კალათბურთი

16:52 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

"არმიამ" "შსს აკადემიას" აჯობა

საქართველოს 23-ე ეროვნული საკალათბრთო ჩემპიონატის მესამე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს ბოლო ორი პირველობის გამარჯვებული “არმია” და “შსს აკადემია” შეხვდნენ. პირველმა პერიოდმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, მეორე პერიოდიდან უფრო გამოცდილი “არმიელების” უპირატესობა გამოიკვეთა, რომელთაც აკადემიელებს ოთხივე პერიოდი მოუგეს და საბოლოოდ მატჩი 70:55 მათი გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანები გიორგი შარაბიძე (15 ქულა და 15 მოხსნა) და ბუბა კვიმსაძე (16 ქულა) იყვნენ, ხოლო აკადემიელთაგან ყველაზე მეტი ქულა (16) თავის გუნდს კონსტანტინე ტომარაძემ მოუტანა.

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე “არმიელთა” მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განაცხადა, რომ თამაში საინტერესო გამოვიდა და მადლობა გადაუხადა თავის ბიჭებს, რომელთაც მისი მითითებები ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს. ამასთან, მის გუნდს სიმაღლეში უპირატესობა ჰქონდა და ამან განაპირობა მატჩის შედეგი. ასევე, ტუღუშმა მეტოქეს კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.

“შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა დრაგან პეტრიჩევიჩმა “არმიელებს” მოგება მიულოცა და განაცხადა, რომ მოწინააღმდეგის გამარჯვება ძირითადად დაცვაში კარგმა თამაშმა განაპირობა. მან საკუთარი კალათბურთელების მონდომებული თამაში გამოყო და დასძინა, რომ გუნდის საშუალო ასაკი 20-21 წელია და იმედი აქვს, რომ სეზონის განმავლობაში მისი გუნდი თამაშს მოუმატებს. ასევე, პეტრიჩევიჩმა განაცხადა, რომ სეზონის განმავლობაში “არმიაც” კიდევ უფრო ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდება.

 

0.187109