ფეხბურთი

0:30 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერისთვის“ ისტორია დამაიმედებელია, „რეალი“ „სოსიედადთან“ უპირატესობას ისევ ანიავებს

2014-15 წლების საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა „მანჩესტერ იუნაიტედია“. ლეგენდარული ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, „წითელმა ეშმაკებმა“ ჩვეულად ათამაშება ვერაფრით მოახერხეს. ეს მათ არც ახალი დამრიგებლის, ლუი ვან გაალის ხელში გამოსდით. ჰოლანდიელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა პრემიერლიგის პირველ 3 ტურში მოგება ვერ მოახერხა. „მანჩესტერი“ ასეთ დღეში 2006-07 წლების სეზონის შემდეგ პირველადაა. „იუნაიტედის“ გულშემატკივრების გასახარად, მათ საყვარელ გუნდს ასეთი სიტუაციიდან გამოძრომის გამოცდილება აქვს. „მანჩესტერმა“ პერმიერლიგის 3 მოუგებელი თამაშით დაწყების მიუხედავად ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო. ეს 1993 და ხსენებულ 2007 წლებში მოხდა.

„ბარნლისთვის“, რომელსაც პერმიერლიგაში კარის მშრალად შენახვა ძალიან უჭირს, „მანჩესტერთან“ გამართულ მატჩში კარის კარგად დაცვა სიახლე არაა. ამ გუნდს, პერმიერლიგაში, კარი მშრალად სულ 4-ჯერ შეუნახავს და აქედან 2-ჯერ სწორედ „მანჩესტერთან“.

„მანჩესტერისგან“ სრულიად განსხვავებული სტარტი აქვს ლონდონის „ჩელსის“, რომელმაც მე-3 თამაშიც მოიგო. ჟოზე მოურინიოს გუნდის წარმატება, დიდწილად, ესპანეთიდან გადმობირებული 2 ფეხბურთელის, დიეგო კოსტასა და სესკ ფაბრეგასის დამსახურებაა. „ატლეტიკოს“ ყოფილმა თავდამსმხელმა, პრემიერლიგის პირველ 3 თამაშში უკვე 4 გოლი გაიტანა. შედარებისთვის, ფერნანდო ტორესს ამდენი გოლის გასატანად 39 თამაში დასჭირდა.

დიეგო კოსტა „ჩელსის“ ისტორიაში მე-2 ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგაში თავის პირველ სამ თამაშში გოლის გატანა მოახერხა. პირველად ეს ადრიან მუტუმ შეძლო. პრემიერლიგის ისტორიაში ასეთი რამ სულ 8 ფეხბურთელს გაუკეთებია.

„ევერტონის“ კარში გოლის გასატანად დიეგო კოსტას მხოლოდ 33 წამი დასჭირდა, რაც „ჩელსის“ ისტორიაში მე-3 ყველაზე სწრაფი გოლია. ამაზე მცირე დროში მეტოქის კარი მხოლოდ ჯონ სპენსერს (17 წამი) და ეიდორ გუდიონსენს (27 წამი) აუღიათ. საინტერესოა, რომ ამ სამ გოლს შორის დაშორება 10-10 წელია - სპენსერმა 1994 წელს გაიტანა, გუდიონსენმა 2004 წელს, ხოლო კოსტამ 2014 წელს.

დიეგო კოსტა ერთადერთი ფეხბურთელი არ ყოფილა, რომელმაც „ევერტონისა“ და „ჩელსის“ დაპირისპირებაში სწრაფი გოლი გაიტანა. ბრანისლავ ივანოვიჩის დარტყმის წყალობით, ლონდონელები მე-3 წუთზე უკვე 2:0 იგებდნენ, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ჩელსის“ წარმატება, დიეგო კოსტას გარდა, სესკ ფაბრეგასის დამსახურებაცაა. ესპანელი ნახევარმცველის ანგარიშზე 3 თამაშში გაკეთებული 4 საგოლე გადაცემაა. „გუდისონ პარკზე“ მისი წარმატებული თამაში გასაკვირი ნამდვილად არაა. ამ სტადიონზე გამართულ ბოლო 3 შეხვედრაში მან თავი 3 გოლითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ჟოზე მოურინიოს ფეხბურთელებმა „ევერტონს“ 5 გოლი გაუტანეს, ერთხელ კი ლივერპულელმა ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. სეიმუს კოულმანის უიღბლო თამაშის შემდეგ, „ევერტონს“ პრემიერლიგის ისტორიაში 44 ავტოგოლი დაუგროვდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

