ოქსანა კალაშნიკოვა საფრანგეთის ღია პირველობას მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გამოეთიშა და ორმაგი შთაბეჭდილებაც დაგვიტოვა. ქართველი ჩოგბურთელი კანადელ სტეფანი დიუბუასთან 4:6, 1:5-ს აგებდა, რის შემდეგაც, ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, იქ კი მსოფლიოს 146-ე ჩოგანთან 5:7 წააგო.
ოქსანას პირველ მოწოდებაზე 79%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 56% (29 52-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი ბურთების 29% (4 14-დან) მოიგო. მატჩში, რომელმაც საათსა და ოცდაორ წუთს გასტანა, ქართველმა 2 ეისი მოაწოდა, 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა და საკუთარი მოწოდება ხუთჯერ (9 შესაძლებლობიდან) დათმო, თავად კი 8 ბრეიკ-პოინტიდან 4 გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელ “როლან გაროსის” კვალიფიკაციაში, კალაშნიკოვამ ორი რაუნდის გავლა მოახერხა, წლევანდელი შედეგებით კი, რეიტინგში უკუსვლა ელის. სადღეისოდ, ოქსანას 316 ქულით 180-ე ადგილი უკავია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი (107-ე) საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეშია დაშვებული, მისი პირველი მეტოქის ვინაობა კი ოც მაისს გახდება ცნობილი.







