ფეხბურთი

0:00 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა და სხვა ლეგიონერები ევროპის ლიგის მატჩებში

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის 48-ვე მონაწილე გაირკვა. ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრებში ქართველებმაც ითამაშეს და მათზე ვთქვათ. სასიამოვნოა, რომ ჯაბა კანკავა "დნიპროს" სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და 90 წუთი ითამაშა გასვლაზე სპლიტის "ჰაიდუკთან". დნიპროელებს შინ 2:1 ჰქონდათ მოგებული, ხორვატიაში 0:0 დაასრულეს და ჯგუფში გავიდნენ.

კანკავა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე. ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. ეს მით უფრო სასიხარულოა საქართველო-ირლანდიის მატჩის წინ – ნაკრების კაპიტანი კარგ ფორმაში ხვდება შესარჩევი ეტაპის მატჩს.

ჯაბა ლიპარტიას ლუგანსკის "ზორიას" უკრაინაში 1:1 ჰქონდა ნათამაშები როტერდამის "ფეიენოორდთან", გასვლაზე კი 0:3-ს აგებდა და მცირე სასწაული მოახდინა – 3:3 გახადა ანგარიში. "ზორია" ძალიან ახლოს იყო ჯგუფში შესვლასთან, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე როტერდამელმა მანუმ ინდივიდუალური გარღვევით გაიტანა გადამწყვეტი ბურთი და "ზორია" გაწბილებული დატოვა.

ლიპარტია სათადარიგო გახლდათ და არ უთამაშია.  

სანდრო გურულის სოლიგორსკის "შახტიორმა" ვერაფერი მოუხერხა ჰოლანდიურ პსვ-ს. გურულის გუნდს ჰოლანდიაში 0:1 ჰქონდა წაგებული, შინ კი 0:2 დამარცხდა - ორივე გოლი ბოლო სამ წუთში გაუშვა. გურული სასტარტოში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს. ისე, სოლიგორსკის "შახტიორი" აქამდეც რომ გავიდა, უკვე დიდი წარმატებაა გუნდისთვის.

გავარდა კვიპროსული "ომონიაც", რომელსაც გასვლაზე 2:2 ჰქონდა ნათამაშები მოსკოვის "დინამოსთან" და შინ 1:2 წააგო. უჩა ლობჟანიძემ, რომლმაც მოსკოვში გოლი გაიტანა, საშინაო მატჩში შეუცვლელად ითამაშა. შოთა გრიგალაშვილი 89-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ხოლო ლევან კაკუბავა განაცხადში არ ყოფილა.

ცოდო იყო "ომონია". 1:1 სრულდებოდა მატჩი და კვიპროსული კლუბი გადიოდა ჯგუფში, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კრისტოფერ სამბამ გაუტანათ.    

მოლდოვურმა "შერიფმა", რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, შინ 0:3 წააგო ხორვატულ "რიეკასთან" და გავარდა. "შერიფს" პირველი შეხვედრაც წაგებული ჰქონდა – 0:1.

ასე რომ, ქართველ ლეგიონერთა გუნდებიდან მხოლოდ კანკავას "დნიპრო" გავიდა ჯგუფში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114849