ფეხბურთი

21:20 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მალხაზ ჟვანია: “ჩიხურა” ძალიან ბრძოლისუნარიანი გუნდია”

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ საქართველოს თასის ფინალამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მისი შეგირდები მეორე ტიტულის მოსაპოვებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.

მალხაზ ჟვანია: “თავდაპირველად ბოდიშს მოვიხდი, რომ პრესკონფერენციაზე ფეხბურთელი არ წამოვიყვანე. 7 საათზე ვარჯიში გვქონდა და გვერჩივნა ის გუნდთან ერთად ყოფილიყო. გუნდი სრულ მზადყოფნაშია. ერთი ტიტული მოვიგეთ და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ მეორეც მოვიგოთ. 

-ტრავმირებული ფეხბურთელები თუ გყავთ?

-ყველა მწყობრშია, არავინაა ტრავმირებული.

-საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში ორი ფეხბურთელი, ცინცაძე და პაპუნაშვილი არ გაუშვით. ისინი მომავალ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში თუ იქნებიან?

-სწორედ იმიტომ არ გავუშვით, რომ სასტარტოში იქნებიან.

-სეზონის დასრულების შემდეგ “დინამოში” რა ცვლილებები იგეგმება?

-ჯერჯერობით არაფერი ვიცით. მთელი გუნდი ხვალინდელი თამაშისთვის ემზადება.

-“ჩიხურას” მწვრთნელმა “დინამოს” მინუსებზე ისაუბრა. საჩხერელებს რა მინუსები აქვთ?

-ყველა გუნდს აქვს პლიუსი და მინუსი. “ჩიხურა” ძალიან ბრძოლისუნარიანი გუნდია და 90 წუთი თამაში შეუძლია. გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, ძალიან კარგი მეკარე ჰყავს, ოდიკაძე კარგი მოთამაშეა, გაბედავა მებრძოლი ხასიათის ფეხბურთელია. შევეცდებით მეტოქის წინა ხაზი შევაჩეროთ და ჩვენ შევუტიოთ. 

-საჩხერელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ.

-ხვალ გამოჩნდება ვინაა ტრავმირებული და ვინ არა.

-თქვენს მომავალთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტთან ხომ არ გისაუბრიათ?

-პრეზიდენტთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, იმედია ფინალის შემდეგაც შევხდებით და გავისაუბრებთ. ჯერჯერობით სხვა გუნდში გადასვლას არ ვგეგმავ.

“ჩიხურასგან” განსხვავებით “დინამოს” მიხეილ მესხზე არ უვარჯიშია. ამის ოფიციალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ წვიმიანი ამინდის გამო თბილისელები მინდვრის საფარს გაუფრთხილდნენ.

საქართველოს თასის ფინალი 21 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 2 ლარია. ფინალს პირდაპირი ეთერით საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი გადასცემს. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114495