ფეხბურთი

10:18 | 7.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

მკითხაობა ქართულად: იცნობს, არ იცნობს? - ალბათ, გაიცნობს

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, სფფ-ის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას ჟურნალისტებთან შემდგარ შეხვედრას თავიდანვე დანიშნულებად ჰქონდა, “ჩვენი ფეხბურთის” მესვეურის მიერ დასმულ მთელ რიგ საკითხებზე კომენტარის გაკეთება.
სიმართლე გითხრათ, აღნიშნული რიგითი მოვლენისთვის (სწორედაც რომ) საზოგადოებრივი რეზონანსის მიცემას არ ვაპირებდით, მაგრამ ქართული ფეხბურთის პირველკაცის მიერ საჯაროდ გაცხადებულ რამდენიმე  ფაქტს, ციფრს, თუ მოსაზრებას მაინც გაგაცნობთ.
სიჭინავას მოსასმენად მისულ ჩვენს კოლეგებში დიდი ინტერესი იყო - მართლა არ იცნობდა ზემოთ ნახსენები კავშირის უფროს ლევან ყიფიანს პრეზიდენტი, თუ რბილად რომ ვთქვათ, თავს იკატუნებდა. თუ ადამიანის ფსიქოლოგიაში ცოტათი მაინც ვერკვევით, პრეზიდენტი არ სტყუოდა - იგი ოპონენტს არ იცნობს.
“საქართველოში ოთხმილიონნახევარი კაცი ცხოვრობს და აქედან, მგონი, 200 ათასს თუ ვიცნობ. მერე რა, დაიქცა ამით ქვეყანა? საბედნიეროდ, საბჭოთა კავშირში აღარ ვცხოვრობთ, კაგებე-ში არ ვარ, რომ სუკ-ის აგენტებს დაკითხვაზე გავცე პასუხები”, - ამაში რომ სფფ-ის პრეზიდენტს არ დაეთანხმო, მიკერძოებად ჩაგვეთვლება. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს, ჟურნალისტები ისევ მიგვიწვიონ ექსპრეს-ბრიფინგზე და საქვეყნოდ გამოგვიცხადონ - არ ვიცნობდით და ახლა გავიცანითო.
ლირიკა რომ გვერდზე გადავდოთ, ახლა რამდენიმე საინტერესო ციფრზეც ვთქვათ. ფეხბურთის ფედერაციის 2011 წლის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარითაა განსაზღვრული და მისი სახელმწიფო დოტაციაში აღრევა არ უნდა მოხდეს (თუმცა, არაა გამორიცხული, ბიუჯეტის შემოსავლები, გარკვეული დოზით, ცენტრალური ტრანსფერითაც დაკომპლექტდეს).
აქვე ერთ გარემოებასაც დავაკონკრეტებთ. პროფესიული ფეხბურთის ლიგა (პრეზიდენტი გია ფირცხალავა) სფფ-საგან ცალკე არსებული იურიდიული ორგანიზაციაა, რომლის დამფუძნებლები ქართული საფეხბურთო კლუბები არიან. პროფლიგა ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეყანაში მიმდინარე უმეტესი საფეხბურთო ჩემპიონატებისა და ტურნირების ჩამტარებელი გახლდათ.
“პფლ-ის პრეზიდენტის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ძირითადად სახელმწიფოს დახმარებით, ჩემპიონატებისა და თასის გათამაშებათა ორგანიზებას 2010 წლის ნოემბრიდან უზრუნველყოფს ფედერაცია”, - განაცხადა სიჭინავამ.
სფფ-ის პრეზიდენტს თავის მართლება მოუწია იმის თაობაზე, რომ მას პროფლიგა არ დაუხურავს. ბუნებრივია, რაც შენ არ გაგიხსნია, მას ვერც დახურავ. სხვა საკითხია, მომავალ თანამშრომლობას როგორ ხედავ - “პფლ-ს აქვს დრო, შესაბამისად მოემზადოს, მაისში კი კვლავ დავჯდეთ კლუბებთან ერთად და გადავწყვიტოთ, შეძლებს თუ არა სახელმწიფოს დახმარების გარეშე იმ გათამაშებების ჩატარებას, რომლებსაც უწინ ატარებდა”.
სიჭინავას ამ ნათქვამში ლოგიკის მარცვალი მართლაცაა - თუ პროფლიგას ჩემპიონატის ჩატარებაში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, ამ თანხის აკუმულირებას ფედერაციაში მოახდენს (როგორც 2011 წლის დასაწყისიდან) და ორგანიზატორობასაც თავად ითავებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკმაოდ გამართლებული ცენტრალიზებული მართვის სახეობაა.
სხვა საკითხია, იმ გუნდებს (“ზესტაფონი”, “ტორპედო”) რა ეშველებათ, რომლებმაც პროფლიგის მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარე სეზონში მონაწილეობისთვის მანამდე დაწესებული საწევრო შენატანი (40 ათასი ლარი) სრულად დაფარეს. მოგეხსენებათ, პროფლიგის განცხადებისთანავე საფეხბურთო სეზონისთვის გაძღოლის უუნარობის თაობაზე, ფედერაციამ საწევრო თანხის განახევრება ბრძანა. სიჭინავას განმარტებით, მათ თავიანთი საკითხი პროფლიგასთან თავადვე უნდა გაარკვიონ.
