რაგბი

20:06 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ლომიძე: “ასეთ დასაწყისს არც მე ველოდი”

 

“მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა, 22 წლის ლაშა ლომიძემ საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში სადებიუტო მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, “აჟენთან” 31:27 მოგებულ შეხვედრაში ლელო გაიტანა, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და კვირის გუნდშიც (Pro D2-ის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები) მოხვდა.

ლომიძის სანაკრებო დებიუტი 2013 წლის თებერვალში, რუსეთის ნაკრებთან შედგა, ივნისში გამართულ “თბილისის თასზე” კი, სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. “აკადემიის” აღზრდილი მორაგბე უკვე 2 წელია საფრანგეთში და აქამდე Top 14-ის “მონპელიეს” დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, ზაფხულში კი “ბეზიეს” მიაშურა და არც შემცდარა. იმედია, ელიტაში თამაში მის შესაძლებლობებს კიდევ უფრო წარმოაჩენს და 2015 წლის მსოფლიო თასისთვის “ბორჯღალოსანთა” შერკინების მეორე-მესამე ხაზში კონკურენცია გაიზრდება.

“მსოფლიო სპორტი” ლომიძეს საფრანგეთში დაუკავშირდა და უწინარესად, რაგბიში მის მიერ განვლილი გზით დაინტერესდა:

-       15 წლიდან თბილისის “აკადემიაში” ვთამაშობდი, 20 წლისა კი, საფრანგეთში წავედი და ორი წელიწადი “მონპელიეს” “ესპუარებში” გავატარე. ამ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებდა, მაგრამ “ბეზიესგან” შეთავაზება რომ მივიღე, მათთან კონტრაქტი გავწყვიტე და აქ წამოვედი. მიზეზი მარტივია - იქ დუბლებში მიწევდა თამაში, შანსი თითქმის არ მეძლეოდა, აქ კი, პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ.  

-       “ბეზიეში” როგორ მოხვდით?

-       გუნდმა მესამეხაზელის ძებნა დაიწყო და დიდიე ბესის დაუკავშირდა, რომელიც “მონპელიეში” ჩვენი, დუბლების მწვრთნელი იყო. მას მთელს საფრანგეთში ძალიან კარგი სახელი აქვს და დაფასებული სპეციალისტია, მის სიტყვას ყველა ენდობა. დიდიემ ჩემი ვარიანტი შესთავაზა, რომელმაც იცოდა, რომ “მონპელიედან” წასვლა მსურდა და ასე აღმოვჩნდი “ბეზიეში”.

-       თქვენ ხომ მეორე ხაზში თამაშობდით?

-       “მონპელიეში” ბოლო 1 წელი მესამე ხაზში ვთამაშე. ეს ნაკრებში დამაყენეს მეორე ხაზში და საჭიროების შემთხვევაში ორივე რგოლში შემიძლია თამაში. მანამდე 20-წლამდელთა ნაკრებში მქონდა 8 ნომერზე ნათამაშები, ახლა კი, 7 ნომერს ვთამაშობ.

-       თქვენი საყვარელი პოზიცია რომელია?

-       7 ნომერზე თამაში მირჩევნია. 8 ნომერი ცოტა სხვა სათამაშოა, ხოლო 6-7 ნომერზე თამაშისას მეტი თავისუფლება გაქვს. მიუხედავად ამისა, “ბეზიეში” გადასვლისას მე მწვრთნელებისთვის პოზიციასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ წამიყენებია და ან ამას როგორ ვიზამდი?! მათ ვარჯიშებიდან გამომდინარე თავად მიიღეს ჩემი 7 ნომერზე დაყენების გადაწყვეტილება.

-       მოდით ცოტა ხნით “მონპელიეს” დავუბრუნდეთ და მამუკა გორგოძის გუნდიდან გაცილების ამბავი მოგვიყევით.

-       გულშემატკივრებს ძალიან დაწყდათ გული. მამუკა ძალიან უყვარდათ. გორგოძეს მწვრთნელებთან მოუვიდა უთანხმოება, თორემ თანაგუნდელებთან და  გულშემატკივრებთან საუცხოო ურთიერთობა ჰქონდა. ალბათ ნახავდით როგორი გაცილება მოუწყვეს. საფინალო სასტვენის შემდეგ ფეხი არავის მოუცვლია და 18 ათასი ადამიანი ფეხზე დამდგარი, ტაშით აცილებდა საყვარელ მოთამაშეს. ასეთი რამ აქამდე არ მინახავს. ყველა მამუკას გაიძახდა, ორი წრე დაარტყმევინეს სტადიონზე და არც ამის შემდეგ დამშვიდდნენ. მამუკას რომ შევხედე, ლამის ამეტირა ისეთი სახე ჰქონდა.

-       23 აგვისტოს, ალბათ, აქამდე ჩატარებულ თამაშებს შორის კარიერის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გქონდათ.

