რაგბი

20:58 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაიას სადებიუტო ლელო Pro D2-ში

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა დიმიტრი ბასილაიამ, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის “პერპინიანში” დებიუტი ლელოთი აღნიშნა.

28 წლის მორაგბე საფრანგეთში 2008/2009 წლის სეზონიდან თამაშობს. მან ოთხი წელიწადი მესამე დონის “ფედერალ 1”-ში გაატარა, 2012 წლიდან კი, შოტლანდიურ “ედინბურგში” გადავიდა. სამწუხაროდ, ტრავმებმა ბასილაიას “კელტების ლიგაში” ადგილის დამკვიდრების საშუალება არ მისცა და საფრანგეთში დაბრუნდა, ამჯერად უფრო მაღალი რანგის ლიგაში და კვირას “პერპინიანში” დებიუტი ჰქონდა.

მისი და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი” ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასის” მასპინძლობდა. ბასილაიამ ტრავმირებული თანაგუნდელი 32-ე წუთზე შეცვალა, ლელო კი 78-ე წუთზე გაიტანა. ეს მასპინძელთა გუნდის მეხუთე ლელო იყო ამ თამაშში, მაგრამ თავად მანამდე სამი გაუშვა და პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა. “პერპინიანის” შემადგენლობაში 71-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა მჭედლიშვილმა.

სტუმართა შორის შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა სუთიაშვილმა. სასტარტო შემადგენლობაში იყო აშვეთია და ის ახობაძემ 47-ე წუთზე შეცვალა, ხოლო ყუფარაძე თამაშში 39-ე წუთიდან ჩაერთო. “მასის” კარგი დასაწყისი ჰქონდა, საწყის 20 წუთში ორი ლელო გაიტანა და 14:3 დაწინაურდა, მაგრამ ტაიმი 24:14 დათმო და საფინალო სასტვენამდე სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. “პერპინიანმა” ორივე თამაში მოიგო და 8 ქულით მე-3-ე ადგილზეა, ხოლო “მასი” ერთი ქულით ბოლოსწინა მე-15-ე საფეხურს იკავებს.  

გიორგი ნაცარაშვილის “პომ” ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკი” პრემიალური ქულით - 41:3 დაამარცხა და 9 ქულით პირველ ადგილზეა. ოთხიდან სამმა ქართველმა ლეგიონერმა - ნაცარაშვილმა, დათუნაშვილმა და შარიქაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხატიაშვილი შესვენებისას შეცვალეს, მაგრამ მას 69-იდან 75-ე წუთამდე მოედანზე დაბრუნება მოუწია. ანგარიში მე-13-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ მერე მონაგარს ვერაფერს შემატეს, თავად კი ხუთი ლელო, ამდენივე გარდასახვა და ორი ჯარიმა მიიღეს. “ორიაკი” 1 ქულით ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა.

ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბიმ” “ბიარიცი” 34:16 დაამარცხა, მომხვდურს ლელოებით 4:1 აჯობა, პრემიალური ქულაც მიითვალა და ჯამში 9 ქულით მეორე საფეხურზეა. ორივე ქართველი ლეგიონერი განაცხადში იყო და პირველხაზელი შეყლაშვილი თამაშში 52-ე, ხოლო მეორეხაზელი მაისურაძე 75-ე წუთიდან ჩაერთო.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ლაშა ლომიძის “ბეზიემ”. ამჯერად მათი მსხვერპლი კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი” გახდა. ლომიძემ შერკინების მესამე ხაზში შეუცვლელად ითამაშა. სტუმართა განაცხადში ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ კობერიძე იყო და მან მოედანზე 32 წუთი გაატარა. მასპინძლებმაპირველ ტაიმში 5 ჯარიმა გაიტანეს, თავად ლელო, გარდასახვა და ჯარიმა მიიღეს და 15:10 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა ლელოები გაცვალეს, დასკვნით 20 წუთში კი, “ბეზიემ” სამი უპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ ეს პრემიალური ქულის ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. “ბეზიე” 8 ქულით მეოთხეა, ხოლო “ტარბი” 4 ქულით მე-12-ე ადგილზეა.

თამაზ მჭედლიძის, ტარიელ რატიანიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენმა” “ბურგონს” ქართველი ლეგიონერების გარეშე უმასპინძლა და 33:36 დამარცხდა. ასტამურ იოსელიანის გარეშე “კარკასონთან” 13:15 დამარცხდა “ნარბონი”. “აჟენი” 2 ქულით მე-13-ეა, ხოლო “ნარბონი” 1 ქულით მე-14-ე საფეხურზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116629