რაგბი

18:43 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო შანსი “კავკასიელობისთვის”

“თბილისის კავკასიელების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ცოტა ხნის განაცხადა, რომ გარკვეულ პოზიციებზე არჩევანს მესამე ტურის შეხვედრების შემდეგ გააკეთებდა და ახლა სწორედ ეს ეტაპია. მორაგბეებმა, რომელთაც ევროთასებზე თამაშის ამბიცია აქვთ, უნდა დაამტკიცონ, რომ 38 კაციან განაცხადში მოხვედრის ღირსნი არიან.

ესეც რომ არა, წელს საქართველოს ჩემპიონატი წინანდელზე უფრო საინტერესოდ დაიწყო, ნებისმიერი შეხვედრის წინასწარ პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა და მესამე ტურშიც გუნდები ისე დაწყვილდნენ, მაყურებელი ხუთ საინტერესო დაპირისპირებას იხილავს. ოთხი მატჩი - ორ-ორი შაბათ-კვირას თბილისში გაიმართება და 20 საათზე დაიწყება, ერთს კი ბოლნისი უმასპინძლებს.

შაბათს, 30 აგვისტოს, “ავჭალაზე” ერთმანეთს ლიდერები - მოქმედი ჩემპიონი “ლელო სარასენსი” და რუსთავის “ხარები” დაუპირისპირდება. გუნდებმა ორ-ორი თამაში მოიგეს და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. ამასთან, “ხარები” ერთადერთი გუნდია, რომელმაც განვლილ 9 შეხვედრაში მეტოქისთვის სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულა ჩაიწერა და მოცემული მომენტისთვის მას ყველაზე მეტი - 9 ქულა აქვს.

რუსთაველები პირველ ტურში თბილისში “ლოკომოტივს” ეწვივნენ და 7 წუთის შემდეგ 0:10 ჩამორჩნენ, მაგრამ მომდევნო ნახევარ საათში 4 ლელო გაიტანეს და შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (26:10). მეორე ნახევარი “რკინიგზელების” იყო, რომელთაც მატჩის დებიუტში გატანილ ორ ლელოს დასკვნით 20 წუთში კიდევ ორი შემატეს, მაგრამ ფეხით თამაშში ვერ ივარგეს და 22:26 დამარცხდნენ. მეორე თამაშში “ხარებმა” რუსთაველი გულშემატკივარი გაახარა, “არმიას” 6 ლელო გაუტანა, 44:3 იმარჯვა და პრემიალური ქულაც მიითვალა. ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ წელს ლევან მგელაძის გუნდი ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

ორივე თამაში მოიგო “ლელო სარასენსმა”. პირველ ტურში ჩემპიონმა დებიუტანტ “თიბიეს უნივერსიტეტს” უმასპინძლა და ტაიმი 7:12 დათმო, ხოლო 68-ე წუთისთვის 10:19 აგებდა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა დარჩენილ 12 წუთში ორი ლელო გაიტანეს, ორივე გარდასახვა გამოიყენეს და 24:19 იმარჯვეს. ერთი კვირის წინ თბილისელებმა ფოთში “ბათუმი” 20:0 დაამარცხეს. პირველ ტაიმში “ლელომ” ორი ლელო გაიტანა და 17:0 დაწინაურდა, 53-ე წუთზე არეკნით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ მესამე ლელოს გატანა და პრემიალური ქულის აღება ვეღარ მოახერხა.

ახლა სხვა გუნდებთან გვაქვს საქმე და ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ შარშან “ლელომ” “ავჭალაზე” “ხარები” 37:16 დაამარცხა, ხოლო რუსთავში 38:8 აჯობა.

შაბათს, “შევარდენზე”, ზემოთნახსენები მატჩის პარალელურად იწყება თბილისის “არმიასა” და “არმაზის” დაპირისპირება. სახეცვლილმა ვიცე-ჩემპიონმა პირველ წრეში “ბათუმს” აჯობა და 25:15 მოგებით 4 ქულის აღება მოახერხა, მეორე წრეში კი, “ხარებთან” ვერაფერს გახდა 3:44 დამარცხდა. პირველ წრეში ბოლნისში “ყოჩებთან” 16:27 დამარცხდა “არმაზი”. თბილისელებმა ხასიათი გამოავლინეს, დასკვნით 5 წუთში ორი ლელო გაიტანეს და დიდი სხვაობით მარცხი თავიდან აიცილეს. მეორე წრეში არმაზელებს “ლოკომოტივის” წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, მაგრამ მთავარ მწვრთნელ დავით ვართანიანის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, ეს შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. შარშან, პირველ წრეში, “არმაზმა” “არმია” 26:23 დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში რევანში შედგა და არმიელებმა მეტოქე 36:6 გაანადგურეს.

