ფეხბურთი

14:46 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავით ფრუიძე: „ამ სეზონში ფინანსურად შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ“

მას შემდეგ, რაც ქუთაისის „ტორპედოს“ კომპანია „ვისოლი“ საბოლოოდ დაემშვიდობა, კლუბის მეპატრონე ქალაქის მერია გახდა. შეიცვალა გუნდის მთავარი მწვრთნელი და აღმასრულებელი დირექტორიც. ფაქტობრივად, „ტორპედო“ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის და შესაბამისად, ამა თუ იმ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები მომავალშიცაა მოსალოდნელი.

„ტორპედოში“ არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე კლუბის ახალი აღმასრულებელი დირექტორი დავით ფრუიძე „ტორპედოს“ ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.

- ბატონო დავით, თავდაპირველად, გთხოვთ, გულშემატკივრებს წარუდგინოთ საკუთარი თავი...

- დავიბადე ქუთაისში. წლების განმავლობაში ვიყავი ამავე ქალაქის სპორტკომიტეტის თავჯდომარე. ახლო შეხება მქონდა ფეხბურთთან და უშუალოდ ვკურირებდი ქუთაისის „ტორპედოს“. ჩემი ყოველდღიური რეჟიმის დაახლოებით 40 პროცენტი სწორედ ამ კლუბისთვის იყო განსაზღვრული. ვმუშაობდი ქუთაისის ვიცე-მერად. წლების წინ გავხდი სპორტის დამსახურებული მუშაკი. ერთი პერიოდი მქონდა მინისტრის მოადგილის სტატუსიც. ვიყავი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა(უფროსი ნოდარ ახალკაცის დროს) და ძლეოსნობის ფედერაციის აღმასკომის წევრი. ასევე, ბალახის ჰოკეის რესპუბლიკური ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი. მიმდინარე წლის თებერვლიდან კი დავუბრუნდი იმ სფეროს, რომელიც ძალიან მიყვარს. მე თვითონაც სპორტსმენი გახლდით. როგორც მძლეოსანს, პირველი თანრიგი მქონდა. ერთი სიტყვით, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი სპორტთან ურთიერთობაში მაქვს გატარებული.

- კომპანია „ვისოლმა“ კლუბი ქალაქის მერიას გადაუფორმა. ეს ხელშეკრულება რა ქონებას მოიცავს?

- სანამ წესდებაში ჩაიწერება, წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მფლობელობაში იქნება ცენტრალური სტადიონი, მის ტერიტორიაზე არსებული სათადარიგო მოედნები, ჩოგბურთის კორტები და რაღა თქმა უნდა, საწვრთნელი ბაზაც. რაც შეეხება გამაჯანსაღებელ ცენტრ „ლაგუნასა“ და ბალახის ჰოკეის მოედანს, რომელიც არის სინთეთიკურსაფარიანი, ესენი ისევ „ვისოლის“ საკუთრებაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჰოკეის მოედანიც უნდა დაუბრუნდეს ქუთასის საფეხბურთო ცხოვრებას. ისევე როგორც ეს, ასევე სარბენი ბილიკებიც თავის დროზე ჩემი ინიციატივითაა გაკეთებული და ძალიან მინდა, რომ კვლავ ფეხბურთისთვის იყო გამოსადეგი, რადგან აღნიშნული მოედანი გაკეთდა იმისთვის, რათა ზამთარში ფეხბურთელებს ევარჯიშათ იქ.

