ფეხბურთი

17:23 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპო ინძაგი: “ფეხბურთელებთან ურთიერთნდობაზე აწყობილი დამოკიდებულება მაქვს”

“მილანის” ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ფეხბურთელთაგან პირველმა მოახერხა ყველა საკლუბო ტურნირში (კონტინენტის გათამაშებებსა და მსოფლიოს საკლუბო პირველობას ვგულისხმობთ) გოლის გატანა. “მილანის” თავდამსხმელთაგან პიპოს ევროტურნირებზე ყველაზე მეტი (39) გოლი აქვს გატანილი, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული ნაკრებთა და კლუბთა შორის, ჩემპიონთა ლიგაც მოუგია და სკუდეტოც. ჟურნალისტებმა ინძაგის პირველი კითხვა “ტორინოსთან” მოახლოებულ მატჩზე დაუსვეს, შემდეგ კი ძირითადად პიპოს სამოთამაშეო პერიოდზე ისაუბრეს.

- 12 თვის წინ “მილანმა” “სასუოლოსთან” წააგო, წლეულსაც პირველი შეხვედრა იმავე “სასუოლოსთან”, ახლა უკვე საკუთარ მინდორზე დათმეთ...

- მაღალი კლასის გუნდებთან უკეთ ვთამაშობთ, რასაც მადრიდის “რეალის” დამარცხებაც მოწმობს. ასპარეზობის გაძლიერება გვმართებს, რასაც აუცილებლად მოვახერხებთ. მითუმეტეს, ტრავმირებულთაგან ბევრი მწყობრში დაბრუნდა და “ტორინოსთან” მხოლოდ დანიელე ბონერა და მარკო ვან გინკელი დაგვაკლდებიან. ჩვენ გუნდში კარგი ფეხბურთელები ირიცხებიან, კოლექტივში საქმიანი ატმოსფეროა შექმნილი. “მილანი” უდიდესი ტრადიციის კლუბია და ყოველმხრივ შევეცდებით, “როსონერისთვის” შესაფერის ადგილზე დავასრულოთ სერია A.

- ოფიციალურ შეხვედრაში პირველი გოლი 1992 წელს გაიტანეთ. მას შემდეგ მოყოლებული უამრავჯერ მოახერხეთ მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა. ყველაზე მეტად რომელმა გოლმა გაგახარათ?

- იტალიის ჩემპიონატის შეხვედრებში ყველაზე მეტად მაინც მილანურ დერბიში გატანილი გოლები მახარებენ. საერთაშორისო მატჩებს რაც შეეხება, არასდროს დამავიწყდება 2002-03 წლების საჩემპიონთალიგო შეხვედრა ამსტერდამის “აიაქსთან”. ასპარეზობის 92-ე წუთზე მეტად მნიშვნელოვანი გავიდა. ბურთი ჩემს ანგარიშზე არ ჩაუთვლიათ, არადა, დარტყმაში მთელი ძალა და მონდომება ჩავდე, კარისკენ წასული ბურთი კი იონ დალ ტომასონს შეეხო და გოლი დანიელს ჩაუწერეს. მე კი იმ ბურთს მაინც “ჩემად” ვთვლი. ამ გოლით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით, ამ ეტაპზე “ინტერს” ვძლიეთ, ფინალში კი “იუვენტუსს” და თასს დავეუფლეთ. იმავე გათამაშებაში მეტად მნიშვნელოვანი ბურთები გავუტანე, აგრეთვე, “ბაიერნსა” და “დეპორტივოს”. თანაც, ლა კორუნიაში ჰეთ-თრიკი შევასრულე, მიუნხენში კი ორჯერ ვითამაშე დასწრებაზე და... საერთოდ, ჩემპიონთა ლიგის ის ტურნირი სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში. გუნდურ ტრიუმფთან ერთად, საკუთარი გამოსვლითაც კმაყოფილი დავრჩი. ჯამში 10 გოლი გავიტანე და მხოლოდ “მანჩესტერის” ჰოლანდიელმა ბომბარდირმა რუუდ ვან ნისტელროიმ გამასწრო.

- ფეხბურთელობა ბავშვობიდან გსურდათ?

