კალათბურთი

1:19 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელებმა ფინალიც შოუდ აქციეს

 

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში მორიგი სპექტაკლი დადგა და სერბეთი 129:92 გაანადგურა. ვინაიდან ამერიკელებმა თამაშს ინტერესი მალევე დაუკარგეს, დასკვნითი მეოთხედი “ოლ სტარს” დაემსგავსა და არაერთი ლამაზი ეპიზოდიც ვიხილეთ, დაცვას კი გუნდები ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ.

ის, რომ მაიკ კრჟიჟევკის გუნდი ესპანეთში დასრულებული მუნდიალის გამარჯვებული გახდებოდა, უმრავლესობისთვის ტურნირის დაწყებამდე ნათელი გახლდათ. პრეტენზიას მხოლოდ მასპინძლები აცხადებდნენ, თუმცა, საბოლოო, ისე მოხდა, ესპანელები მეოთხედფინალსაც ვერ გასცდნენ, აშშ-მ კი ყველა მეტოქეს გადაუარა.

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამერიკელთა შედეგები მსოფლიო პირველობაზე: აშშ – ფინეთი 114:55, თურქეთი – აშშ 77:98, აშშ – ახალი ზელანდია 98:71, დომინიკის რესპუბლიკა – აშშ 71:106, უკრაინა – აშშ 71:95, აშშ – მექსიკა 86:63, სლოვენია – აშშ 76:119, აშშ – ლიტვა 96:68, აშშ – სერბეთი 129:92. ვგონებთ, შთამბეჭდავი მაჩვენებლებია.

უშუალოდ ფინალზე სასაუბროც ბევრი არაფერია. საწყის წუთებზე სერბები 15:7 დაწინაურდნენ და იქნებ, გულში რაღაც ილუზიები გაუკრთათ, თუმცა, ამერიკელებმა პირველივე მეოთხედში ყველაფერი თავის ადგილას დააყენეს და შემდეგ საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობდნენ.

ამ გამარჯვების წყალობით, აშშ-ს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა, სულ კი ჯოლდო მეხუთედ მოიგო და აწ უკვე არარსებულ იუგოსლავიას გაუტოლდა. ამას გარდა, ამერიკელთა აქტივში 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალიცაა.

გასული მუნდიალის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელი კაირი ირვინგი გახდა, რომელმაც ფინალში თამაშიდან 13-დან 10 ტყორცნა (6-დან 6 სამქულიანი) გამოიყენა და 24:30 წუთში 26 ქულა მიითვალა. ცხადია, იგი ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა, რომელშიც ასევე მოხვდნენ მილოშ ტეოდოსიჩი (სერბეთი), ნიკოლა ბატუმი (საფრანგეთი), პაუ გასოლი (ესპანეთი) და კენეტ ფარიდი (აშშ).

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. ფინალი. მადრიდი

აშშ – სერბეთი 129:92 (35:21, 32:20, 38:26, 24:25)

აშშ: კარი (23 წ. 10 ქ.), ფარიდი (20 წ. 12 ქ. 7 მ.), ირვინგი (25 წ. 26 ქ. 4 პ.), ჰარდენი (21 წ. 23 ქ.), დევისი (14 წ. 7 ქ. 4 მ.); ტომპსონი (21 წ. 12 ქ.), როუზი (16 წ. 6 პ.), გეი (16 წ. 11 ქ.), დეროზანი (14 წ. 10 ქ.), პლამლი (9 წ.), კაზინსი (17 წ. 11 ქ. 9 მ.), დრამონდი (5 წ. 6 ქ.).

მწვრთნელი: მაიკ კრიჟიჟევსკი.

სერბეთი: ტეოდოსიჩი (23 წ. 10 ქ. 7 პ.), ბიელიცა (27 წ. 18 ქ. 4 პ.), მარკოვიჩი (23 წ. 3 ქ. 6 მ.), კალინიჩი (25 წ. 18 ქ.), რადულიცა (14 წ. 9 ქ.); სიმონოვიჩი (8 წ.), იოვიჩი (14 წ. 6 ქ.), ბოგდანოვიჩი (24 წ. 15 ქ.), ბირჩევიჩი (8 წ.), კრსტიჩი (13 წ. 4 ქ.), კატიჩი (8 წ. 2 ქ.), შტიმაცი (12 წ. 7 ქ.).

მწვრთნელი: საშა ჯორჯევიჩი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.201054