მომავალში არის გათვალისწინებული სახელმწიფო განვითარების პროგრამის ამუშავება, რომლის ფარგლებში ქუთაისში უნდა აშენდეს საფეხბურთო აკადემიაც, რომელიც აქამდე არ იყო და ამან, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ქუთაისის „ტორპედო“. ეს თუ არ გაკეთდა ქუთაისური ფეხბურთი ჩიხში დარჩება და დამოკიდებული ვიქნებით არა ჩვენს აღზრდილებზე, არამედ სხვა გუნდებიდან დაწუნებულ ფეხბურთელებზე. ჩვენ გვინდა, რომ აკადემია აშენდეს ცენტრალურ სტადიონზე, სადაც უნდა მოეწყოს ერთი ხელოვნუსაფარიანი მოედანი, აღდგეს და მოწესრიგდეს ერთი ბუნებრივსაფარიანიც. „ვისოლმა“ დაგვიტოვა 50ხ50-ზე მეტრი ზომის მოედანი, თავისი საფარით, რომელიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მოსაწყობია მხოლოდ მისი სადრენაჟო სისტემა. ამდენად, ზემოხსენებული ჰოკეის მოედნის დაბრუნებით ეს ყველაფერი მოექცევა ერთ კოპლექსში. თანაც, ჩოგბურთის კორტებიც ჩვენია, სადაც არის ორსართულიანი შენობა და ვფიქრობთ, რომ იქ გაკეთდეს გასახდელი, ოთახი მწვრთნელებისთვის და ა.შ.. აკადემიასთან დაკავშირებით ჩამოყალიბება გვჭირდება, რათა სამომავლოდ სწორად ვიმოქმედოთ.

- ფაქტია, ახალი ეტაპი, როგორც მინიმუმი, ნულიდან არ დაიწყება...

- გეთანხმებით. „ვისოლს“ ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული ქუთაისში და მათ დაუმსახურებელი საყვედურები მიიღეს. საუბრობენ იმაზე, თუ ევროსპარეზზე რა გააკეთეს. ეს რას ნიშნავს? შეიძლება, წლების განმავლობაში ვერ გაეკეთებინა ვერაფერი, ამიტომ ლანძღვა უნდა დავუწყოთ? სხვა ქართული გუნდებიც წარუმატებლად გამოვიდნენ, მაგრამ მე არ მინახავს ვინმე, რომ გამოსულიყო და ამაში კლუბის მფლობელი დაედანაშაულებინა. ვინც მუშაობს, შეცდომა მას მოდის. თბილისის „ლოკომოტივიდან“, რომ ჩამოიყვანეს ბიჭები, მე მაგალითად, მათ თამაშს სიამოვნებით ვუყურებდი და ძალიანაც მომწონდა. ქუთაისში მოთმინება უნდა გამოეჩინათ და სამომავლოდ ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საერთოდ ქართველები ვართ სულსწრაფი ხალხი. ერთი შეცდომა, ალბათ, ის იყო დაშვებული, რომ გაცილებით უკეთესი შედეგის მისაღებად 5-6 გამოცდილი ფეხბურთელი უნდა დაეყენებინათ იმ ბიჭების გვერდით. კი, მათ ითამაშეს 10 მატჩი, მაგრამ ამით თავიანთი რესურსი ამოწურეს და ფსიქლოგიურადაც მზად აღარ აღმოჩნდნენ.

- როგორც ცნობილია, „ვისოლმა“ გარკვეული თანხა დატოვა, გარდა ამისა, კიდევ რა ფინანსურ სახსრებს ელოდებით ქალაქის მერიისგან?

- „ვისოლმა“ 500 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარში დატოვა, რაც სეზონის დასრულებამდეა განსაზღვრული. ვთქვათ ისიც, რომ ამ თანხის მოხმარება 2015 წლის იანვრიდან უნდა დავიწყოთ. კლუბის ყველა სახის ხარჯი მაისამდე არ უნდა ასცდეს 900 ათას ლარს. მერისა და გუბერნატორის დამსახურებით, ქალაქის ახალი ბიუჯეტიდანაც დაფინანსდება „ტორპედო“, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა ოდენობის თანხით მოხდება ეს. გარდა ამისა, სულ ცოტა საკუთარი შემოსავლებიც აქვს კლუბს, შედეგად, ეს თანხაც გაზრდის ბიუჯეტის მოცულობას. ამდენად, ჩვენ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ამ სეზონში ფინანსურად მშვიდად ვიყოთ. აქამდე პრობლემა იყო ჭაბუკთა ლიგაზე მოასპარეზე ჩვენი ასაკობრივი გუნდების ხელფასებისა და კვების საკითხი, რომლებიც 1 იანვრიდან გამოსწორდება და იქნება სათანადო ხელფასი, კვება და ტრანსპორტირება. ასევე, გუნდებს ეყოლება მასაჟისტი და ადმინისტრატორი. მოკლედ, ამ კუთხითაც ვითარება სასიკეთოდ შეიცვლება, რადგან ეს ემსახურება ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას.

