ფეხბურთი

21:40 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბილეკი მდგომარეობის გამოსწორებას იმედოვნებს, ყაზახები ფრთხილობენ

23 ივლისს, თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს ყაზახეთში “აქტობესთან”. შეხვედრა კობლანდი ბატირის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის “დროით 19:00 საათზე დაიწყება და მას აზერბაიჯანელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.  მთავარი მსაჯი ალიარ აღაიევი იქნება, რომელსაც ასისტენტობას ზეინალ ზეინალოვი და ნამიკ ჰუსეინოვი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს რაუფ ჯაბაროვი შეასრულებს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

“დინამო” აქტობეში დღეს 12:00 საათზე ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. გუნდი HOTEL DASTAN-ში დაბინავდა. თბილისის “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საღამოს გუნდებმა სტადიონის მედია დარბაზში მონაცვლეობით გამართეს მატჩისწინა პრესკონფერენცია და შემდეგ მოედანზე გადაინაცვლეს სავარჯიშოდ.

ვლადიმერ გაზაევი (“აქტობეს” მთავარი მწვრთნელი): “ხვალინდელი მატჩისთვის ჩვენი გუნდი ერთი კვირაა ინტენსიურად ემზადება. ოდნავი უპირატესობა რა თქმა უნდა გვაქვს, პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, თუმცა “დინამო” ძალიან კარგი გუნდია, საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და მათთან ურთულესი მატჩი გველის. დარწმუნებული ვარ ჩვენი ფეხბურთელები თავის მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა შეხვედრა სათავისოდ დაასრულონ”.

მიხალ ბილეკი (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “პირველ შეხვედრაში მეტოქის კარის მიმართულებით ბევრჯერ დავარტყით, მომენტებიც იყო, მაგრამ სამწუხაროდ გოლი ვერ გავიტანეთ. ხვალინდელ მატჩში კი ვიმედოვნებ გავიტანთ და სასურველი შედეგის დაფიქსირებასაც შევძლებთ. ცხადია გარკვეული ცვლილებები შემადგენლობაშიც იქნება და ტაქტიკურ მონახაზშიც, თუმცა რა ხასიათის ხვალ გამოჩნდება”.

გიორგი ლორია: “შინ წაგებას ფსიქოლოგიურად არ გავუტეხივართ, ვფიქრობ პირიქით, მოტივაცია და მონდომება გაგვიორმაგდა. მშვენივრად გვესმის, რომ დინამოზე მარცხის  შემდეგ აქ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ მზად ვართ და ისიც კარგად ვიცით, რომ ყველაფერი ხვალ გაირკვევა და იმედია, რომ იმ შედეგის მიღწევას შევძლებთ, რომელიც საბოლოო წარმატებას მოგვიტანს”.

შეგახსენებთ, რომ “დინამო” პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა. თუკი თბილისელები ყაზახეთში სასურველი შედეგის მიღწევას შეძლებენ და ორი მატჩში ჯამში იმარჯვებენ, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუქარესტის “სტიაუასთან” მოუწევთ დაპირისპირება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11872