კალათბურთი

0:37 | 20.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის პირველი სასტარტო და მეორე ბომბარდირობა

ზედიზედ მე-2 საკონტროლო მატჩია, მოსკოვის ცსკა-ს ქართველი ლეგიონერი მანუჩარ მარკოიშვილი საუკეთესო მოთამაშე ხდება. ბერძნულ შეკრებაზე მყოფმა რუსულმა გრანდმა ამჯერად თურქული “ბანვითი” დაამარცხა (73:72), “მანუმ” კი 14 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

ცსკა-ში გადაბარგების შემდეგ, ქართველი მცველი სასტარტო ხუთეულში პირველად გამოჩნდა და სარეკორდო 29:13 წუთში 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, აღნიშნულ მონაგარს კი 2 პასიც წაამატა.

მარკოიშვილმა ბურთი 5-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

მანუჩარის გარდა, მოსკოველთაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ სტრებკოვი (12) ასცდა, ვორონცევიჩი კი ორმაგ დუბლს “გაეთამაშა” – 8 ქულა, 8 მოხსნა.

20 სექტემბრიდან ცსკა საბერძნეთშივე ნიკოს გალისის სახელობის წინასასეზონო ტურნირში ჩაერთვება და ნახევარფინალში ათენის “პანათინაიკოსს” გაეჯიბრება. 21-ში დაგეგმილი ფინალის მე-2 საგზურისთვის მასპინძელი სალონიკის ”არისი” და ხსენებული “ბანვითი” ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121166