-       თუნდაც სანაკრებო მატჩები რომ ავიღოთ, ამ დონის თამაშში აქამდე მონაწილეობა მართლაც არ მიმიღია. ძალიან დიდი სიამოვნებაა ასეთი დონის ვარსკვლავების მხარდახარ, თუნდაც მეტოქეების წინააღმდეგ თამაში. თავიდან მაგრად ვნერვიულობდი, არ ვიცოდი თამაში როგორ წამივიდოდა. მაგრამ შეხვედრა რომ დაიწყო და შევატყე შემეძლო, მოვინდომე და ყველაფერი კარგად გამომივიდა. პირველი თამაშის ასე ჩატარების შემდეგ, პასუხისმგებლობა გაიზარდა და ცოტა არ იყოს მეშინია, მომდევნო შეხვედრები იგივე დონეზე რომ ვერ ჩავატარო.

-       ლელო რა სიტუაციაში გაიტანეთ?

-       მეტოქის 5-მეტრიანში ვიყავით, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ რაქიდან მოვიპარე ბურთი და შევუტიე. წინ ორი მცველი დამხვდა, მაგრამ თანაგუნდელი დამეხმარა და ბურთი ჩათვლის მოედანში შევიტანე. დაძაბული თამაში იყო. ორივემ სამ-სამი ლელო გავიტანეთ, მაგრამ გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ. “აჟენს” შერკინებაში ვაჯობეთ, დერეფნები მოვუგეთ, უბრალოდ, შეცდომები დავუშვით და ორი მიღებული ლელო ამის შედეგი იყო.

-       დიდია სხვაობა ელიტა 2-სა და “მონპელიეს” “ესპუარებს” შორის?

-       სხვაობა ძალიან დიდია. აქ აბსოლიტურად განსხვავებული თამაშები მიდის და ბევრად დიდია დატვირთვები. ტემპიც უფრო მაღალია და ბევრად ძლიერი მოწინააღმდეგეები გყავს. აქ მრავლად არიან ასაკოვანი, გამოცდილი მორაგბეები. უმრავლესობას თოპ 14-ი აქვს ნათამაშები.

-       პირველი თამაშის შემდეგ მწვრთნელებისგან როგორი შეფასება მიიღეთ?

-       გუნდში ჩატარდა გამოკითხვა, რომელიც ყოველი თამაშის შემდეგ ტარდება და მწვრთნელებმა და თანაგუნდელებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. გარდა ამისა, კვირის გუნდში მოვხვდი, რაც ჩემთვის დიდი პატივია.

-       “ბეზიეს” წელს რა მიზნები აქვს?

-       გუნდში 3-4 წლიანი გეგმაა და მისი მიხედვით გასულ სეზონში მიზანი 10-ეულში შესვლა იყო, წელს კი, პლეი ოფის საგზურისთვის ვიბრძოლებთ. იქ უკვე არავინ იცის რა მოხდება. “ბეზიე” ისტორიული გუნდია, რომელსაც 11-ჯერ აქვს ჩემპიონატი მოგებული, უკვე დიდი ხანია თოპ 14-ში აღარ უთამაშია და წელს იქ დასაბრუნებლად ვიბრძოლებთ.

-       “ბეზიეში” ერთადერთი ქართველი ხართ და ხომ არ გაგიჭირდათ გუნდთან შეგუება?

-       აქ ქართველებს ადრეც უთამაშიათ. პირველ გუნდში კი მარტო ვარ, მაგრამ დუბლებში მინდია ელგუჯაური თამაშობს. ძალიან მაგარი სიტუაციაა და პრობლემა არ შემქმნია. შეკრული გუნდია. ახლა ბაზაზე ვცხოვრობ. აქ პირველი გუნდის 12 წევრი ვართ დაბინავებული და ერთი ოჯახივით ვართ. ბაზაზე უმეტესად ფიჯელები და ზელანდიელები ცხოვრობენ. ძალიან კარგი ბაზაა, თანაც ყველაფერი ახლოსაა, სავარჯიშო მოედანი, დარბაზი, სტადიონი და მანქანაც არ მჭირდება, ყველგან ფეხით მივდივარ. განვითარებისთვის საუკეთესო პირობები მაქვს.

-       სეზონის ბოლომდე ბაზაზე იცხოვრებთ თუ ბინას გპირდებიან?

-       ბინას მპირდებიან. უკვე იყო საუბარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და შესაბამისად, პირობების გაუმჯობესებაზე, მაგრამ, ვფიქრობ ჯერ თავს შევიკავებ. კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გავაფორმე და აგენტმა მითხრა, რომ თამაშის შემდეგ დაუკავშირდნენ და სურთ, ის +1 აამოქმედონ, ანუ გუნდში კიდევ ერთი წლით დამიტოვონ. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ პირველი თამაშის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობისგან ასეთი დამოკიდებულება სასიამოვნოა.

0.130817