ფეხბურთი

12:06 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტა: “სუარესის სახით “ბარსამ” ბოლო წლების საუკეთესო ტრანსფერი განახორციელა”

ანდრეს ინიესტამ წინასასეზონოდ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. “ბარსელონას” გამოცდილმა და ტიტულოვანმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ახალ სეზონს მოუთმენლად ელის და კლუბის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული ტრანსფერებით კმაყოფილია.

- რა განწყობით ხვდებით ახალ სეზონს?

- მოხარული ვარ, ამ ახალი “ბარსელონის” წევრი რომ ვარ. როდესაც ფეხბურთელი ბევრ სირთულეს გადალახავს, კიდევ უფრო ძლიერი ხდება. მინდორსა და მის გარეთ უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე, რასაც მთლიანად “ბარსას” მოვახმარ. კარიერის დასაწყისიდან დღემდე სწავლას და თამაშის გაუმჯობესებას ვცდილობ. ასაკისა და დაგროვილი გამოცდილების მიუხედავად, ყოველდღიურად რაღაც ახლის ათვისებას ვცდილობ.

- ლუის ენრიკეს მთავარ მწვრთნელად დანიშვნამ გაგახარათ?

- როდესაც “ბარსელონაში” ჩავირიცხე, პირველი ფეხბურთელი, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, სწორედ ლუის ენრიკე გახლდათ. მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, ამიტომაც მიხარია, ლუის ენრიკე “კამპ ნოუს” რომ დაუბრუნდა. ვფიქრობ, მისი ხელმძღვანელობით კარგი და ნაყოფიერი სეზონი გამოგვივა. “ბარსელონას” ახალმა დამრიგებელმა კარგად იცის, რა გააკეთოს, ჩვენ კი მოთამაშეები მას გვერდით დავუდგებით და მწვრთნელის ყველა მითითებას ზედმიწევნით ზუსტად შევასრულებთ.

- “ბარსას” ერთ-ერთი ახალწვეული სკანდალურად ცნობილი ურუგვაელი ლუის სუარესია. როგორ უყურებთ სამხრეთამერიკელის პერსპექტივას “კამპ ნოუზე”?

- სუარესი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მას ბევრი გოლი გააქვს, ამბიციურია და გუნდის კიდევ უფრო მეტად ამოძრავება შეუძლია. ნახევარმცველებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, როდესაც წინა ხაზზე ასეთი ფორვარდი ჰყავს. ჩემი აზრით, სუარესის სახით ბოლო წლების განმავლობაში “ბარსამ” საუკეთესო ტრანსფერი განახორციელა. იმედია, ფიფა მას სანქციას შეუმსუბუქებს და დისკვალიფიკაციის ვადაზე ადრე მოახერხებს მინდორზე გასვლას.

- ჩავიმ საბოლოოდ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა...

- მის წასვლას თითქოს შეგუებულები ვიყავით, მაგრამ ბოლო მომენტში ჩავიმ ყველასთვის მეტად სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო. ჩემთვის ეს ამ ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია. “ბარსასთვის” ჩავის მნიშვნელობაზე საუბარი უადგილოდ მიმაჩნია.

- წინასასეზონოდ “ბარსელონაში” მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. შეძლებთ ახალი ტიტულების მოპოვებას?

- გუნდი პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე გაძლიერდა. წინა სეზონს აქტივში ვერ ჩავიწერთ, ამიტომაც ამჯერად ტიტულების დაუფლებისთვის არაფერს დავიშურებთ.

0.113217