„ჩელსიმ“ 6 გოლი კი გაიტანა, მაგრამ თავად 3 გაუშვა. აქედან პირველს და მესამეს გამოვარჩევთ. 45-ე წუთზე, კევინ მირალასმა ანგარიში 1:2 გახადა. ეს გოლი აღსანიშნავი იმითაა, რომ „ევერტონმა“, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გატანა მიმდინარე გათამაშების სამივე შეხვედრაში მოახერხა. 76-ე წუთზე, თავის ყოფილ კლუბს გაუტანა სამუელ ეტო’ომ. კამერუნელმა პერმიერლიგაში თავი მეათედ გამოიჩინა და პირველად მოხდა, რომ მან „სტემფორდ ბრიჯის“ გარდა სხვა სტადიონზეც გაიტანა.

მე-3 ტური წარმატებული გამოდგა „ლივერპულისთვისაც“, რომელმაც აქამდე ლიდერი „ტოტენჰემი“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. მერსისაიდელებმა გოლი ზედიზედ მე-16 გასვლით თამაშში გაიტანეს, რაც ინგლისის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეორედ მოხდა. პირველად „ლივერპულმა“ ეს 1987-88 წლებში გააკეთა.

„ტოტენჰემის“ კარში პირველი გოლი რაჰემ სტერლინგმა გაიტანა. 19 წლის ფეხბურთელს პრემიერლიგაში სულ 13-ჯერ გაუტანია და აქედან 3-ჯერ მან იმ გუნდის კარი აიღო, რომელიც გათამაშებას ლიდერობდა. სტერლინგი, ოუენისა და რუნის შემდეგ, მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც ეს მანამ მოახერხა, სანამ 20 წელი შეუსულდებოდა.

„ლივერპულის“ ასეთი იოლი მოგება გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი სტივენ ჯერარდი შეტევაში არცთუ კარგად გამოიყურებოდა. 34 წლის ნახევარმცველის მიერ მეტოქის ნახევარზე გაკეთებული გადაცემებიდან ზუსტი მხოლოდ 59% გამოდგა.

 

გასული უქმეების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა „რეალის“ წაგება იყო. მადრიდელები „სოსიედადთან“ გამართული მატჩის მე-11 წუთზე 2:0 იგებდნენ, მაგრამ შემდეგ მათ 4 უპასუხო ბურთი გაუშვეს. „სამეფო კლუბმა“ ორბურთიანი უპირატესობა ხელიდან ბოლოს 2013 წლის მაისში გაუშვა და მისი მეტოქე მაშინაც „სოსიედადი“ იყო. რაც შეეხება 2 ბურთით დაწინაურების შემდეგ მარცხს, ასეთი რამ „რეალს“ 2006 წლის შემდეგ პირველად შეემთხვა. 8 წლის წინათ, მადრიდელები „სევილიასთან“ 3:4 დამარცხდნენ.

„რეალისგან“ განსხვავებით, მე-2 თამაშიც მოიგო „ბარსელონამ“, რომელიც გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს. 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის პირველი 2 თამაშის მოგება მხოლოდ ერთმა გუნდმა მოახერხა. 5 წლის წინათ, ლიდერად კიდევ ერთი კატალონიური გუნდი, „ესპანიოლი“ მოგვევლინა.

