ფეხბურთი

23:46 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კახა დევდარიანი: “სფა-ს ყრილობა თვითმარქვია დელეგატებმა ჩაატარეს”

იბერია სტარს” საწევროს გადაუხდელობაში ადანაშაულებენ

 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, 24 ივლისს სპორტკომპლექს “არენაში” საქართველოს ფუტსალის ასოციაციის კონფერენცია ჩატარდა, რომელმაც ორგანიზაციის პრეზიდენტის ლევან ცქიტიშვილის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად ჩათვალა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

შედეგად, კონფერენციის დელეგატებმა ფარული კენჭისყრით პრეზიდენტის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღეს და მომდევნო არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ვიცე-პრეზიდენტ ლევან გრიგოლიას დაეკისრა.

ცხადი იყო, რომ ამ სკანდალურ გადაწყვეტილებას მე-2 მხარის საპასუხო რეაქციაც მოჰყვებოდა. მართლაც, დღეს ცნობილი გახდა, რომ ლევან ცქიტიშვილის, ფუტსალის ასოციაციის დამფუძნებლის და საპატიო პრეზიდენტის კახა დევდარიანის და ასოციაციის გენერალური მდივნის ბექა კვიციანის ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე სფა-ს მდივანს ნინო ნებიერიძეს დაუკავშირდა და ზემოთ აღნიშნული პიროვნებების წერილების საფუძველზე, 24 ივლისს ჩატარებული სფა-ს ყრილობის სრული დოკუმენტაცია მოსთხოვა.

სფა-ს მდივანმა აღნიშნული მოთხოვნა არ ჩაიბარა, რის მიზეზადაც 2 საკითხი მოიყვანა: 1. ნოტარიული წესით არ იყო დამტკიცებული საბუთების გამოთხოვნა. 2. აღნიშნული საბუთები უნდა გადაგზავნალიყო სპორტის სამინისტროში. ბექა კვიციანის განცხადებით, ზოგადად ყრილობის ლეგიტიმაცია, იურიდიული თვალსაზრისით, მრავალ შეკითხვას იწვევს. ამაზე სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერიც მოწმობს, რომელიც იურიდიული ნორმების გადაცდომებს თვალნათლივ ადასტურებს.

აქვე კახა დევდარიანის განცხადებაც, რომელიც არაერთ საინტერესო საკითხს ეხება: “რუსთავი-2-ის ეთერით გავრცელდა ალეკო ლეჟავას და ნინო ნებიერიძეს ინტერვიუ. ეს უკანასკნელი ფუტსალის საშეჯიბროს ხელმძღვანელი გახლდათ 2012-13 წლებში და ის, ამ თანამდებობაზე უშუალოდ ჩემი რეკომენდაციით იქნა დანიშნული.

ალეკო ლეჟავას კი საერთოდ არა აქვს უფლება, ფუტსალში მიმდინარე პრობლემებზე ისაუბროს, რადგანაც მან თავად იხილა 24 ივლისის არაკანონიერი ყრილობა. იქნებ, ბატონმა ალეკომ საზოგადოებას გასცეს პასუხი თუ რით ახსნის იმ ფაქტს, რომ ვიცე-პრეზიდენტები და საპატიო პრეზიდენტი იმავე 24 ივლისს გაზეთის მეშვეობით იგებენ ყრილობის დანიშვნის თარიღს.

მეორე, ის, რომ ყრილობის 9 დელეგატს არც კი შეატყობინეს ჩატარების ადგილი და დრო. მესამე, ის, წესდება, რომლის საფუძველზე მოწვეულ იქნა 24 ივლისს ე.წ. ყრილობა, გამგეობის უმრავლესობა არ დაესწრო (8 გამგეობის წევრიდან იყო 2 წევრი). ამასთან, კანონის თანახმად, ყრილობას უნდა წაძღოლოდა ან პრეზიდენტი ან რომელიმე ვიცე-პრეზიდენტი, რაც არ მომხდარა.