- კიდევ რა პრობლემებს ხედავთ უშუალოდ კლუბში და მის ირგვლივ?

- მიმაჩნდა, რომ არასწორი პოლიტიკა იყო უშუალოდ პირველ გუნდთან მიმართებით, რაში გამოიხატებოდა ეს - იყო გადაჭარბებული ხელფასები, ცუდი დისციპლინა და ურთიერთობა ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას შორის. გატარდება მკაცრი ღონისძიებები. საწვრთნელ ბაზაზე, სადაც იცხოვრებს მხოლოდ 23 ფეხბურთელი და პლუს მწვრთნელთა შემადგენლობა, ზედმეტი ვერავინ ვერ შევა. უფრო მკაცრი, თუმცა ზომიერი, იქნება ურთიერთობები. ბაზაზე არსებული საცხოვრებელი შენობის მე-3 სართულზე იყო მინი-დარბაზი, სადაც ხდებოდა თამაშის გარჩევა და ტაქტიკის დამუშავება, ის ოთახი დღეს არც მეტი, არც ნაკლები გავერანებულია. ამიტომ უადგილო ადგილას ხდებოდა ამ პროცესის ჩატარება. ის ოთახი გაკეთდება, პლუს, სტუმრებისთვის, რომლებიც დუბლებსა და ასაკობრივ გუნდებს შეხვდებიან, მოწესრიგდება გასახდელი ოთახი და თანდათან ეს პრობლემებიც მოიხსნება.

- თქვენი, როგორც კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, პრიორიტეტები რა იქნება?

- პირველი გუნდის მშენებლობასთან ერთად საფეხბურთო აკადემიის დაარსება. ეს ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ქუთაისის სპორტულ ცხოვრებაში მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი. აღარ ჩამოვთვლი იმას, თუ რა გამიკეთებია. მინდა, რომ ჩემი ქალაქისთვის კიდევ ბევრი გავაკეთო. საერთოდ, მე ასეთი სტილით ვმუშაობ, სამსახურში ვიღებ ისეთ ადამიანს, რომელსაც ვენდობი და მან ჩემზე მეტი უნდა იცოდეს კონკრეტულ სფეროში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონტროლს იქით გავიდეს. თავიდან ვთანხმდებით ძირითად მიმართულებებზე, დანარჩენი კი უკვე მისი გადასაწყვეტია. ბუნებრივია, ყველას პროფესიონალიზმის მიხედვით ვარჩევ. ვინაიდან, კლუბში განვითარებულ მოვლენებზე მთავარი პასუხისმგებელი მე ვიქნები, შეიძლება ზოგჯერ უხეშადაც გამომივიდეს, თუმცა მაინც არავის არ მოვერიდები...

- სპორტულ მხარეზე გადავიდეთ, გიორგი დარასელიას სახით „ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რამდენად იცნობთ მის შესაძლებლობებს?

