ფეხბურთი

10:54 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში წელი შეაჯამეს – პირლო ისევ მწვერვალზეა

იტალიაში ყოველწლიური გალადაჯილდოება გაიმართა. აპენინზე ყოველი წლის მიწურულს პოზიციების მიხედვით გამოარჩევენ ფეხბურთელებს.

2014 წლის სერია A-ს საუკეთესო მეკარედ ტურინის ”იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა. ბუფონმა უკან მოიტოვა სამირ ჰანდანოვიჩი და “ნაპოლის” ექს კიპერი პეპე რეინა.

წლის საუკეთესო მარჯვენა მცველის ნომინაციაში “ტორინოს” ფლანგელმა 24 წლის მატეო დარმიანიმ აჯობა კონკურენტებს. მეორე-მესამე ადგილებზე შესაბამისად ბრაზილიელი მაიკონი და შვეიცარიელი შტეფან ლიხშტაინერი გავიდნენ.

დაცვის საპირისპირო ფლანგზე საუკეთესოდ “იუვენტუსის” განელი ლეგიონერი კვადვო ასამოა აღიარეს, რომელმაც იტალიელებს, მატია დე შილიოს და მანუელ პასკუალს აჯობა.

საუკეთესო მარჯვენა ცენტრალური მცველი ვეტერანი ანდრეა ბარძალი გახდა “იუვენტუსიდან”. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა რომაელი ლეანდრო კასტანი და თანაგუნდელი ლეონარდო ბონუჩი ჩამოიტოვა.

მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ყველას აწ უკვე “ბაიერნის” უკანახაზელმა მეჰდი ბენატიამ აჯობა. ბენატიას კონკურენტები ჯორჯო კიელინი და დავიდე ასტორი გახლდნენ.

მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე პირველობა არავის დაუთმო “იუვენტუსელმა” პოლ პოგბამ. 21 წლის ფრანგმა მირალემ პიანიჩს და ანტონიო კანდრევას გადაასწრო.

მარცხენა ცენტრალური ნახევამცველის პოზიციაზეც “ბებერი ქალბატონის” წარმომადგენელმა გაიმარჯვა. არტურო ვიდალმა “ფიორენტინას” კოლუმბიელი ლეგიონერი ხუან კუადრადო და “რომას” ლიდერი დანიელე დე როსი მოიტოვა უკან.

საუკეთესო ცენტრალური ნახევამცველი უბერებელი ანდრეა პირლო გახდა. მაესტროს კონკურენტები ესპანელი ბორხა ვალერო და ბელგიელი რედჯა ნაინგოლანი იყვნენ.

თავდასხმის მარჯვენა ფლანგზე პირველობა არავის დაუთმო კალჩოს გასული სეზონის საუკეთესო გოლეადორმა ჩირო იმობილემ. ახლა უკვე “დორტმუნდის” 24 წლის ფორვარდმა თავისი სახელოვანი თანამემამულენი, ფრანჩესკო ტოტი და ლუკა ტონი დაჩაგრა.

საუკეთესო ცენტრალური თავდამხმელი “ნაპოლის” არგენტინელი შემტევი გონსალო იგუაინი გახდა. მეორე ადგილი იტალიელ ალესიო ჩერჩის ერგო, ხოლო პოდიუმის მესამე საფეხურზე “ფიორენტინას” ლიდერ ჯუზეპე როსის ვხედავთ.

მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე პირველობა იგუაინის თანამემამულემ კარლოს ტევესმა ირგუნა. “აპაჩმა” უკან მოიტოვა შესაბამისად “რომას” ორი ფეხბურთელი – იტურბე და ჟერვინიო.

საუკეთესო მწვრთნელის წოდებაც ტურინის “იუვენტუსის” წარმომადგენელს ხვდა წილად. აწ უკვე იტალიის ნაკრების მესაჭემ ანტონიო კონტემ ყველას აჯობა. მეორე ადგილზე რუდი გარსია, ხოლო მესამე პოზიციაზე ვინჩენცო მონტელა გავიდა.

სერია B-ს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ ლევან მჭედლიძის თანაგუნდელი დანიელე რუგანი დასახელდა. რუგანი 20 წლისაა და იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული.

2014 წლის საუკეთესო გუნდად ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” დასახელდა.

საუკეთესო მსაჯთა სამეული კი შემდგეგნაირად გადანაწილდა: რიცოლი, ორსატო, როკი.

რაც შეეხება წლის საუკეთესო ფეხბურთელს, ეს საპატიო ჯილდო 35 წლის ლეგენდას ანდრეა პირლოს ხვდა წილად.

საბოლოოდ კი წარმოგიდგენთ ყველა გამარჯვებულ ნომინაციას:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი;

მარჯვენა მცველი: მატეო დარმიანი;

მარჯვენა ცენტრალური მცველი: ანდრეა ბარძალი;

მარცხენა ცენტრალური მცველი: მეჰდი ბენატია;

მარცხენა მცველი: კვადვო ასამოა;

მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველი: პოლ პოგბა;

ცენტრალური ნახევამცველი: ანდრეა პირლო;

მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველი: არტურო ვიდალი;

მარჯვენა თავდამსხმელი: ჩირო იმობილე;

ცენტრალური თავდამსხმელი: გონსალო იგუაინი;

მარცხენა თავდამსხმელი: კარლოს ტევესი;

საუკეთესო მწვრთნელი: ანტონიო კონტე;

საუკეთესო მსაჯი: ნიკოლა რიცოლი;

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: დანიელე რუგანი;

საუკეთესო გუნდი: “იუვენტუსი”;

საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეა პირლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111709