„ბარსელონა“, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, კიდევ რამდენიმე მაჩვენებლითაა გამორჩეული. მხოლოდ ლუის ენრიკეს გუნდმა მოახერხა ორივე კარის მშრალად შენახვა და ეს გასაკვირი სულაც არაა იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიელთა კარში ზუსტად ჯერ არცერთ გუნდს არ დაურტყამს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ბარსელონას“ ფეხბურთელების საშუალო სიმაღლე მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც ჩანს, ლუის ენრიკე ამის გუნდის სასიკეთოდ გამოყენებას აპირებს და კატალონიელებს მაღალი ჩაწოდებებით თამაშს აჩვევს. „ვილიარეალთან“ გამართულ შეხვედრაში, „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა საჯარიმოში ბურთი 40-ჯერ ჩააწოდეს, რაც მიმდინარე გათამაშების რეკორდია.

„ბარსელონაში“ პასების ახალ გამანაწილებლად კი ივან რაკიტიჩი მოგვევლინა, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩავის შეცვლა დაევალება. ხორვატმა ფეხბურთელმა, პირველ 2 მატჩში 211 გადაცემა გააკეთა, რაც მთელს ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

თუ „ბარსელონა“ მაღალი გადაცემების მომატებას აპირებს, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, მადრიდის „ატელტიკოს“ ეს კომპონენტი უკვე ძალიან კარგად აქვს დამუშავებული. დიეგო სიმეონეს გუნდმა „ეიბარი“ 2:1 დაამარცხა და დედაქალაქელებმა ორივე გოლი თავით გაიტანეს. „ატლეტიკოს“ მიერ ლა ლიგაში გატანილი ბოლო 13 ბურთიდან 10 თავური დარტყმის შემდეგ გავიდა და დიდი ალბათობით, ეს სტასტისტიკა დიდად არც მოგვიანებით შეიცვლება. მადრიდელებმა ხომ მარიო მანჯუკიჩი დაიმატეს, რომელმაც 2013-14 წლების სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული თავით 8 გოლი გაიტანა, რაც ევროპის წამყვან ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.

 

დაიწყო იტალიის ჩემპიონატიც, რომელსაც „მილანის“ გულშემატკივრები იმედიანად ხვდებიან. ახალი მწვრთნელის, ფილიპო ინძაგის დამოძღვრილი მილანელები შეტევაში ეფექტურად გამოიყურებოდნენ. მათ ჩემპიონატის პირველი 3 ზუსტი დარტყმა გოლად აქციეს.

მიმდინარე სეზონი პირველია 2010-11 წლების სეზონის შემდეგ, რომელშიც „მილანმა“ სერია A-ს პირველი თამაში მოიგო. შეგახსენებთ, რომ 4 წლის წინათ „როსონერიმ“ კარგად დაწყებული საქმე ჩემპიონობით დააგვირგვინა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელების ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური გადაღლილობა პრობლემას არაერთ გუნდს უქმნის, რასაც „მილანზე“ ვერ ვიტყვით. „როსონერი“ მსოფლიოს ჩემპიონატის მომდევნო სეზონში იტალიის ჩემპიონი 6-ჯერ გამხდარა, რაც იტალიაში საუკეთესო შედეგია.

„მილანის“ ყოფილ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსში“ წარმატებული დებიუტი ჰქონდა. ტურინელებმა ჩემპიონატის პირველი მატჩი ისტორიაში 52-ედ მოიგეს. ასეთი შედეგი არცერთ იტალიურ გუნდს არ აქვს.

„ბებერი სინიორას“ თამაშიდან აღსანიშნავია ბურთის ფლობის მაღალი პროცენტი. ტურინელები ბურთს სათამაშო დროის 74.1%-ის განმავლობაში ფლობდნენ. ასეთი რამ 2011 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

სამირ ჰანდანოვიჩმა „ინტერი“ სეზონის სტარტზე წაგებისგან იხსნა. სლოვენიელმა მეკარემ, „ტორინოსთან“ გამართულ მატჩში, თერთმეტმეტრიანი მოიგერია. ბოლო 5 წლის განმავლობაში მან მეტოქეებს მე-14 პენალტი აუღო. ამ დროის განმავლობაში, იტალიაში, არცერთ მეკარეს 7 თერთმეტმეტრიანზე მეტი არ მოუგერიებია.

