ფეხბურთი

18:06 | 20.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლადო ბურდული - "სიონის" ატმოსფეროზე, მერლანის საუკეთესოობაზე, გარიგებული მატჩების თემაზე

 

ბოლნისის "სიონმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთი ქულითღა ჩამორჩება მეორეადგილოსან "ზესტაფონს". ლადო ბურდულის გუნდს, რომელიც ყველაზე ასაკოვანია ჩემპიონატში, კიდევ ერთი რამ გამოარჩევს – გოლების უმეტესობა სტანდარტული მდგომარეობით გააქვთ, თანაც, ორიგინალურად: ერთი შეხედვით ჩაწოდებაა, მაგრამ საჯარიმოში რომელიმე ბოლნისელი მატყუარა მანევრს აკეთებს, ბურთი ყველას სცდება და შორეულ კუთხეში გადის. ასე გაიტანეს "ჩიხურასთან" (ალეკო გოგობერიშვილი), "დინამოსთან" (თორნიკე აფციაური), '"ზესტაფონთან" (ისევ გოგობერიშვილი).

ამავდროულად, "სიონი" ის კლუბია, რომელიც 5-ჯერ მოხვდა უეფას საეჭვო მატჩების რეპორტში (2010-2013 წლებში) და 25000 ლარით დაჯარიმდა. "მსოფლიო სპორტი" "სიონის" გენერალურ დირექტორსა და მთავარ მწვრთნელ ლადო ბურდულს ესაუბრა – ჯერ გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებებზე:

- ხარისხით ძალიან კმაყოფილი ვარ-მეთქი, ვერ გეტყვით. სულ უკეთესობისკენ მივისწრაფით. მეორე ნომრად გვიწევს თამაში და ეს შემთხვევით არ ხდება. საერთოდ, ის ფეხბურთი უნდა ითამაშო, რის საშუალებასაც ფეხბურთელთა კონტიგენტი გაძლევს. არ მყავს ბეილის სტილის გამქცევი, ან რონალდუსავით მომტყუებლები, რათა კონტრშეტევებზე სწრაფად გადავიდეთ. პოზიციურ თამაშს ვარჩევთ და მაქსიმალურად ვცდილობთ სტანდარტულების გამოყენებას. შედეგიც სახეზეა: ხშირად გოლი გაგვაქვს საჯარიმოებით. ხშირად მეუბნებიან, ერთი და იგივე ვარჯიშები გაქვსო. დიახ, ასეა. ტაქტიკაზე ვაწყობთ ვარჯიშებს და ვიცი, კვირაში ერთი დღე ტაქტიკური სამზადისისთვის არ კმარა. ეს ავტომატიზმამდე უნდა იყოს დაყვანილი, თორემ შეიძლება დაგავიწყდეს და ისე კარგად ვერ გააკეთო. დააკვირდებოდით, ბევრი გოლი არ გაგვაქვს, მაგრამ ცოტას ვუშვებთ. ჩვენ 3:0, ან 4:0 არც მოგვიგია და არც წაგვიგია. მხოლოდ ორი მატჩი იყო, სადაც 2 გოლი გავუშვით. ასე რომ, პოზიციურ და ტაქტიკურ თამაშს ვანიჭებთ უპირატესობას.    

- "დინამოსთან" 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე თქვით, რომ "სიონის" ბევრ ფეხბურთელი ჩამოწერილი ეგონათ. ვის გულისხმობდით მათ შორის?

- არაერთს. სრული სიმართლე ვთქვი. აფციაური უგუნდოდ იყო და იპოდრომზე დარბოდა, გოგობერიშვილი "გურიადან" წამოსვლის შემდეგ უგუნდოდ იყო, განუგრავა და თოთაძეც არავის უნდოდა, მიკუჩაძესაც არავინ შესთავაზა გადასვლა. კიდევ, რომელი ერთი ჩამოვთვალო.  

- მეკარე მირზა მერლანზე. წლეულს საკმაოდ ძლიერად თამაშობს.

- ჩემი აზრით, მერლანი წლეულს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა. გიორგი ლორიას და სხვა მეკარეებსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მერლანი წლეულს ყველაზე ძლიერად მიმაჩნია.

- ევროტურნირებზე ცვლილებები იქნება შემადგენლობაში?

- ალბათ, იქნება, მაგრამ შემადგენლობის შენარჩუნებას ვეცდებით. ზამთრის შეკრებაზე ვეთამაშეთ უნგრეთის "დიორსა" და მტკ-ს, უკრაინის 'სევასტოპოლს", ბელარუსის ბატე-ს. მინდოდა ძლიერ გუნდებთან შეხვედრა, რადგან მირჩევნია, ამხანაგურში თუნდაც გავნადგურდე და შეცდომები ნათლად დავინახო. ბატე და "დიორი" თავიანთ ქვეყნებში საუკეთესოები არიან, იმიტომაც ავარჩიე მათთან სპარინგები. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას ვაქცევ ფსიქოლოგიას. "სიონში" ძალიან კარგი ატმოსფეროა, მეგობრული გუნდია და ერთად ვსაუბრობთ პრობლემებზე. მათ შორის, ოჯახურ პრობლემებზე. აუცილებელია ინდივიდუალურად მიდგომა თითიოეულ ფეხბურთელთან.

