ფეხბურთი

21:00 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი – ტკივილზე, სახელად ქართული ფეხბურთი

"როცა ფედერაციაში გეგმა და ხედვა არ ჩანს, ცვლილებები აუცილებელი ხდება"


"მსოფლიო სპორტმა" ლევან კობიაშვილთან ინტერვიუ ზუსტად ერთი კვირის წინ შემოგთავაზათ, როცა მან გერმანია-არგენტინის ფინალის წინ ისაუბრა და მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატს შეეხო. ამჯერად კი ჩვენთვის უმთავრეს ტკივილზე - ქართულ ფეხბურთზე.

-  კარიერა დაასრულეთ, თბილისში ხართ და ბევრი ელის, რა კუთხით იმუშავებთ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.

- დიახ, მე ვთქვი, რომ აქტიურად ჩავერთვებოდი ქართულ ფეხბურთში. უკეთ ვეცნობი სიტუაციას, ინფორმაციებს ვიღებ. შორს არ ვდგავარ.

- გერმანიაში თამაშთან ერთად, ბოლო წლებში სამენეჯერო ინსტიტუტში იღებდით ცოდნას. უფრო კონკრეტულად გვითხარით ამის შესახებ.

- წელიწადზე მეტია, რაც სამენეჯერო სკოლაში ვსწავლობ. წლეულს დეკემბრის ბოლოს გამოცდებია. ესაა 18-თვიანი კურსი და ყოველ სამ თვეში ერთხელ არის გამოცდები, ხოლო დეკემბერში საერთო გამოცდაა. სხვადასხვა თემებია: მენეჯმენტი, მარკეტინგი. 5 ასეთი გამოცდაა და 4 მაინც უნდა ჩააბარო წარმატებით, რომ საბოლოო გამოცდაზე გახვიდე. ჩემი სფერო არის ზოგადად სპორტი, რა არის საჭირო სპორტის ამა თუ იმ სახეობის მართვისთვის. რა თქმა უნდა, ამაში შედის ფეხბურთიც.

- პირდაპირ გკითხვათ: სფფ-ის პრეზიდენტობის არჩევნებზე კანდიდატურას წამოაყენებთ?

- ასე პირდაპირ ჯერ ვერ გეტყვით. ჩემი მიზანი ის არაა, რომ მაინცდამაინც შენობაში ვიყო და კაბინეტში დავჯდე. მინდა, ამ თვეების განმავლობაში მაქსიმალურად შევისწავლო მდგომარეობა და უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ გავაკეთებ იმას, რაც წარმომიდგენია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. როდის არის პრეზიდენტობის არჩევნები, ჯერ კაცმა არ იცის. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ გაისად იქნება კონკრეტულად ერთ დღეს. ასე რომ, პრეზიდენტობისთვის ვემზადები-მეთქი, რომ ვთქვა, არ ვიქნები მართალი.

- ფაქტობრივად, ბოლო თვეები გაილია ერთ საკითხზე დავაში – რამდენგუნდიანი იქნება ეროვნული ჩემპიონატი. ეს ნორმალურად მიგაჩნიათ?

- ჩვენი უარყოფითი მხარე ისიც არის, რომ რამე ცუდი თუ ხდება, იმას ჩავკირკიტებთ და საიდან წამოვიდა ეს პრობლემა, ამას არ ვაქცევთ ყურადღებას. ბოლო 5 წელიწადში მუდმივად იცვლება უმაღლესი ლიგის ჩატარების სისტემა. ეს მოდის იქიდან, რომ თავიდანვე არასწორადაა დაგეგმილი ფეხბურთის განვითარება. ყოველწლიურად უკმაყოფილო როგორ უნდა იყო ჩემპიონატის სისტემით? ესე იგი, თავიდანვე არასწორად დაგეგმე. აქცენტი გადატანილია ჩხუბზე და კამათზე, "მე ასე მინდა", "არა, მე სხვანაირად მინდა" და ასე შემდეგ. გამოდის, რომ ფეხბურთის ფედერაციას გეგმა და სტრატეგია არ გააჩნია. ეს 12 თუ 16-გუნდიანობის თემაც ხელოვნურადაა შექმნილი ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა მიმართულებით მიდის ფედერაცია.

