართული სია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი განაცხადი შეავსო. სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე, რომელსაც 25-31 აგვისტოს რუსეთის ქალაქი ჩელიაბინსკი უმასპინძლებს, უზნაძის გუნდი მოლოდინისამებრ, 9-კაციანი შემადგენლობით გამოვა.

შვიდი წონითი კატეგორიიდან ორში: 66 და 100 კილოგრამებში სატურნირო ბადეები ქართველი ძიუდოისტების გარეშე შეივსება. სამაგიეროდ, ოთხ წონაში: 73, 81, 90 და +100 კილოგრამებში საქართველოს ნაკრებს ორ-ორი წარმომადგენელი ეყოლება.

ინდივიდუალურ პირველობაში მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები 25-30 აგვისტოს გამოვლინდებიან. 31 აგვისტოს კი გუნდური ჩემპიონატი გაიმართება და ამ ტურნირისთვის საქართველოს ნაკრებს შალვა ქარდავა (66 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) დაემატებიან. წინასწარი ინფორმაციით, გუნდურ განაცხადში რეხვიაშვილი მარგიანს ჩაანაცვლებს.

ჩელიაბინსკურ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებსაც ეყოლება ერთი მონაწილე – 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიმონოს გუნდის ნატურალიზებული წევრი ესტერ სტამი მოირგებს.

მსოფლიოს პირველობაზე წამსვლელი სპორტსმენები უკვე მეორე კვირაა, ბაკურიანში ვარჯიშობენ. “მსოფლიო სპორტი” კაცთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს ესაუბრა და მისგან შეიტყო, რომ ბაკურიანული შეკრება 23 ივლისს დასრულდება. 26-ში კი ნაკრები სამხრეთ კორეაში გაემგზავრება, იქაურ ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გასავლელად.

“ბაკურიანული 12-დღიანი შეკრება მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას ეთმობა. ტატამზე კი სეულში შევალთ. სამხრეთ კორეაში მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში მყოფი სპორტსმენებით ჩავალთ. ჩვენთან ერთად იქნება ესტერ სტამიც. ორკვირიანი წვრთნის შემდეგ კი 9 აგვისტოს, თბილისში დავბრუნდებით და წინასაშეჯიბრო დასკვნით შეკრებას ბორჯომში ან ყვარელში გავივლით. მოსამზადებელი პროცესი გეგმაზომიერად მიდის და იმედია ასევე გაგრძელდება. რაც შეეხება ნაკრების წევრთა ჯანმრთელობას, მთავარი პრობლემა ლაშა შავდათუაშვილის ფეხის ტრავმა იყო, რომლის გამოც იგი ჯერაც ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს, მაგრამ შეიძლება ბაკურიანული შეკრების ბოლო დღეებში შემოგვიერთდეს. კორეაში კი სავარაუდოდ ლაშაც სრული დატვირთვით მოემზადება” – განაცხადა ირაკლი უზნაძემ.

 

საქართველოს ნაკრები

კაცები

 

60 კგ – ამირან პაპინაშვილი

73 კგ – ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი

90 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი

+100 კგ – ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი

 

ქალები

70 კგ – ესტერ სტამი 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112573