ფეხბურთი

18:08 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალი, ურთიერთშეხვედრების ისტორია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. წყვილების შესახებ უკვე მოგახსენეთ, ახლა კი ყურადღება ურთიერთშეხვედრებზე გავამახვილოთ.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის "რეალი" გელზერკირხენის "შალკეს" დაუპირისპირდება. ამ გუნდებს შორის შეხვედრა პირველად გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიმართა. მაშინ ორრაუნდიან დაპირისპირებაში “რეალმა” 9:2 მოიგო. ტონი კროოსმა კენჭისყრის შემდეგ "თვითერის" ოფიციალურ გვერდზე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება "შალკესთან" და ჰიოვედესთან დაპირისპირებას.

გასული სეზონის ფინალისტი მადრიდის "ატლეტიკო" ლევერკუზენის "ბაიერს" დაუპირისპირდება. ამ გუნდებს შორის მატჩების რაოდენობა მხოლოდ ორია. პირველად ეს გუნდები 2010/11 წლების ევროპის ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ და ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშებით 1:1 დასრულდა.

ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოვლენას პსჟ და "ჩელსი" უკვე მეორედ შეეცდებიან. პირველად ამ გუნდების გზები ევროასპარეზზე 2004/05 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. მაშინ ლონდონელებმა შინ ფრედ (0:0) ითამაშეს, ხოლო სტუმრად "სტად დე ფრანსზე" პარიზელები 3:0 დაამარცხეს. მეორე ორმატჩიანი სერია გასული სეზონის მეოთხედფინალში გაიმართა, სადაც გამარჯვებული კვლავაც ჟოზე მოურინიოს გუნდი გახდა. სტუმრად წაგებული მატჩის შემდეგ (1:3), "სტემფორდ ბრიჯზე" "არისტოკრატებმა" ფრანგები 2:0 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ. საინტერესო როგორ მიიღებენ ლონდონელი გულშემატკივრები "ჩელსიდან" პსჟ-ში ახლად გადაბარგებულ ბრაზილიელ დავიდ ლუიზს.

ხმაურიანი დაპირისპირებები გაიმართება ტურინსა და დორტმუნდში. იტალიის ღირსებას ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ "იუვენტუსი" თუ დაიცავს და ბოლო წლების ჩავარდნილ სეზონებს თუ გავითვალისწინებთ, დროა "იუვემ" გაიღვიძოს. მიუხედავად იმისა, რომ "ბორუსია" გერმანიის ჩემპიონატში მატჩიდან მატჩის წაგებითაა დაკავებული, ლიგაზე საუცხოოდ თამაშობს, რაც კლოპის გუნდის უცნაურობაზე მეტყველებს. ამ გუნდებს შორის საინტერესო დაპირისპირება არსებობს. 1993 წელს "იუვენტუსმა" "დორტმუნდი" უეფას თასის ფინალის ორრაუნდიან დაპირისპირებაში 6:1 დაამარცხა, სამაგიეროდ ოთხი წლის შემდეგ გერმანელებმა იტალიელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3:1 დაამარცხეს და სრულფასოვანი რევანშიც აიღეს.

"სიტი" - "ბარსელონა". ეს დაპირისპირება ევროთასებზე პირველად გასული სეზონის მერვედფინალში მოხდა. 2014 წლის 18 თებერვალს "ეტიჰადზე" მასპინძლებმა "ბლაუგრანასთან" ანგარიშით 0:2 წააგეს. განმეორებით შეხვედრაშიც "ბარსელონამ" იყოჩაღა და "ქალაქელები" 2:1 დაამარცხა. "სიტი" წარუმატებელი სერიის შეწყვეტას შეეცდება, ხოლო "ბარსას" მორიგი ტიტული სურს, მესის კი რაულის აწ უკვე დამხობილი რეკორდის უფრო გაუმჯობესება. არგენტინელს კვალში რონალდუ უდგას.

კენჭისყრის შედეგად სამი ისეთი წყვილი შეიქმნა, რომლებიც აქამდე ევროთასებზე ერთმანეთს არ დადაპირისპირებიან. ესენი არიან:

დონეცკის "შახტარი" (უკრაინა) - მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია)

ლონდონის "არსენალი" (ინგლისი) - "მონაკო" (საფრანგეთი)

"ბაზელი" (შვეიცარია) - "პორტუ" (პორტუგალია)

მიუნხენელებს გასაჩერებელი ბრაზილიელი თავდამსხმელი ლუის ადრიანო ჰყავთ. სამხრეთ ამერიკელმა ჯგუფურ ეტაპზე 9 გოლი გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა. რვა გოლი ადრიანომ "ბატეს" გაუტანა და ახლა "რეკორდმაისტერთა" დაცვის ხაზს როგორ გაარღვევს სხვა საკითხია.

ინგლისურ - ფრანგული დაპირისპირება ამ გუნდების მონაწილეობის ევროთასებზე პირველად შედგება. ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა "მეთოფეთა" დამრიგებელი არსენ ვენგერი იქნება, რომელიც "მონაკოს" 1987-დან 1994 წლამდე წვრთნიდა და მონაკოელებს ლიგა ერთის გარდა საფრანგეთის თასიც მოაპოვებინა. კარგი მოგონებები ვენგერს ნამდვილად შეახსენებს თავს, მაგრამ ლონდონელი გულშემატკივრები მას გამარჯვებას სთხოვენ და თვალზე ცრემლის მოდგომა არაფერს უშველის.

რაც შეეხება შვეიცარიულ "ბაზელს", ამ გუნდს პორტუგალიელი სპეციალისტი პაულო სოუზა წვრთნის. მართალია მწვრთნელის დონეზე სოუზას არცერთ პორტუგალიურ კლუბში უმუშავია, სამაგიეროდ "ბენფიკასა" და "სპორტინგში" თამაშობდა და პორტუგალიური ფეხბურთის ავან-ჩავანი ნამდვილად ესმის. "ბაზელმა" ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპული" გამოაგდო, თუმცა "პორტუ" უფრო ძლიერად გამოიყურება, ვიდრე "მერსისაიდელთა" წინა წელთან შედარებით დასუსტებული გუნდი. "დრაკონების" მეოთხედფინალში გასვლა ჩვეული რამ იქნება, ხოლო "ბაზელის" შემდეგ ეტაპზე ხილვა მორიგი სენსაცია.

აქვე გაგაცნობთ მერვედფინალურ წყვილებს და მატჩების გამართვის დროს.

17 თებერვალი/ 11 მარტი

პსჟ (საფრანგეთი) - ლონდონის "ჩელსი" (ინგლისი)

დონეცკის "შახტარი" (უკრაინა) - მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია)

18 თებერვალი/ 10 მარტი

გელზერკირხენის "შალკე" (გერმანია) - მადრიდის "რეალი" (ესპანეთი)

"ბაზელი" (შვეიცარია) - "პორტუ" (პორტუგალია)

24 თებერვალი/ 18 მარტი

"მანჩესტერ სიტი" (ინგლისი) - "ბარსელონა" (ესპანეთი)

ტურინის "იუვენტუსი" (იტალია) - დორტმუნდის "ბორუსია" (გერმანია)

25 თებერვალი - 17 მარტი

ლევერკუზენის "ბაიერი" (გერმანია) - მადრიდის "ატლეტიკო" (ესპანეთი)

ლონდონის "არსენალი" (ინგლისი) - "მონაკო" (საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116012