ფეხბურთი

16:04 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ადამია: “კარიერის დასრულებას არ ვაპირებ”

ბაქოს “ინტერის” ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი ადამიამ apasport.az-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ აზერბაიჯანში კარიერა ვერ გააგრძელა, მაშინ სათამაშოდ საქართველოში დაბრუნდება.

- ბაქოში კლუბებთან მოსალაპარაკებლად ჩამოხვედით?

- არა. პირად საქმეებზე.

- განვლილი სეზონი ტრავმის გამო ფაქტობრივად გაგიცდათ. ბოლომდე გამოჯანმრთელდით?

- გერმანიაში ვიმყოფებოდი და ექიმებმა, როდესაც ტრავმირებული ფეხი შემიმოწმეს, მითხრეს, რომ სრული დატვირთვით ვარჯიში შემიძლია. უახლოეს მომავალში ვარჯიშს დავიწყებ. სხვათა შორის, სეზონის მიწურულსაც თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ “სიმურგთან” მატჩის შემდეგ ფეხი ამტკივდა.

- როგორ აღიქვით, “ინტერმა” კონტრაქტი რომ არ გაგიგრძელათ? თქვენთვის ეს მოულოდნელობა იყო?

- განვლილ სეზონში დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული ვიყავი და 7-8 თვე არ მითამაშია. სამწუხაროდ, მკურნალობა ასე გაიწელა. სიმართლე გითხრათ, სეზონის ბოლოს “ინტერთან” მოლაპარაკება არ მიწარმოებია. ჩემთვის არაფერი უთქვამთ გუნდში. ალბათ, ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება იმიტომ არ ისურვეს, რომ ტრავმა მქონდა და ფორმაში არ ვიყავი.

- წარმოიდგენდით, რომ “ინტერი” თქვენს აზერბაიჯანულ კარიერაში ყველაზე წარუმატებელი ეტაპი იქნებოდა?

- ვერ ვიტყვი, რომ “ინტერი” ჩემთვის ყველაზე უიღბლო გუნდი იყო. ტრავმა შეიძლება ნებისმიერმა ფეხბურთელმა მიიღოს და დაზღვეული არავინაა. ზოგიერთი ფეხბურთელი ტრავმის გამო კარიერას ასრულებს. მადლობა ღმერთს, რომ ამას გადავურჩი.

- აზერბაიჯანში 2005 წლის ზამთრიდან თამაშობთ და მომავალში ამ ქვეყანაში კარიერის გაგრძელების პერსპექტივას როგორ განიხილავთ?

- კარიერის აზერბაიჯანში გაგრძელება მსურს. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემზე დამოკიდებული არაა. აზერბაიჯანული კლუბებიდან შეთავაზება ჯერ არ მიმიღია.

- როგორ ფიქრობთ, აზერბაიჯანულ კლუბებს კვლავ დასჭირდებათ 32 წლის გიორგი ადამია, რომელსაც დიდი ხანია არ უთამაშია?

- პირველ ყოვლისა, 32 წელი არცთუ დიდი ასაკია. მთავარია, ფეხბურთელი ფორმაში იყოს.

- იქნებ კლუბებს დაავიწყდით, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილში იყავით?

- შესაძლოა, ვინმეს დავავიწყდი ან ვინმემ ხაზი გადამისვა. თუმცა, კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ. სათამაშოდ ძალა კიდევ მაქვს. უბრალოდ, იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში ძირითადად გერმანიაში ტრავმის მკურნალობით ვიყავი დაკავებული, საჭიროდ არ ჩავთვალე, ვინმესთვის მიმემართა. სრულ გამოჯანმრთელებამდე ვინმესთან მოლაპარაკების გამართვა არარეალური იყო. თუმცა, ახლა უკვე ვიზრუნებ ჩემს მომავალზე. თუ აზერბაიჯანში დარჩენა არ გამომივა, მაშინ სამშობლოში დავბრუნდები და იქ ვითამაშებ.

- “ინტერთან” კონტრაქტი ვალერი აბრამიძესაც დაუმთავრდა. მან ახალი კლუბი მოძებნა?

- არა. ის ამჟამად თბილისშია.

- ევროპის ლიგაში “ინტერისგან” რას ელით?

- ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა. მათ ნაცვლად ცოტა მოთამაშე მივიდა.


თეგებიადამია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118264