ფეხბურთი

22:16 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგმა” მეოთხედფინალისკენ გაიხედა

 

 ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურში, სტუმრად ლანჩხუთის “გურიასთან” დამარცხების (1:3) შემდეგ, გელა სანაიას შეგირდებმა გუნება საქართველოს თასის 1/8-ფინალის პირველ მატჩში გამოიკეთეს. რუსთაველებმა მეტოქეს ორივე ტაიმში თითო გოლი გაუტანეს და საპასუხო დაპირისპირებამდე კარგი ჰანდიკაპი შეიქმნეს.

პირველი ლიგის “ა” ზონის ლიდერის მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა, მაგრამ ზაზა ინიაშვილის გუნდი მეტოქეს უბრძოლველად ნამდვილად არ დანებებია. მართალია, მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ორი ტაიმი ფლობდნენ, მაგრამ ერთ შემთხვევაში ფოთელებს გოლი არ ჩაუთვალეს, ხოლო ორჯერ მათი შეტევისას ბურთი “მეტალურგის” კარის ზედა ძელს მოხვდა.

შეხვედრის დაწყებიდან 10 წუთი იყო გასული გოგი ფიფიამ საჯარიმო დარტყმა რომ შეასრულა და ლაშა ძაგანიამ ნახტომში ბურთი ბოლო მომენტში კუთხურზე მოიგერია. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში, ირაკლი სიხარულიძე სამ მეტოქეს გაცდა და ძაგანიასთან პირისპირ დარჩენილმა ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.

28-ე წუთზე ფიფია “კოლხეთის” საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, ორ ფოთელს გვერდი აუარა და კარის გასწვრივ გადაცემა გააკეთა, ხოლო დავით კირკიტაძემ ნახტომში თავით ანგარიში გახსნა – 1:0.

მე-17 წუთზე, დაახლოებით 25 მეტრიდან დათა სიჭინავას “საჯარიმოს” შედეგად ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 32-ე წუთზე გიორგი ჭედიას მიერ ცაციათი მარჯვენა დაბალ კუთხეში დარტყმული ბურთი გრიგოლ ბედიაშვილმა კუთხურზე მოიგერია.

39-ე წუთზე, მარცხნიდან რევაზ გეწაძის ჩამოწოდების შემდეგ, “კოლხეთის” საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და ახლო მანძილიდან სიხარულიძეს ძაგანიამ არ გაატანინა. ორ წუთში, ფოთელთა საპასუხო შეტევის დროს, ომარ გოგონაიამ საშუალო მანძილიდან დაარტყა და ბურთი კარს ზემოდან გადაცდა.

43-ე წუთზე, ჯერ ფიფია ურტყამდა ვარდნაში, შემდეგ სიხარულიძე – შემოტრიალებით, მაგრამ უშედეგოდ. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გეწაძემ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და ძაგანიამ ბურთი გაჭირვებით მოიგერია.

მეორე ტაიმის დაწყებიდან არცთუ დიდი ხანი იყო გასული, რომ “მეტალურგის” შეტევის დროს სიხარულიძე “კოლხეთის” საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ სტუმართა მეკარეს კვლავ ვერ აჯობა. ერთ წუთში, სიხარულიძეს თავის გამოჩენის შანსი ისევ ჰქონდა, თუმცა ხელსაყრელი მომენტი კვლავ ვერ გამოიყენა.

61-ე წუთზე ფიფია მოწინააღმდეგის ერთ მცველს გაცდა და “ცაციათი” სახიფათოდ დაარტყა – ძაგანიამ ბურთი მოიგერია.

62-ე წუთზე, “კოლხეთმა” ანგარიში გაქვითა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა გოლის გამტანზე თამაშგარე დააფიქსირა და ტაბლოზეც მდგომარეობა არ შეცვლილა.

66-ე წუთზე სიჭინავამ მარცხენა ფლანგიდან “კოლხეთის” საჯარიმოში მწვავე გადაცემა გააკეთა და ჭედია ახლო მანძილიდან დარტყმას ცდილობდა, მაგრამ მცველმა დაასწრო.

68-ე წუთზე გეწაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ძაგანიამ ბურთი “თავის” კუთხეში გაუშვა – 2:0.

87-ე წუთზე ძაგანია ბურთის “ამოტანისას” შეცდა და ის პირდაპირ ჩააბარა ბექა ტუღუშს, რომლის დარტყმის შემდეგ “კოლხეთის” მეკარემ თავისი შეცდომა გამოასწორა. ერთ წუთში კი, მან გეწაძის დარტყმული გაანეიტრალა.

მატჩის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე, სიჭინავამ შორის მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი კვლავ ხარიხამ აისხლიტა.

 

საქართველოს თასი. მერვედფინალი. პირველი მატჩი 

მეტალურგი (რუსთავი) – კოლხეთი (ფოთი) 2:0 (1:0)

25 სექტემბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.

მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე (კ), თედო კაკულია, კაკუბავა, ორბელაძე, ქავთარაძე, კირკიტაძე, დობროვოლსკი (რაზმაძე, 87), გეწაძე, ფიფია (კორღალიძე, 81), სიხარულიძე (ტუღუში, 69).

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.

კოლხეთი: ძაგანია, გიორგი კილასონია, ჩადუნელი (ხოშტარია, 46), ცხვიტარია, ლემონჯავა, ლევან კაკულია (ქორჩილავა, 77), გოგონაია (კ), კრასოვსკი, ჭედია, სიჭინავა, ქანთარია (კუკავა, 58).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინიაშვილი.

გოლები: 1:0 კირკიტაძე (28), 2:0 გეწაძე (68).

გაფრთხილება: ლემონჯავა (67).

მთავარი მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

სიონი (ბოლნისი) _ ზესტაფონი 1:0 (0:0)

დილა (გორი) _ დინამო (ბათუმი) 1:0 (0:0)

გურია (ლანჩხუთი) _ მერანი (მარტვილი) 1:2 (0:1)

კოლხეთი (ხობი) _ დინამო (თბილისი) 0:9 (0:6)

ლოკომოტივი (თბილისი) _ ჩიხურა (საჩხერე) 0:3 (0:1)

ტორპედო (ქუთაისი) _ სპარტაკი (ცხინვალი) 2:2 (0:1)

მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები 30 სექტემბერს ჩატარდება.

       

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101607