- დიდი ხანია, რაც დარასელიას ვიცნობ. როცა სპორტკომიტეტის თავჯდომარედ ვმუშაობდი, ის მაშინ ფეხბურთელი იყო. იმდენად ვიყავი ჩართული ფეხბურთში, რომ გუნდს ყველა გასვლით თამაშზე დავყვებოდი, ეს ქალაქის იმდროინდელი ხელმძღვანელის დავალებაც იყო. როგორც ფეხბურთელი, იყო დისციპლინირებული, პრინციპული და თავისი თავის მომთხოვნი. კარგი გაგებით, თავისას არაფერს არ მისცემდა სხვას, თუმცა არც სხვისას აიღებდა. ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვისაუბრეთ გუნდის მომავალზე და დაახლოებით ერთნაირი შეხედულებები გვაქვს. რა თქმა უნდა, მე საწვრთნელ პროცესში არ ჩავერევი. ამ მხარეზე მთავარმა მწვრთნელმა უნდა იზრუნოს და პასუხი აგოს. ჩვენ რა შესაძლებლობაც გვექნება, იმის მიხედვით, მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში. როგორც მწვრთნელი, ვიცი, რომ ისრაელში მუშაობდა ასისტენტად, სადაც მისმა გუნდმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. როცა ნორმალურ კლუბში დამხმარე მწვრთნელად მუშაობ და ბევრი გეთქმის, გამოდის, რომ მისი მუშაობა შედეგიანი იყო. შემდეგ უკვე გორის „დილაში“ შთამბეჭდავი სერია მოაწყო მთავარი მწვრთნელის რანგში. მას შეუძლია ფეხბურთელებთან კონტაქტის დამყარება ისე, როგორც საჭიროა. შეიძლება კარგი ხელმძღვანელი იყო, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობა თუ არ იცი, ვერაფერს ვერ გავაკეთებ. დარასელიას, როგორც მწვრთნელს, ახლოდან აქ გავიცნობ. მას საკმაო ნდობა ექნება ჩვენი მხრიდან.

- ახალი წლიდან ახალი კონტრაქტებიც გაფორმდება. ალბათ, გადაწყვეტილია, რომ რიგ ფეხბურთელებთან თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება...

- კი ბატონო, იქნებიან ასეთები, თუმცა გიორგი დარასელიასთან მიდის საუბრები და ცხადია, მასთან შეთანხმებით დაკოპლექტდება გუნდი. ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ კარგი პირობები ექნებათ მათ და გაუგებარია, რატომ უნდა წავიდეს ქუთაისელი ფეხბურთელი სხვაგან. აქცენტი ადგილობრივებზე გაკეთდება. ყველანაირად ვცდილობთ, რომ საჭირო ფეხბურთელები შევინარჩუნოთ. ვაჟა ტაბატაძეზე იყო საუბრები და პირადად მე ვაცხადებ, როგორც აღმასრულებელი დირექტორი, რომ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რათა ეს ბიჭი დარჩეს ქუთაისის „ტორპედოში“. მან რა პირობებზეა საუბარი. ჩვენ ის შეგვიძლია, რომ შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთოთ ყველაფერი და დამეთანხმებით, ძალით ვერავის ვერ გავაჩერებთ. განა, რატომ უნდა გვინდოდეს ასეთი ძლიერი ფეხბურთელების გაშვება?!

ჩვენ რეალურად უნდა შევხედოთ, რომ იმაზე რთულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე გასულ თებერვალში ვიყავით. იმიტომ, რომ მაშინ ქვედა ექვსეულში თამაშობდა გუნდი და შედარებით უფრო მარტივი იყო მიზნის მიღწევა. ახლა კი, 15 გუნდს უნდა ეთამაშო, რომელთა დონე თითქმის თანაბარია.

- ახალწვეულების მოსაყვანად აქტიურად მუშაობთ?

- რა თქმა უნდა, ვაქტიურობთ და მოლაპარაკებებს ვმართავთ ახალ ფეხბურთელებთან, მაგრამ ასევე არიან სხვა გუნდებიც. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ უმაღლესი ლიგიდან არ გავვარდეთ. იმ შემადგენლობითაც კი, რომელიც იყო ბოლოს, მინიმუმ ექვსეულში მაინც უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

- კლუბის ლოგოსა და ფერების შეცვლას თუ აპირებთ?

