ფეხბურთი

19:16 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ელვისებური გოლეადორის „ოქროს პასი“

გასული საუკუნის მიწურულს საქართველოში ფეხბურთელთა შორის სხვადასხვა ნომინანტები გამოავლინეს. სავსებით დამსახურებულად „ოქროს გოლად“ ვიტალი დარასელიას მიერ დიუსელდორფში შესრულებული სლალომი და ცაციათი შესრულებული დამაგვირგვინებელი დარტყმა აღიარეს. იმავე ფინალში კი ჩვენებმა ანგარიში მას შემდეგ გააყაიმეს, რაც ქართველთა ბომბარდირ-ცენტრფორდმა რამაზ შენგელიამ მეტად მოხერხებულად დაუგორა ვლადიმერ გუცაევს და ჩვენმა ვოვამაც დაბალი დარტყმით გრაპენტინს შანსი არ დაუტოვა. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, „დინამოს“ უბადლო გოლეადორი საუკუნის „ოქროს პასის“ შემსრულებლის წოდებას უცილობლად იმსახურებს...

გოლები კი რამაზ შენგელიას ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისის „დინამოსა“ და საკავშირო ნაკრებში იმ რაოდენობით და რაც მთავარია, ისეთი სილამაზისა და ოსტატობის გაუტანია, იმ თამაშების მომსწრე ნებისმიერ გულშემატკივარს სამუდამოდ დაამახსოვრდება.

1975 წელს ქუთათურები უმაღლესი ლიგის საგზურისთვის იბრძოდნენ. ერთ-ერთ გადამწყვეტ მატჩში „ტორპედომ“ მინსკის „დინამოს“ უმასპინძლა. რამაზი მაშინ მხოლოდ 18 წლისა იყო, მაგრამ გამოცდილი ბელარუსები (მინსკელთა რიგებში მოსკოვის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესლიგამოვლილი მოთამაშეებიც იყვნენ) ნებისმიერი სათამაშო ასპექტით დაჩაგრა და 2 გოლითაც „დაასაჩუქრა“ მიხაილ ვერგიენკო. მაშინ პირველად ვნახე რამაზ შენგელიას თამაში და თვალებს არ ვუჯერებდი – ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ეს სწრაფი, ათლეტური, მაღალტექნიკური, 90 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგის კარის ასაღებად მომართული ფორვარდი ჭაბუკი რომ იყო...

შემდეგ იყო რამაზ შენგელიას თავბრუდამხვევი საფეხბურთო კარიერა, ულამაზესი გოლები მოსკოვის „სპარტაკის“, კიევის „დინამოს“, „ვესტ ჰემის“, „ჰერტას“, „ბასტიას“, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, თურქეთის ნაკრებთა კარში, კარიერის განმავლობაში გატანილი 161 ბურთი და რაც მთავარია, სახელოვანი გამარჯვებები და ტიტულები. რამაზ შენგელია 1981 წელს თასების თასის მფლობელი გახდა, 1978-ში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, 1979 წელს საკავშირო თასს დაეუფლა, ქართველთაგან ერთადერთია, რომელიც ორჯერ აღიარეს სსრკ-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ.

და მაინც, ვერცერთი წოდება ვერ გადაწონის იმ სიხარულისა და ბედნიერების განცდას, რომელიც მეტოქის კარისკენ გოლის გასატანად გაჭრილ რამაზ შენგელიას მიუნიჭებია ქართველი გულშემატკივრისთვის...

დღეს ერთი წელი შესრულდა რამაზ შენგელიას გარდაცვალებიდან. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

რამაზ შენგელიას გოლი (1987 წელი, უეფას თასი, „ვერდერი“ ბრემენი - „დინამო“ თბილისი)

 http://www.youtube.com/watch?v=on09QsOPSoQ


0.148611