... აქვე ნაკრებზეც: ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება ასაკობრივმა და ეროვნულმა ნაკრებებმა მკვეთრად განსხვავებული სისტემით იმუშაონ. რამდენი ხანია, მიდის საუბარი, რომ ერთ სისტემაში მოქცეულიყო, მაგრამ ვერ ვეღირსეთ. გერმანიაში ყველა ასაკობრივი ეროვნულზეა მისადაგებული. ფეხბურთელი 17-წლამდელებიდან 19-წლამდელებში რომ გადადის, უკვე იცის, იქ რა უნდა გააკეთოს და შეგუება ოდნავადაც არ უჭირს. 21-წლამდელებიდან ეროვნულში რომ გადადის, იქაც ჩვეულებრივ იგივე სისტემა ხვდება. იცვლება მხოლოდ ფეხბურთელის სახელი და გვარი. ასეა გერმანიაში და ასეა სხვა ქვეყნებშიც. დავიჯერო, ამის გაკეთებას განსაკუთრებული რამ სჭირდება? მე როცა ფედერაციის ხელმძღვანელი ვარ, აუცილებლად ვალაგებ სისტემას და ვხდი იდენტურს, რათა ახალგაზრდამ ეტაპობრივად გაიაროს გზა ეროვნულ ნაკრებამდე და იქ მივიდეს მომზადებულ-შეგუებული.

... მწვრთნელები უნდა ირჩეოდეს არა სახელის და ვიღაცის პირადი ინტერესების მიხედვით, არამედ იმით, თუ რამდენად ესადაგება კონკრეტულ სათამაშო სისტემასა და ფილოსოფიას. შესაძლოა, ერთ კონკრეტულ შეხვედრაში შეცვალო ტაქტიკა, რატომაც არა. მაგრამ მთლიანობაში ერთ სისტემაში რომ უნდა იყოს მოქცეული ყველა ნაკრები, ამას დიდი ცოდნა სჭირდება? გერმანიაში ასეა: არის მწვრთნელთა საბჭო, რომელიც არჩევს, ვის რა ფილოსოფია აქვს და იმის მიხედვით ნიშნავენ მწვრთნელს ამა თუ იმ ნაკრებში. ახლა "ნიურნბერგში" მწვრთნელად მოიყვანეს ყოფილი ფეხბურთელი ვალერიან ისმაეილი, ახალგაზრდა სპეციალისტი. ხომ შეეძლოთ, ვინმე სახელიანი და გამოცდილი მოეყვანათ, მაგრამ ისმაელი აარჩიეს იმიტომ, რომ მათ სათამაშო სტრატეგიას ესადაგება.

... როცა გეგმა არაა და ხედვა არ ჩანს, იქ უკვე აუცილებელია ცვლილებები. ფედერაციას დაკარგული აქვს ნდობა, იმიტომ რომ ამდენი პრეცენდენტია გარიგებული თამაშებისა და ყველაფერ იმისა, რაც ჩამოვთვალე. ნდობა რომ არ აქვს, იქიდანაც ჩანს, რომ ამდენი წლის განმავლობაში, ელემენატრულად ერთი სპონსორი ვერ მოიყვანეს. სტადიონი თუ ბაზა გავსებულია მხოლოდ სფფ-ის, ფიფასა და უეფას ბანერებით.

- თქვენ პირადად გისაუბრიათ ამ თემებზე ზვიად სიჭინავასთან ან რევაზ არველაძესთან?

- არა. რა სტატუსით უნდა მესაუბრა... ერთი უნდა ვთქვა: არა მგონია, ხალხი მხოლოდ იმიტომ არ დადიოდეს სტადიონზე, რომ დაბალი სათამაშო დონეა. ბევრმა არც იცის, რომ ჩემპიონატის მატჩი ტარდება. ეს ბიზნესია და ბიზნესში სტრატეგია თუ არ გაქვს, სწორ გზაზე სვლა წარმოუდგენელია. ან რაიმე სახის რეკლამირება მოხდეს ჩემპიონატისა, ან გულშემატკივრისთვის საინტერესო რამ დაგეგმონ, რომ მიიზიდონ. ჩატეხილია ხიდი ქომაგებსა და ფეხბურთელებს შორის, არადა, შეხვედრები როგორი სასარგებლოა, გულშემატკივრებსაც უხარიათ და ფეხბურთელსაც სიამოვნებს ყურადღება. მსგავსი არაფერი ხდება.

