ბლოგი

10:26 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ღვინო და ფეხბურთი
საფრანგეთი მაჭარია, საქართველო – ცარიელი კასრი

არგენტინის დღევანდელი საფეხბურთო ნაკრები გადაძველებულ, მაღალხარისხიან ღვინოს ჰგავს, რომელმაც დაძველების შესაძლებლობის მაქსიმუმი ამოწურა და თუ დროულად არ გაიხსნა და დაილია, შეიძლება სულ მალე კარგი ღვინის ნაცვლად ხელში გაფუჭებული და მრავალი დაავადებით გაძეძგილი უცნაური სითხე შეგვრჩეს. არადა სულ იძახიან გავხსნით–გავხსნითო, მაგრამ რატომღაც ეს შესანიშნავი ღვინო ისევ მარნის კიდეშია მიდგმული.

ბრაზილიის ნაკრები იმ ღვინოს ჰგავს, რომლის უკანასკნელი მოსავალი ნამეტანი უხარისხო იყო და უფრო მეტიც – ამ ღვინის დამყენებელებს სასმელის უხარისხობამ ძალიან მოჭრა თავი. მაგრამ მეღვინეები შეიცვალნენ, ღვინის კომპანიაშიც ახალი მიდგომების და აზროვნების ხალხი მოვიდა და ღვინის მოყვარულებს იმედი აქვთ, რომ მომავალში კვლავ ისეთივე დიდებულ სასმელს დალევენ, რასაც ამდენი ათწლეულია სვამენ.

ინგლისის საფეხბურთო ნაკრები ჰგავს ზარმაცი და უკრეატივო გლეხის ჭაჭას, რომელიც ყოველ წელს ერთნაირად უინტერესო და დაბალგრადუსიანია, მაგრამ მის გამომხდელს არც ინტერესი და არც ცოდნა არ ყოფნის იმისათვის, რომ სასმელის ხარისხი ოდნავ მაინც ასწიოს. არადა, პირობები, მას რომ აქვს ეგეთი უნდა. სახდელი ქვაბები გინდათ? სულ ახალი აქვს და ყოველ წელს ახალს უყიდიან თუ იტყვის – მთავარია მან ხარისხი ასწიოს! სახდელი მასალაც არა აქვს ურიგო, მაგრამ რად გინდა? მაინც არაფერი იცვლება.

გერმანიის ნაკრები იმ ღვინოს ჰგავს, რომლის ხარისხიც ყოველ წელს უმჯობესდებოდა და ბოლოს მისმა შემქმნელებმა ჭეშმარიტად დიდ სიმაღლეებს მაღწიეს. ამ ღვინის სურნელსა და არომატს გაოცებაში მოჰყავს ის ადამიანებიც კი, რომლებიც ღვინოს საერთოდ არ სვამენ. არის ღვინოები, რომლებიც ბუნებრივად და თვითნაბადად არიან გამორჩეულები, ეს ღვინო კი პირველ რიგში იმითაა განსაკუთრებული, რომ მის დიდებულ ხარისხს დიდი შრომითა და ღვაწლით მიაღწიეს. არადა, ზოგიერთი მეღვინე ფიქრობდა, რომ მხოლოდ შრომითა და მონდომებით კარგი ღვინო ვერ შეიქმნებოდა. ნურას უკაცრავად!

იტალიის ნაკრები სხვა არაფერია თუ არა ღვინო, რომელიც ხან მზეში იდგა, ან ყინვაში, ხან ჯანჯღარით დაატარებდნენ აქეთ–აქით და იყო შემთხვევები, როცა საერთოდ მიავიწყდათ, მაგრამ მთელი საოცრება ისაა, რომ ეს ღვინო მაინც ინარჩუნებს დიდ პოტენციალს და ტოვებს იმედს, რომ ამდენი ვაგლახის შემდეგაც კი, შეიძლება კვლავ მაღალხარისხიანი სასმელი დადგეს. ბევრში სამართლიან გაოცებას იწვევს ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც უკვირთ, მათ როგორც ჩანს ამ ღვინის შემქმნელთა უცნაური ხასიათი არ უწყიან.

ესპანეთის ნაკრებიც არგენტინის ნაკრების მსგავსად ძველი, მაღალხარისხიანი ღვინოა, რომელსაც ბოლო დროს რაღაც სჭირს. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ღვინო გემოს მხრივ კვლავ მშვენიერია, მაგრამ რატომღაც მყიდველები შეუმცირდა. ადამიანების ბუნება ზოგადად ასეთია – რაც არ უნდა კარგი ღვინო იყოს, ზოგჯერ სწყინდებათ ხოლმე და ახლის ძებნას იწყებენ. თუმცა, აუცილებლად დგება “უკან მობრუნების“ ჟამიც. კარგი ღვინო სამუდამო დავიწყებას არასოდეს ეძლევა!

საფრანგეთის ნაკრები არის სულ ახალი, ცინცხალი ღვინო, რომელიც ჯერ ისევ დუღს და ყველა იძახის, 1–2– წელში შეიძლება მისგან საუკეთესო რამ დადგესო. მეღვინეებიც სულ ახალგაზრდა ბიჭები ჰყავს და მათ შექმნილ ღვინოს სურნელი აქვს გასაოცარი. ეს ის შემთხვევაა, როცა ღვინის დადგომას უნდა დაველოდოთ და შორს მიმავალი დასკვნებიც მერეღა გამოვიტანოთ.

ჰოლანდიის ნაკრები არის შესანიშნავი ევროპული ლუდი, რომელსაც არაფერი დაეწუნება, მაგრამ როგორც ყველა ლუდს, სვამ–სვამ და ბოლოს გრძნობ, რომ რაღაც “გაკლია“. რამდენჯერმე ლუდის შემქმნელმა მელუდეებმა, ლუდის მასალით ღვინის წარმოებაც სცადეს, მაგრამ მხოლოდ სცადეს და მეტი არაფერი. არადა, სამჯერ მიზნამდე ძალიან ახლოს იყვნენ...

საქართველოს ნაკრები არის ღვინის ცარიელი კასრი, რომელშიც ღვინოს ადრე ასხამდნენ და მომხმარებლებიც ბლომად ჰყავდათ. ახლა დევს ეს კასრი სადღაც სათონის უკან, იმტვერება და მისი მიმხედავი და პატრონი კი არადა არ ჩანს.

0.116946