- დიახ. ადრეული ასაკიდან ჩემი ძირითადი გატაცება მხოლოდ ფეხბურთი გახლდათ. მთელი დღის განმავლობაში ვთამაშობდი, საღამოს კი ტელევიზორს მივუჯდებოდი და რეპორტაჟებს ვუცქერდი. პატარაობიდანვე პარტნიორად უმცროსი ძმა სიმონე მყავდა. თავიდანვე ფორვარდების თამაში მხიბლავდა, ამიტომაც საფეხბურთო ამპლუის არჩევისას ოდნავადაც არ მიყოყმანია. ვგიჟდებოდი პაოლო როსის, მარკო ვან ბასტენის, დეიან სავიჩევიჩის თამაშზე. ეს უკანასკნელი გამოკვეთილი თავდამსხმელი არ იყო, მაგრამ მის საფეხბურთო ტალანტს დღემდე აღტაცებაში მოვყავარ. ვფიქრობ, ჩემი კერპების ურიგო მოსწავლე არ ვარ - არცთუ ცუდ ფორვარდად ჩამოვყალიბდი და ბევრი ტიტულიც მოვიპოვე. ამასთან, თუკი ადრეულ ასაკში ფეხბურთი ჩემი ჰობი იყო, თანდათან იგი ჩემს პროფესიად გადაიქცა. საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ისეთივე სიხარულით ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი, როგორც პატარაობისას. ეს კი უმთავრესია. სხვა შემთხვევაში წვრთნაც მოგყირჭდება, თამაშიც ყელში ამოგივა და პროფესიული ასპექტით ერთი ადგილის ტკეპნად დაიწყებ.

- მოდით, თქვენთვის კიდევ ერთ სასიამოვნო თემაზე ვისაუბროთ. 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდით. რის ხარჯზე მოახერხა “სკუადრა აძურამ” მუნდიალის მოგება?

- მსოფლიოს პირველობაზე მონაწილე ნაკრებთა უმრავლესობა უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, პირველობაზე პრეტენზია კი მინიმუმ 5 ეროვნულ გუნდს გააჩნდა. ჩვენმა ნაკრებმა ყველას მაღალი კოლექტიური სულისკვეთებით აჯობა. მუნდიალის სტარტამდე რამდენიმე თვით ადრე კალჩოში წამოჭრილმა პრობლემებმა კალაპოტიდან კი არ ამოგვაგდო, უფრო შეგვაკავშირა. მარჩელო ლიპის გუნდის წევრები ძირითად და სარეზერვო მოთამაშეებად არ დაუყვია, ამიტომაც ფეხბურთელები, რომლებიც სატარტოში ვერ ხვდებოდნენ, ბოღმითა და შურით კი არ სკდებოდნენ, არამედ მინდორზე გასული ბიჭების ყველაზე გულმხურვალე ქომაგებად გადაიქცეოდნენ. დელეგაციის ხელმძღვანელი ლუიჯი რივასა და დამრიგებელ მარჩელო ლიპიდან დაწყებული, სამედიცინო პერსონალით დამთავრებული, ყველანი ერთიანი მონოლითი ვიყავით. ყოველწუთიერად ვგრძნობდით ტიფოზების მხარდაჭერასაც. ბევრმა გულშემატკივარმა გერმანიაში საქომაგოდ ჩამოგვაკითხა, იტალიაში დარჩენილი ფანების შემწეობა კი უხილავი სიმებით გვეხმარებოდა. აი, ამიტომაც მოვიგეთ მუნდიალი. პირადად მე ტურნირზე სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ მქონია. მხოლოდ ჩეხების წინააღმდეგ ვითამაშე ნახევარი საათი, მაგრამ სანუკვარი ოცნება ავიხდინე - მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გოლის გატანა შევძელი! ტრავმის გამო, სეზონის დიდი ნაწილი გამიცდა, ვფიქრობდი, გერმანიაში “სკუადრა აძურასთან” ერთად გამგზავრება არ მომიწევდა. თუმცა, სეზონის დასკვნითი ნაწილი შედეგიანად ჩავატარე, რითაც ლიპის ნდობა დავიმსახურე.

- მწვრთნელის პროფესიაში ყველაზე მეტ სირთულეს რა წარმოადგენს?

- მწვრთნელად მუშაობა სუფთა ფურცლიდან დავიწყე. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელებთან ურთიერთნდობაზე აწყობილი დამოკიდებულება მაქვს. თავის დროზე ძალიან გამიჭირდა ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება. მოგვიანებით ეს ნაბიჯი ადრიანო გალიანის, მეუღლისა და ძმის რჩევის შემდეგ მივიღე. სწორედ მათ დამარწმუნეს, რომ სამოთამაშეო კარიერისთვის წერტილი უნდა დამესვა. მათ ამისთვის მადლობას ვუხდი - მწვრთნელად გახდომის შემდეგ ფეხბურთში დავრჩი და ბედნიერი ვარ. ფეხბურთო ზომაზე მეტად მიყვარს, ჩემი საფეხბურთო ბიოგრაფიის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი კი საკუთარი შესაძლებლობებისადმი ურყევი რწმენაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098509