ფეხბურთი

12:00 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ყარაბაღის” შეწყვეტილი სიხარული

ზეიმი თეთრი დროშებით თამაშამდე დაიწყო, მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ხალხით გაიჭედა მეტრო-სადგურის ვაგონები და ავტობუსები, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გავლა კი შეუძლებელი გახდა. ქომაგობა ტრიბუნაზე შემადგენლობების გამოცხადებამდე გახურდა, დაგვიანებული გულშემატკივრები არ ჩანდნენ და მსაჯის პირველი სასტვენის შემდეგ ცარიელ სკამს თითქმის ვერ ნახავდით.

მთელ სტადიონზე კლუბ “ყარაბაღის” გერბიანი პატარა, თეთრი ფერის დროშები ფრიალებდა და ეს დეტალიც იმ სწორი პოლიტიკის ლოგიკურ გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ, რაც 2008 წელს გურბან გურბანოვის მთავარ მწვრთნელად დანიშვნასა და გრძელვადიან მუშაობას მოჰყვა. პროფესიონალს უნდა მიეცეს მუშაობის გრძელვადიანი უფლება ჩვენს ქვეყანაშიც, აქა-იქ მიმოფანტული პროფესიონალები კი ვერ მოახერხებენ სწორი მენეჯმეტის გარეშე შედეგის ჩვენებას.

“ბატე,” “მარიბორი,” დონეცკის “შახტარი,” “ლუდოგორეცი” და სხვა აღმოსავლეთევროპული კლუბები ევროთამაშებში შედეგის ჩვენებას რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ახერხებენ, როცა ფეხბურთელთა დიდი ნაკადის შენარჩუნებით, შეთამაშების ხარჯზე ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპულ ფორუმებზე წარმატებული თამაში რეალური ხდება ხოლმე და რაც გუნდში ვარსკვლავების ყოლას არ ითვალისწინებს.

საწყის წუთებში ოსვალდომ “ყარაბაღის” საჯარიმოში ორი მეტოქე ეფექტურად მოატყუა, ამ დროს ტრიბუნები გაჩუმდნენ, მაგრამ მალევე პირველი სახიფათო დარტყმა ყარაბაღელებმა შექმნეს, მუარემის კარგი პასის შემდეგ 19 წლის ნამიქ ალასგაროვმა მახვილი კუთხიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა. ტრიბუნები ისევ გამოცოცხლდნენ და ისევ აყვირდნენ, შემდეგ შუშხუნები აანთეს, მათი ჩაცმულობის გამო გაშავებული ტრიბუნები ოდნავ განათდა.

აზერბაიჯანული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ადგილობრივი მოთამაშე მოხვდა, ხოლო ორი აზერბაიჯანელი ცვლილებაზე გამოვიდა. გუნდში კარგი სინთეზია ადგილობრივთა და მოწვეულთა, რაც მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან არის შემთხვევები, როცა კარდინალურ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბები და მხოლოდ საკუთარ კადრებზე ან მხოლოდ ლეგიონერებზე დაყრდნობით ცდილობენ ააწყონ გუნდი.

ვფიქრობ საუკეთესო მოთამაშედ ლეროი ჯორჯი უნდა მივიჩნიოთ, მას კარგად შეეძლო შეტევის გამწვავება და საფეხბურთო კლასით აჯობა თანაგუნდელებს. განსაკუთრებით მეორე ტაიმში იყო აქტიური.

რობერტო მანჩინი ხშირად წამოდგებოდა ხოლმე სკამიდან და მოთამაშეებს მითითებებს აძლევდა, მეტ ყურადღებას ახალგაზრდა მოთამაშეებს ობის, მბაიესა და ისააკ დონკოს უთმობდა, ხოლო სათადარიგო სკამიდან მოედანზე 17 წლის ფედერიკო დიმარკო და 18 წლის ენრიკო ბალდინი შეუშვა მინდორზე.

დიმარკომ შემოსვლისთანავე ცაცია ფეხით კარგად ჩააწოდა საჯარიმოში, ბურთი რბილად და ზუსტად წავიდა, შემდეგ იყო მომენტი, როცა კარისკენ დაარტყა სახიფათოდ, ხოლო ენრიკო ბალდინის მცირე დრო დაეთმო და საინტერესო არაფერი უქნია.

მატჩის მთავარი ეპიზოდი ბოლო, 94-ე წუთზე მოხდა, როცა “ყარაბაღს” ერთი შეხედვით წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს. გვერდითმა მსაჯმა აშკარად დააგვიანა თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირება, ბურთის კარებში შეგდების შემდეგ ტრიბუნები სიხარულისგან დაინგრა, გულშემატკივრები ყვიროდნენ და ზეიმობდნენ, მაგრამ ჩეხი არბიტრის დაგვიანებულმა გადაწყვეტილებამ მასპინძლები დაამწუხრა, გააბრაზა და მათი მხრიდან ნასროლი საგნების ადრესატი რა თქმა უნდა მხოლოდ არბიტრი იყო, რომელმაც არ “დაუშვა” აზერბაიჯანელებს ისტორიული ნაბიჯი გადაედგათ. აგრესია ადგილობრივ ჟურნალისტებსაც გადაედოთ, ერთ-ერთმა მათგანმა მატჩის ოფიციალური პროგრამა დაკუჭა, კარგად დაამრგვალა და პირდაპირ მსაჯისკენ ისროლა.

კარგი იქნებოდა თუ ეს ეპიზოდი გაცილებით ადრე მოხდებოდა, თამაში მეტ ხიბლსა დაძაბულობას შეიძენდა, მაგრამ მოხდა სულ ბოლო წუთზე და ქომაგების გულისწყვეტა იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ვითარების შესაცვლელად დრო აღარ იყო და პარალელური მატჩი მათთვის არასახარბიელოდ სრულდებოდა.

თამაშის შემდეგ ვიხსენებდი, როდის ან ვისთან ითამაშა ქართულმა კლუბმა ე.წ. ტოპ ლიგის წარმომადგენელთან ფრედ და 2006 წლის სეზონი გამახსენდა, როცა “მესხზე” თბილისის “ამერისა” და ბერლინის “ჰერტას” შეხვედრა 2:2 დასრულდა.

“ყარაბაღმა” კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დღეს მანჩინის გუნდი არ არის ევროპული გრანდი, მაგრამ კლასით იტალიელები წინ იდგნენ, ის რომ სეჰიჩის კარში გოლი არ გავიდა და საერთოდ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ, “ყარაბაღის” წარმატებულ ევრო სეზონზე მიუთითებს, თუმცა მატჩის შემდეგ აზერბაიჯანელებს “თავ-პირი ჩამოსტიროდათ” მსაჯის მიერ არჩათვლილი გოლისა და რამდენიმე წამით განცდილი სიხარულის შეწყვეტის გამო. იქნებ ამიტომაც შეხვედრის შემდეგ ორგანიზებაში აშკარად მოიკოჭლეს, როცა გურბან გურბანოვის პრესკონფრენცია მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობდა და არც მანჩინის იტალიური სიტყვების თარგმნა მომხდარა.

დიმა შარიქაძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ბაქოდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113763