ფეხბურთი

18:15 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გელა გომელაური: “8 მილიონი ლარის დავალიანების კლუბი გადმოგვეცა”

რუსთავის “მეტალურგის” ერთ-ერთმა დირექტორმა გელა გომელაურმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ ბოლო დღეებში საფეხბურთო კლუბის ირგვლივ შექმნილმა არაჯანსაღმა აჟიოტაჟმა, ახალი ხელმძღვანელობა ცაიტნოტურ მდგომარეობაში ჩააგდო.

“კლუბი ერთი კვირაა რაც გადმოგვეცა. მართალია, სიმბოლურ ფასად ერთ ლარად, მაგრამ “მეტალურგს” 8 მილიონი ლარი ვალი აქვს, რომელიც ოფიციალურად აღიარებულია. ეს ვალი კლუბის ყოფილი მეპატრონის ჟოზეფ ქეის დროს დაგროვდა. ყველამ კარგად იცის, რომ “მეტალურგი” გაბანკროტებული იყო, ხოლო ჩვენ ამხელა რისკზე წავედით. ივნისში გუნდი ორჯერ შეკრიბეს და ორივეჯერ ფეხბურთელები სახლში გაუშვეს. ოფიციალურად კლუბი 14 ივლისს გადმოგვეცა.

თავის დროზე, როდესაც რუსთავული გუნდი ქვედა ლიგაში იყო, ამ ქალაქში ფეხბურთის გაცოცხლებას ხელი ჩვენ შევუწყვეთ. თბილისის “თბილისმა” უმაღლეს ლიგაში თავისი ადგილი დაუთმო და რუსთავის “ოლიმპი” შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა. ამ ყველაფრის დოკუმენტები არსებობს. როდესაც გაცხადდა, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ერთ თეთრსაც არ გაიღებდა, პლუს ამას ვალი ერთვოდა და გუნდი დაშლის პირას იყო, ჩვენ გამოვთქვით სურვილი ისტორია გაგვემეორებინა. ეს ნაბიჯი ჩვენმა პროფესიონალიზმმა გადაგვადგმევინა და გვინდოდა, რომ გუნდი ჩიხიდან გამოგვეყვანა. ალბათ, “გიჟი” უნდა იყო, რომ, საქართველოში 8 მილიონი ვალის მქონე გუნდი ჩაიბარო.

14 ივლისის შემდეგ ინტენსიურად ვმუშაობდით. ვნახეთ გენერალური სპონსორი, რომელიც 300000 ლარს იხდიდა, სხვა 300000 ლარიც გამოვნახეთ, “სალერს” 40000 ლარის ფარგლებში მთელი ინვენტარი შევუკვეთეთ ბურთების ჩათვლით. სტადიონზე მომსახურე პერსონალს და ყველას ვისაც კლუბთან რაიმე კავშირი ჰქონდა ვეუბნებოდით, რომ ინტენსიურად ვმუშაობდით. არ ვამხელდით კლუბს, რომ 8 მილიონი ვალი ჰქონდა. ჩვენ ამერიკელი პარტნიორები გვყავდა, რომლებიც გაჟღერებულ სახელმწიფო პროგრამას თვალს ადევნებდნენ.

მერიამ ჩვენს შესახებ განაცხადა, რომ გაურკვეველი პიროვნებები ვართ. მოკლედ, ახლა ეს ყველაფერი შეჩერებულია და ცაიტნოტურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. რუსთავის მერს ვერ შევხდით, რომ სიმართლე და რეალობა გვეთქვა. ასეთი სერიოზული ნაბიჯი გადავდგით და თუ ამგვარი კატეგორიული წინააღმდეგობა შეგვხვდება, მზად ვართ კლუბი ნახევარ ლარად დავაბრუნოთ. თუ მერია იძახის კლუბს არ დავაშლევინებო, კი ბატონო, მაშინ წაიღონ. ჩვენ კლუბის განვითარების გეგმაც გვაქვს და ბიზნეს-გეგმაც. ასე “ჰაერზე” ხომ არ მივიდოდით? ახლა, ამხელა დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდით. მე არ ვიცი ეს ვის ინტერესშია. ახლა ჩვენი რეგალიების ჩამოთვლას არ შევუდგები. მე და ნიკა დოლიძეს, რომ ქართულ ფეხბურთში რაღაც გაგვიკეთებია, ეს მცოდნე ხალხმა იცის”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110556