... დღეს ფედერაციას რაც საამაყო აქვს, ეს არის ასაკობრივი ნაკრებების წარმატებული თამაში, თუმცა დათვალონ, საიდან მოდიან ეს ჭაბუკები და ახალგაზრდები: "საბურთალო", "ლოკომოტივი", "დინამო". უფრო მეტად უნდა დაუდგნენ გვერდში ამ კლუბებს, მაგრამ ყოველთვის რაღაცას ეძებენ. ფედერაციის პლუსია ასევე "ბასას" კეთილმოწყობა. კი, არის იქ ბევრი შენიშვნები, ბევრი რამ არაა მოწესრიგებული და საერთოდაც, სახელწიფოს ფულით მოხერხდა კეთილმოწყობა, მაგრამ ფაქტია, გაკეთდა. ეს უნდა დავუფასოთ. რაც კარგია, იმაზე უნდა ითქვას. სხვა მხრივ კი, დადებითს ვერაფერს ვხედავ. ფეხბურთის ფედერაციას არ აქვს გეგმა და ხედვა. რაზეა საუბარი, როცა 2 წლის წინ ნახევარი საქართველო არჩევდა, ვინ იყო ჩემპიონი – "მეტალურგი" თუ 'ზესტაფონი".

... ფედერაციაში გადაწყვეტილებებს იღებენ კონკრეტული პიროვნებების ინტერესებიდან გამომდინარე. ფედერაციის ხელმძღვანელებს კი ვუსურვებ, რომ დარჩენილი დრო, სანამ სათავეში არიან, გამოიყენონ. ამასთან, კარგად ვიცი, რომ ფედერაციაში არიან თავისი საქმის პროფესიონალები, მართლაც პატიოსანი და მუშა ხალხიც. 

- თემურ ქეცბაიას ნაკრებში მუშაობას როგორ შეაფასებთ?

- დადებითი რა უნდა დავინახო... საერთოდ, მაინტერესებს, რა მოგვცა ბოლოს გამართულმა ორმა მატჩმა საუდის არაბეთთან და გაერთიანებულ საემიროებთან. რა დატვირთვა ჰქონდა, რა ანალიზი გაკეთდა, რა მიიღო ამით გუნდმა. ეს ყველაფერი იმალება. მარტო იმის თქმა, რომ ვიბრძოლეთ და ვიბრძოლებთ, არ შველის.       

-  სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებაზე რას იტყოდით?

- ზოგადად კარგია, რომ სახელმწიფო ფეხბურთით ასე დაინტერესდა და საქმეს ხელი მოჰკიდა, მაგრამ ეს ფული სწორად უნდა დაიხარჯოს. ფული თუ მხოლოდ კლუბებზე გადანაწილდა, მათ სახელფასო ბიუჯეტში წავიდა და ინფრასტრუქტურის განვითარებას არ მოხმარდა, ამით შედეგი არ იქნება. ფული უნდა ჩაიდოს ასევე სპორტულ მედიცინაში. ეს ხალხის ნამუშევარი ფულია და ხალხს სულაც არ აწყობს, რომ მათ მიერ ოფლით მოპოვებული მხოლოდ კლუბების წარმომადგენელთა ხელფასებს მოხმარდეს. როგორ ხდებოდა ადრე? კლუბის ხელმძღვანელი მივიდოდა რაიონის გუბერნატორთან და ისიც აძლევდა მაგალითად 1 მილიონს, აიღე და ერთი წელი თავი დამანებეო. ამიტომაც, ახლა სახელმწიფო რა თანხასაც გამოჰყოფს, ისე უნდა დაიხარჯოს, რომ შემდეგ საბიუჯეტო სისტემა კერძო სექტორმა ჩაანაცვლოს. სხვაგვარად, ეს გადაყრილი ფული იქნება და არა მგონია, მთავრობა ამას დათანხმდეს.

...…ქართული ფეხბურთი არც ჩემია, არც თქვენი და კონკრეტულად არც არავისი. ეს ხალხისაა. დღეს, იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, საზოგადოებას დაკარგული აქვს ნდობა ფედერაციის მიმართ და ითხოვს ცვლილებებს. და ეს ცვლილებები იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13592