იმავე მატჩის მიწურულს მოედნიდან „ინტერის“ ახალწვეული ნემანია ვიდიჩი გააძევეს. როგორც ჩანს, სერბი ცენტრალური მცველი იტალიაშიც ისევე აპირებს თამაშს, როგორც ინგლისში - პრემიერლიგაში გამოსვლის დროს, მას წითელი ბარათი 6-ჯერ უჩვენეს, რაც ტურნირის რეკორდია.

ჩემპიონატი მოგებით დაიწყო „ნაპოლიმაც“, რომლის პირველი გოლი ხოსე კალიეხონმა გაიტანა. აღვნიშნავთ, რომ წინა სეზონშიც, ნეაპოლელთა მხრიდან თავი პირველად ესპანელმა შემტევმა გამოიჩინა.

 

გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრები კვირა დღის მატჩებით უკმაყოფილონი დარჩებოდნენ. ბუნდელისიგს ბოლო 2 შეხვედრა 0:0 დასრულდა. 2001 წლის 9 დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ბუნდსლიგაში კვირა დღის მატჩებში არცერთი გოლი არ გასულა.

სამაგიეროდ, გოლები შაბათს გავიდა. ერთ-ერთი მათგანის ავტორი რობერტ ლევანდოვსკია, რომელმაც „ბაიერნის“ მაისურით ბუნდესლიგაში სადებიუტო ბურთი გაიტანა. საინტერესოა, რომ მან როგორც „დორტმუნდის“, ასევე „ბაიერნის“ მაისურით გერმანიის ჩემპიონატის პირველი გოლი „შალკეს“ გაუტანა.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც მიმდინარე გათამაშების ორივე თამაში მოიგო, „ლევერკუზენია“. როჯერ შმიდტის გუნდმა ბუნდესლიგის ისტორიაში ანტირეკორდის მფლობელი „ჰერტა“ დაამარცხა. ბერლინელების მიერ „ლევერკუზენთან“ გამართულ მატჩში გაკეთებული პასებიდან ზუსტი მხოლოდ 46% იყო, რაც ტურნირის ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

 

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში „პარი სენ ჟერმენმა“ „სენტ ეტიენი“ 5:0 გაანადგურა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელების 4 გოლს „მწვანეების“ მეკარემ, სტეფან რუფიემ ერთი ავტოგოლი დაამატა. საწყის 4 ტურში „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელებმა ბურთი კარში უკვე 2-ჯერ ჩაჭრეს. არადა, წინა 3 გათამაშებაში ამ გუნდზე მხოლოდ 1 ავტოგოლი მოდის.

„ლიონის“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა ლიგა ერთის საწყისი 4 თამაშიდან 3 წააგო. უბერ ფურნიეს გუნდი უქულოდ შეხვედრის მიწურულს გაშვებული 2 გოლის გამო დარჩა. ერთ-ერთ მათგანი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გავიდა. ეს იყო მე-3 პენალტი ბოლო 3 ტურში, რომელიც მსაჯებმა „მეცის“ სასარგებლოდ დანიშნეს.

 

ჰოლანდიის ჩემპიონატში, „ფეიენორდის“ თავდამსხმელები ნამდვილად ვერ ბრწყინავენ. პირველ 4 ტურში მათ მხოლოდ 3 გოლი გაიტანეს, რაცა 1991-92 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა. ეს მაჩვენებელი ერთით მეტი იქნებოდა, მიჩელ ტე ვრედეს „ტვენტეს“ კარში დანიშნული პენალტი რომ გამოეყენებინა, მაგრამ „ფეიენორდმა“, ერედივიზიონში ზედიზედ მე-4 თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

„ტვენტესა“ და „ფეიენორდს“ შორის გამართული თამაში უგოლოდ დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ტვენტე“ პირველი გუნდია 2010 წლის შემდეგ, რომელმაც ერედივიზიონის პირველ 4 ტურში მეტოქეებთან ქულები 4-ჯერ გაიყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134467