ახლა დაგეგმვის პროცესში მყოფი ბიუჯეტის ორიოდე საინტერესო პუნქტს გავშიფრავთ. ეროვნული ნაკრების თავკაცის თემურ ქეცბაიას თვიური ხელფასი 100 ათასი დოლარია (სულ 2011 წლის განმავლობაში 2,1 მილიონი ლარი). მის ასისტენტს სოსო ჭედიას რაც შეეხება, იგი თვეში 20 ათას დოლარს (ლარებში 420000 წელიწადში) იღებს.
მათ გარდა, ფედერაციის ბიუჯეტით დასაფინანსებელთა შორის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების 52-კაციანი “სტაფია”. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, ნაკრები გუნდების მიერ მომავალ წელს გასამართი 12 ოფიციალური მატჩის სრული დაფინანსება, გუნდებისთვის შეკრებების ორგანიზება და სხვა სახსრები შედის.
წლიურ ბიუჯეტთან არავითარი კავშირი არ აქვს უეფას ჰეთ თრიქის პროგრამით მისაღებ მილიონ 280 ათას ევროს. პრეზიდენტის თქმით, ეს თანხა, ვაჟთა U-17, U-19, U-21, გოგონათა U-17, U-19 ნაკრები გუნდებისთვის, ფუტსალისტებისთვის, “გრასრუტის” პროგრამისთვის, მწვრთნელთა ლიცენზირების კურსებისა და კლუბების ლიცენზირებისთვის უნდა გაიხარჯოს.
“დღეს მართლა მიკვირს, როგორ გაძლო ამდენ ხანს ახალკაცმა ამ პოსტზე. 18 მილიონი ლარი დამხვდა ვალი, ხუთ მილიონამდე შევამცირე და ახლა მოუნდათ ფედერაციაში დაბრუნება? უეფა-ში გაკვირვებული არიან, ესტონეთთან ამხანაგურ თამაშზე 46 ათასი მაყურებელი როგორ მოვიდაო. დაფიქრდით, როგორ უყვართ საქართველოში - მაყურებელმა თავდადება დაინახა და ნაკრების თამაშს დაუბრუნდა. თუ რამ პოზიტიური გაკეთდა 2010 წელს ქართულ ფეხბურთში, ეს თემურ ქეცბაიას და მისი გუნდის დამსახურებაა. ძალიან გთხოვთ, ხელს ნუ შეგვიშლით -  თუ საქმის კეთება გინდოდათ, აქ არ იყავით ფედერაციაში?”, - ასეთი იყო სიჭინავას მონოლოგის ერთი ეპიზოდი, რომლის საკუთარ თავზე მიღება ერთბაშად რამდენიმე ექს-ჩინოვნიკს ან ჩინოვნიკობის მსურველს შეუძლია.
დავინტერესდით და რესპონდენტმა ფედერაციის გადასახდელი ვალებიც გაგვიშიფრა: მიმდინარე საგადასახადო დავალიანება - 170 ათასი ლარი, ბანკის სესხი - 3,8 მილიონი ლარი, ორგანიზაციების მიმართ დაგროვილი დავალიანება - 129 ათასი ლარი. ახლახანს სფფ-ის მიერ დაფარულ საბანკო სესხის პროცენტი - 902 ათასი ლარი. სიჭინავა ირწმუნება, რომ ფეხბურთის ფედერაციას 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ვალი აღარ ექნება.
ბოლოს, სფფ-ის პრეზიდენტი 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატთა მასპინძელი ქვეყნების დასახელებასაც შეეხო. “ბლატერმა კარგად იცის, რომ ახალი ვადით მას აღარ აირჩევენ. ეს ერთია, მაგრამ მეორეა - მის ადგილზე გაისად ფიფა-ს ახალ პრეზიდენტს რომ აირჩევენ, მან რა უნდა გააკეთოს იმის გარდა, რომ პრეზიდენტი ერქმევა. უახლოესი 3 მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი გამოვლენილია და თითქმის უსაქმოდ ყოფნა მოუწევს”.
ცნობილია, რომ 2011 წელი მსოფლიოს და ევროპის ფეხბურთშიც საარჩევნოა. გავრცელებული ინფორმაციით, ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნები იანვარში უნდა გამართულიყო, მაგრამ როგორც ზვიად სიჭინავამ განაცხადა, იგი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ერთადერთი, რაც უკვე დანამდვილებითაა ცნობილი, მომავალი წლის 21 მარტს, პარიზში, უეფა-ს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება, რომელშიც თუ მიშელ პლატინი კვლავ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას, მას ქართული ხმის იმედი უნდა ჰქონდეს.

 

ფრიდონ კერვალიშვილი
 

0.114329