რაგბი

17:29 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ავჭალაში თამაშები გრძელდება

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი აგერ უკვე ორი კვირაა დიდ შესვენებაზე გავიდა, მაგრამ გადადებული თამაშები რომ დაგროვდა, რამდენიმე გუნდს დასასვენებლად ჯერ არ სცალია.

ერთი გასულ კვირას გაიმართა, ორი ამ უქმეებზეა დანიშნული, კიდევ ერთის გამართვის თარიღი კი, მოგვიანებით დადგინდება. შაბათს ჩატარებული თამაშების რაოდენობით დანარჩენებს გაუტოლდებიან თბილისის “არმია” და რუსთავის “ხარები”. მატჩი “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება და რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე, დიდი ბრძოლა უნდა გაიმართოს.

გასული პირველობის ვიცე-ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში ჩატარებული 10 თამაშიდან 6 წააგო, მაგრამ გამანადგურებელი მარცხი მხოლოდ “ხარებისგან”, რუსთავში იწვნია (3:44) და ნიკო ჭავჭავაძის შეგირდებს რევანშის მომეტებული წყურვილი ექნებათ. ამასთან, თბილისელები ამჟამად მე-8 პოზიციაზე არიან, მის გარშემო სულ ისეთმა გუნდებმა მოიყარეს თავი, რომელთაც ასევე გამოტოვებული შეხვედრები აქვთ და მოგება სუფთა სპორტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

თავის მხრივ, “ხარებს” ბოლო სამი თამაშია აღარ მოუგია (2 წაგება და 1 ფრე) და ერთ დროს მყარი მეორე პოზიცია მეოთხეშიც “უპრობლემოდ” გაცვალა. ქვემოქართლელებს გამოტოვებული თამაშის მოგებით “ლელო სარასენსთან” და “ბათუმთან” ქულებით გატოლების შანსი ექნება, ხოლო გამარჯვებას პრემიალური ქულაც თუ შეემატა, მაშინ მეორე საფეხურზე დაბრუნდება. ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ექვსეულში დაბრუნების შანსი აქვს “არმიას” და თავის მხრივ ისიც მაქსიმუმს ეცდება. თამაშს გუნდები სამკვირიანი შესვენების შემდეგ ატარებენ, რაც მათ ტონუსზე აუცილებლად აისახება, თუმცა, მეორეს მხრივ, ასეთი პაუზის ფონზე მწვრთნელებს ტრავმირებული მოთამაშეების კუთხით პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ.

კვირას, ასევე “ავჭალაზე” და ასევე 14 საათზე სამიდან მეორე გადადებულ თამაშს იწყებს თბილისის “არმაზი”. გუნდმა პირველი შანსი ვერ გამოიყენა და “ლოკომოტივთან” უპირობოდ დამარცხდა. თუ არმაზელებმა ახლაც ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება და საუკეთესო ექვსეულთან 9-ქულიანი ჩამორჩენა შენარჩუნდა, მერე მათ მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ და ამიტომ, უშუალო კონკურენტ “ჯიქებთან” სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართება.

მომავალ თამაშს ორივე გუნდი მარცხიანი სერიით ხვდება - “არმაზმა” ზედიზედ სამი, ხოლო “ჯიქებმა” ორი მატჩი დათმო. აღსანიშნავია, რომ მანამდე ორივე გუნდმა აუტსაიდერი “თიბიეს უნივერსიტეტი” დაამარცხა.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

20 დეკემბერი. გადადებული

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

არმია (თბილისი) - ხარები (რუსთავი)

21 დეკემბერი. გადადებული

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

ჯიქები (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

1 ყოჩები 11 10 1 0 259-136 44
2 ლელო სარ. 11 6 2 3 209-151 30
3 ბათუმი 11 6 1 4 205-175 30
4 ხარები 10 5 2 3 171-141 26
5 აია 11 5 0 6 172-175 24
6 ლოკომოტივი 10 4 1 5 147-143 23
7 ჯიქები 10 4 1 5 138-147 20
8 არმია 10 4 0 6 136-184 19
9 არმაზი 9 3 0 6 146-183 14
10 თიბიეს უნივ. 11 1 0 10 150-298 7

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118722