- დიახ, კლუბს უნდა დაუბრუნდეს თავისი ტრადიციული ფერები, რომლებიც ძირითადად იყო თეთრი და შავი, მესამე ფერი კი, სავარაუდოდ, წითელი იქნება. ლოგოს შეცვლაზეც ვფიქრობთ და მიდის კიდევაც მუშაობა, ოღონდ ახალი სეზონიდან მოხდება ეს.

- როდის შეიკრიბება გუნდი ქუთაისში და არის თუ არა უცხოურ შეკრებაზე საუბარი?

- გუნდი 3 იანვარს შეიკრიბება ქუთაისში. თვის ბოლოს კი, ალბათ, გაეგმზავრება თურქულ შეკრებაზე. ეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაროთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად, მაგრამ, მგონი, არ იქნება არანაირი პრობლემა. უმეტესობა ქართული გუნდი უცხოეთში აპირებს მოსამზადებელი ეტაპის გავლას და იმედია, გამონაკლისი არც „ტორპედო“ იქნება.

- კიდევ რა სიახლეებია მოსალოდნელი კლუბში?

- ინფრასტრუქტურის კუთხით ალბათ სახელმწიფო პროგრამის ამუშავებასთან ერთად დავიწყებთ ახალი პროექტების განხორციელებას. იქამდე კი, სტადიონის ტაბლო აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ასევე, უახლოეს მომავალში კლუბს ეყოლება საპატიო პრეზიდენტიც.

ვფიქრობთ, რომ შევქმნათ ქუთაისის „ტორპედოს“ მეგობართა კლუბი, სადაც იქნება სერიოზული ხალხი, მათ შორის ბანკირები. ოთხ ბანკირს უკვე სურვილი აქვს, რომ ამ კლუბში გაწევრიანდეს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთანაც ვაპირებთ თანამშრომლობას. ჩემთვის მთავარია, „ტორპედოს“ რას შეჰმატებენ.

- კერძო სპონსორის მოზიდვა თუ იქნება თქვენი სამომავლო გეგმის ნაწილი?

- კი ვფიქრობთ, მაგრამ ჯერჯერობით მიმდინარე საქმეებით უფრო ვართ დაკავებული. მაქვს კონტაქტები რამდენიმე ინვესტორთან, მათ შორისაა ჰოლანდიური „ვიტესის“ ერთ-ერთი მფლობელი, რომელთანაც ქალაქის ხელძღვანელობასთან ერთად დავილაპარაკებთ. მის გარდა, კიდევ არის რამდენიმე, მაგრამ, ძალიან რთულია, რადგან აქ თანხა ისე იხარჯება, რომ ბიზნესი მოგებას ვერ ნახულობს. ერთხელ შეიძლება გააკეთო ქველმოქმედება, მაგრამ როცა ვალდებულებას იღებ, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული უნდა იყოს და დიდი ფულიც გქონდეს. ეს არის გრძელვადიანი ბიზნესი, რომელმაც შეიძლება ათ წელიწადშიც არ მოგცეს მოგება. ხომ იცით, ჩვენი წინაპრების გამონათქვამი, ნერგი თუ სწორად დარგე, შეიძლება, მის ნაყოფს თავად ვერ მოესწრო, მაგრამ შენს შთამომავლობას მაინც მისცემს ნაყოფს.ზუსტად ასე მინდა, რომ სწორი მიმართულებით მუშაობის შედეგად, კარგი საფუძველი დახვდეს იმას, ვინც ჩემ შემდეგ მოვა.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

- მადლობა. მზად ვარ, ქუთაისის „ტორპედოს“ ვემსახურო. დიდ წარმატებებ ვუსურვებ გუნდს. ჩვენი მხრიდან კი, პირობას ვდებ, რომ არსებული ბიუჯეტიდან ყოველი თეთრი კლუბს მიზნობრივად მოხმარდება.

fctorpedo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116761