- "სიონში" ასაკით თქვენზე უფროსებიც თამაშობენ...

- ასეა და საერთოდ, გამოცდილებთან უფრო ადვილია სათქმელის მიტანა. შესაძლოა, მე ვცდები და სხვაგვარად სჯობს. რატომ არ შეუძლია ვალერი აბრამიძეს, ალეკო გოგობერიშვილს ან თორნიკე აფციაურს, რომ მითხრას და მირჩიოს? ასე ხდება ჩვენთან და მეც სიამოვნებით ვუსმენ მათ. სათამაშო რგოლებზეც ცალკე მიდის მუშაობა.

- ახლა გარიგებული მატჩების თემაზე. "სიონი" 5 საეჭვო მატჩში მონაწილეობისთვის დაჯარიმდა.

- ჩვენ უკვე შევიტანეთ სარჩელი სფფ-ის სააპელაციო კომიტეტში, რომელზეც ზვიად სიჭინავამ გვითხრა, დამოუკიდებელი ორგანოა და მე მათთან ჩარევის უფლება არ მაქვსო. ხუთივე დასჯილმა კლუბმა შევიტანეთ. რაც შეეხება გარიგების საკითხს, ხმამაღლა ვამბობ, პირიქით, ვითანამშრომლებ ფედერაციასთან და პროკურატურასთან. ზუსტი არგუმენტები არ ჩანს, თუ რატომ უნდა დაისაჯოს კლუბი. ახლა წარმოვიდგინოთ: ორი კლუბი თამაშობს, ერთი მეორეზე ძლიერია და მესამე პირი დიდ ფულს დებს ძლიერი გუნდის მოგებაზე. ტოტალიზატორს თანხა მოუგო, მაგრამ ვიღაცამ დადო, ამის გამო მთელი კლუბი რატომ უნდა დაისაჯოს? ხომ უნდა გაირკვეს, ვინ დადო თანხა, საიდან გამოიგზავნა, სად გაიგზავნა მოგებული.   

- რაც თქვენ მიხვედით "სიონში", იქიდან მოყოლებული რამდენი მატჩია უეფას რეპორტში შეყვანილი?

- ერთი, შინ ბათუმის "დინამოსთან" 0:1 წაგება. (იხილეთ  - 2013 წლის 30 მარტს გამართული მატჩი.  http://worldsport.ge/ge/page/batumelebi-sruli-svlit-golgaushveblad#comments ) . ამ შეხვედრის წინ ორივე გუნდს ჰქონდა გავარდნის საფრთხე და როგორ ფიქრობთ, სპეციალურად წავაგებდით უშუალო კონკურენტთან, რათა გავვარდნილიყავით?  ჩემი მოსვლის დღიდან, "სიონს" ერთი გარიგებული მატჩიც კი არ ჩაუტარებია და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. დაუმტკიცებლად, არც ჩემს წინამორბედებზე ვიტყვი რაიმე ცუდს. სამართალდამცავებს ვთხოვ, მოიკვლიონ კონკრეტულ პიროვნებებზე, თუ ვინ დადო თანხა, ანუ საიდან გაიგზავნა და შემდეგ სად გადმოირიცხა. 

- ბოლო პერიოდშიც იყო საუბარი გარიგებულ მატჩებზე. წლელს გამართულ შეხვედრებს ვგულისხმობ.

- იყო, მაგრამ გამართლდა? თურმე "ჩიხურასთან" გავცვალეთ თამაშები ჩემპიონატსა და თასზე. ამბობდნენ, რომ თბილისის "დინამომ" ზედა ექვსეულში შეგვიყვანა და მერე 6 ქულა უნდა მიგვეცა. გამართლდა? კიდევ მოვუგეთ "დინამოს"!  ახლა მაინტერესებს, მეორედ რომ მოვუგეთ დინამოელებს, იმ მატჩში რომ ვერ გაგვეძლო და ვერ მიგვეყვანა საქმე გამარჯვებამდე, ხომ დაიწყებოდა ერთი ამბავი, მერე რით გინდოდა თავი გემართლებინა... ახლა ისმის, ყველა შემჩნეული კლუბი გარიცხონ უმაღლესი ლიგიდან და ევროტურნირებზეც არ დაუშვანო და იშველიებენ იტალიის "კალჩოპოლის" მაგალითს. იქ დამტკიცდა სატელეფონო კავშირებით, ახლა მტკიცებულებას ვერ ვხედავ და ეჭვის დონეზე, ვიღაცის მიერ აზიის ტოტალიზატორში ფულის მოგების გამო რატომ უნდა დაისაჯოს მთელი კლუბი?  ვიმეორებ: ველოდები არგუმენტებს, თუ რატომ უნდა დაისაჯონ კლუბები. თუ მართლაც დაამტკიცებენ, რომ გარიგებული მატჩები იყო, მაშინ 25000 ლარი ჯარიმა ცოტა არ არის? მაგრამ ეს არაა დამტკიცებული. ვიღაცამ დიდი ფული დადო აზიის ტოტალიზატორში და ამის გამო კლუბი დაჯარიმდეს, არასწორია. გამოიკვლიონ პიროვნებები, ვინ, სად და როგორ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112411