ბლოგი

12:00 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიური “ჯადოთი” ვიწყებთ

დადგა დრო, როდესაც ჰაერი კიდევ ერთხელ უნდა ჩავისუნთქოთ ღრმად, თავი ვანებოთ ლოგიკურ მსჯელობას და საეროდ დავივიწყოთ სიტყვა “ლოგიკა”, რადგან 7 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კიდევ ერთხელ ჩაებმება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორომტრიალში და მხოლოდ დიდმა ღმერთმა იცის, ქართველი ქომაგები გავატანთ თუ არა შესარჩევი ეტაპის ბოლომდე...

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა, შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ ისეთი თამამი და დამაიმედებელი განცხადებები აკეთა, მის ადგილზე რომ წარმოვიდგინე თავი, ჟრუანტელმა მთელს ტანში დამიარა და ცოტა შიშმაც კი შემიპყრო. აბა წარმოიდგინეთ ქართველი (ჯერ ისედაც ამბიციით დახუნძლული) ქომაგებისათვის როგორი სათქმელია, იმედი მაქვს ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე აღმოჩნდებაო... გასაგებია, რომ იმედის ქონა ყველას უფლებაა და პესიმიზმი სულაც არაა კარგი რამ, მაგრამ როცა იცი როგორ ქვეყანაში ცხოვრობ და ისიც იცი აქ წამოძახებები როგორ კარგად ემარჯვებათ, მართლაც მფრინავის გული უნდა გქონდეს, ასეთი განცხადებები რომ აკეთო.

მოკლედ, შევუქოთ თემურ ქეცბაიას სითამამე და ჩვენ ჩვენის მხრივ უნდა გავაკეთოთ უმთავრესი გასაკეთებლი საქმე - ყველა საშინაო მატჩზე უნდა ვიაროთ სტადიონზე და როგორც შეგვეძლება ისე გავამხნეოთ ჩვენი ნაკრები. ამ სიტყვებს რომ ვამბობ თან ისიც ვიცი, რომ ჩვენთან ბევრი ქომაგი მხოლოდ სიტყვითაა გულშემატკივარი და ლანძღვა გულშემატკივრიბა ჰქონიათ, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ცარიელი სტადიონებით შედეგები არასოდეს მიიღწევა და იქ, სადაც სტადიონზე ცოტა ხალხი დადის, დიდი ამბიციაც არ გააჩნიათ.

ყველას საკუთარი აზრი გვაქვს და ამ აზრებსა და შეხედულებებს შორის ბევრი ისეთია, საჯაროდ გამოჭენება რომ არ ღირს. ამიტომაც, საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსზე რაიმეს თქმას მოვერიდები. ეს შეიძლება ერთგვარ თავის დაზღვევადაც ჩამითვალოთ (ნაწილობრივ ალბათ ასეცაა) მაგრამ, როგორც ნაპოლეონი ამბობდა: ”ბრძოლაში გამარჯვების იმედი მხოლოდ მას შეიძლება ჰქონდეს, ვის უკანაც არმიებია ჩამომდგარი”, ჩვენს შემთხვევაში კი ”არმიებზე” რა გითხრათ. თუმცა, “მშიშარა კაცი ლოგინში ცხრაჯერ რომ მოკვდება”  - ესეც ყველას გაგვიგია.

შესარჩევ ეტაპზე შეხვერის ჩასატარებლად ირლანდიის ნაკრები თბილისში უკვე ყოფილა და იმ მატჩიდან ყველაზე მეტად სულ სხვა რამ დამამახსოვრდა (წაგებული მატჩების პერიპეტიები გონებიდან ხშირად თავისით ამოიშლება ხოლმე). ეს იყო ერთ-ერთი ირლანდიელი ქომაგი, წითური ახმახი ტიპი ქალაქ კორკიდან, რომელიც ჯერ სტადიონზე შეგვხვდა, შემდეგ კი ლუდხანის კარში იდგა აყუდებული და მუჯლუგუნით გვერდზე ძლივს გავწიეთ შესასვლელი კარი რომ გაეთავისუფლებინა. იმ კაცის სახელი ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ მისი წარმომავლობა კი არ დამვიწყებია. ეგეც იმიტომ, რომ მახსოვს ბარის დახლიდარს ცოტა ”ძველბუჭურად” (არ ვიცი ირლანდიაში რა ქვია “ძველბიჭობას” მაგრამ აშკარად ეგეთი ტიპი იყო) ეუბნებოდა, კორკელი ვარ და ჩემი ქალაქი შენსას ბევრად ჯობიაო.

ბოლოს გაირკვა, რომ ის ახმახი ტიპი ფეხბურთის აზრზე არ იყო და თბილისში სრულიად შემთხვევით მოხვდა. მისი ფეხბურთის ფანი მეგობარი ავად გამხდარიყო, უკვე ნაყიდი თვითმფრინავის ბილეთების გადაგდება დანანებია და მეგობრის მაგივრად ასე წამობლაყუნებულიყო თბილისში.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ 7 სექტემბერს ეს კაცი თბილისში არ იქნება, რადან ყოველთვის არ ხდებიან ავად ფეხბურის ქომაგები და მათ მაგივრად კავკასიის პატარა მივიწყებულ ქვეყანაში სხვები არ ჩადიან. ჰოდა რაკი ის ახმახი არ იქნება, ეგებ აგვეხსნას ეს ოხერი ჯადო და... 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114068