კვირის პროგრამა ორი ტურის შემდეგ სამიდან კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდის შეხვედრით იწყება. ბოლნისში “ყოჩები” ქუთაისის “აიას” მასპინძლობს და წარმატებული სვლის გაგრძელებას ეცდება. მატჩი 17:30 საათზე იწყება. მიუხედავად იმისა, რომ “ყოჩებმა” სეზონის წინ ორთვენახევრიანი შეკრება გაიარეს, პირველმა ორმა თამაშმა აჩვენა, რომ გუნდს შეთამაშების მხრივ გარკვეული პრობლემა აქვს.

პირველ ტურში ბოლნისელებმა “არმაზს” უმასპინძლეს და ტაიმი 17:3 მოიგეს, ხოლო 69-ე წუთისთვის 27:6 დაწინაურდნენ. მათ გატანილი ჰქონდათ სამი უპასუხო ლელო, მაგრამ ბოლოს მოეშვნენ, ორი ლელო თავად მიიღეს და გამარჯვება არა, მაგრამ პრემიალური ქულა ხელიდან გაუშვეს. გასულ კვირას “ჯიქებთან” გამართული მატჩი მძიმე საყურებელი გამოდგა, მაყურებელმა მხოლოდ ორი გატანილი ჯარიმა იხილა, ისიც საწყის 13 წუთში, ორივე დარტყმა “ყოჩებმა” განახორციელა და თამაშიც მათი გამარჯვებით დასრულდა - 6:0.

ქუთაისში ახალი გუნდის შენება იწყება და გამოუცდელობამ “აიას” თამაშს საკუთარი კვალი დაატყო. პირველ ტურში, ახალი სტადიონის გახსნაზე, მასპინძლებმა თბილისის “ჯიქებს” ორი ლელო გაუტანეს, მაგრამ მეტოქეს ჩამორჩნენ ძალისმიერ ბრძოლაში და საბოლოოდ 15:18 დამარცხდნენ. მეორე ტურში ქუთაისელებმა “თიბიეს უნივერსიტეტს” ტაიმი 20:9 მოუგეს, მაგრამ ბოლოს მოეშვნენ და მარცხს ძლივს გადაურჩნენ. ამჯერად მათ 26:23 იმარჯვეს და 4 ქულა ჩაიწერეს. გასულ ჩემპიონატში ეს გუნდები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ქუთაისში მასპინძლებმა 45:10 მოიგეს, მაგრამ თბილისში ჯერ 12:18, ხოლო მერე (პლეი ოფში) 7:20 დამარცხდნენ და მეხუთე ადგილს დასჯერდნენ.

31 აგვისტოს, 20 საათზე “ავჭალაზე” შედგება კიდევ ერთი დედაქალაქური დერბი. “ლოკომოტივი”, რომელიც პირველ ტურში მოულოდნელად “ხარებთან” დამარცხდა, მეორე წრეში კი არ უთამაშია, “ჯიქებს” უმასპინძლებს. “ჯიქებმა” პირველ წრეში ქუთაისში მეტოქე ძალისმიერ სიტუაციებში დაჯაბნა, ხუთი ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 70-ეზე არეკნი გაიტანა და 18:15 იმარჯვა. მეორე წრეში მათ “ყოჩებთან” იგივეს გამეორება ვერ შეძლეს და არეულ თამაშში 0:6 დამარცხდნენ. “ჯიქები” ერთ-ერთია იმ ორი გუნდიდან, რომელსაც წელს ლელო არ გაუტანია.

პარალელურად, “შევარდენზე” სეზონის პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან “თიბიეს უნივერსიტეტი” და “ბათუმი”. დებიუტანტებმა ორივე შეხვედრა კი დათმეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბოლომდე იბრძოლეს, თითო-თითო ქულა ჩაიწერეს და ჯამში 2 მოაგროვეს. “ბათუმმა” ვერცერთხელ ვერ შეძლო თუნდაც ქულის აღება და “არმიასთან” 15:25 მარცხს “ლელო სარასენსთან” 0:20 მარცხი მიაყოლა. ზღვისპირელებს ჯერ ლელოც არ გაუტანიათ და ამ სიტუაციის გამოსწორებას შაბათს საღამოს შეეცდებიან.   

 

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

III ტური

30 აგვისტო

თბილისი. “ავჭალა”. 20:00 საათი

ლელო სარასენსი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)

თბილისი. “შევარდენი”. 20:00 საათი

არმია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

31 აგვისტო

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 17:30 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - აია (ქუთაისი)

თბილისი. “ავჭალა”. 20:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 20:00 საათი

თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 

 

   1    ხარები                             2              2               0               0               70–25              9          
   2 ლელო სარ.   2   2      0   0   44–19    8
   3 ყოჩები   2   2   0   0   33–16    8
   4 ჯიქები   2   1   0   1   18–21    5
   5 აია   2   1   0   1   41–41    5
   6 არმია   2   1   0   1   28–59    4
   7 თიბიეს უნივ.   2   0   0   2   42–50    2
   8 ლოკომოტივი   1   0   0   1   22–26    1
   9 არმაზი   1   0   0   1   16–27    0
  10 ბათუმი   2   0   0   2   15–45    0
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.164227