დამატებითი კითხვების თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ გაეცნოთ სამეწარმეო და საჯარო რეესტრს და იხილოთ ვიცე-პრეზიდენტების სახელები და გვარები, სადაც გამგეობის ის ორი წევრი, რომელიც ესწრებოდა ყრილობას, აღმოჩნდება რიგითი წევრი.

ბატონმა ალეკო ლეჟავამ მიმართოს მასმედიას და განაცხადოს საჯაროდ, რომ ის არ გახლავთ საქართველოს ფუტსალის ასოციაციის დამფუძნებელი, რაც რუსთავი 2-ს ეთერით გაჟღერდა. ამ ინფორმაციას კვლავ რეესტრში მიიღებთ.

რაც შეეხება გიორგი დარჯანიას. მისი დღევანდელი მოღვაწეობა ფიფა და უეფას კანონებით სრულიად დაუშვებელია, კერძოდ, ის გახლავთ ფუტსალის გამგეობის წევრი და პარალელურად “,იბერია სტარის” ხან მენეჯერი, ხან – დირექტორი.

თუმცა, თუ ვიხილავთ ფიფა-ს ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განყოფილებას, დარწმუნდებით, რომ ბატონი დარჯანია არის სფფ-ში ფუტსალის კოორდინატორი. ფიფა-უეფა-ს რეგულაციით, ეს ყოველივე დაუშვებელია.

ქალბატონი ნინო ნებიერიძე, რომელიც გახლდათ საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი, რატომ არ საუბრობს კლუბების მიერ ბოლო ჩემპიონატში ჩარიცხულ თანხებზე? მას ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა ყრილობისთვის.

დღეს, პირველად ვარღვევთ დუმილს და ვაკეთებთ სენსაციურ განცხადებას: საქართველოს წლევანდელმა ჩემპიონმა და ოთხთა ფინალის მონაწილე ”იბერია სტარმა” არ გადაიხადა ეროვნულ ჩემპიონატში საწევრო სავალდებულო – 5 000 ლარი.

კლუბი სფა-ს 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის მაისის თვის ბოლომდე სისტემატურად პირდებოდა თანხის შეტანას მოქმედ საბანკო ანგარიშზე. დაპირება დაპირებად დარჩა. მეტიც, ამ დანაკლისის გამო, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩაშლის პირას აღმოჩნდა და იძულებული გავხდით, დახმარება სპორტის სამინისტროსგან მიგვეღო.

ჩვენი მხრიდან ვაცხადებთ, რომ ვუფრთხილდებოდით კლუბის ავტორიტეტს, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით სხვა მონაწილე კლუბებს და აგრეთვე ფუტსალის გულშემატკივარს.

რაც შეეხება ყბადაღებულ ვალს, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, სფა-ს ვიცე-პრეზიდენტ ირაკლი ქავთარაძეს და ფინანსურ მენეჯერ მზია კალანდარიას საბოლოო კონსულატაცია უნდა გაევლოთ სფფ-სთან ამ თემის შესახებ.

ყრილობა, რომლის დღის წესრიგში იდგა ფინანსური საკითხი, ვალდებული იყო მიეწვიათ ქალბატონი კალანდარია. ბატონი ქავთარაძეც არ იქნა მიწვეული, სფა-ს გამგეობის წევრმა პაპუნა ხიდეშელმა კი სფა-ს უკანონო ყრილობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მეტიც, მან საქართველოს ფუტსალის კავშირს გაწევრიანების თაობაზე წერილობითი ფორმით ოფიციალურად მიმართა.

ყოველივე ზემოთმოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე, ყოვლად არაადამიანურია ის დამოკიდებულება, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის ლევან ცქიტიშვილის მიმართ გამოავლინეს სფა-ს ყრილობის ე.წ. და თვითმარქვია დელეგატებმა. სწორედ ამიტომ საქართველოს ფუტსალის კავშირი ემიჯნება ამ სიყალბეს".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112681