ფეხბურთი

12:37 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” - უშედეგო ვაჭრობა

იტალიის ყველაზე ტიტულოვან კლუბ, ტურინის “იუვენტუსის” რიგებში არაერთ სახელოვან ფეხბურთელს უთამაშია. ფეხბურთელებს, რომლებიც ტურინში გაუღმერთებიათ, გუნდის შავ-თეთრი მაისური წლების განმავლობაში წარმატებით უტარებიათ.

ჩვენი დღევანდელი სტატია “ბებერი ქალბატონის” ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებულ იმ ტრანსფერებს მოიცავს, რომელმაც “ბიანკონერის” გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა.

საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალში არ შედიან ფეხბურთელები, რომლებიც დღეს ტურინელთა შემადგენლობაში ირიცხებიან, ანაც საიჯარო ხელშეკრულებით სხვა კლუბებში ასპარეზობენ.

ატილიო ლომბარდო (იტალია) – 1995 წლის ზაფხულში, როდესაც ატილიო ლომბარდო “იუვენტუსში” ჩაირიცხა სერია A-ს ერთ-ერთ იმედისმომცემ და საუკეთესო ნახევამცველად ითვლებოდა. ლომბარდოს ტურინული კარიერის შემდგომ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ამხანაგურ შეხვედრაში “დორტმუნდის” წინააღმდეგ მიღებულმა ტრავმამ, რომლის გამოც პირველი სეზონი თითქმის მთლიანად გაუცდა.

ალენ ბოქშიჩი (ხორვატია) – ალენ ბოქშიჩს იდეაში ალესანდრო დელ პიეროსთან წარმატებული დუეტი უნდა შეექმნა, მაგრამ ხორვატმა ფეხბურთელმა გაცემული ავანსი ბოლომდე ვერ გაამართლა. 1996-1997 წლების სეზონში მისი მონაგარი სერია A-ში მხოლოდ 3 გოლი გახლდათ. 1997 წლის ზაფხულში ბოქშიჩი რომის “ლაციოში” გადავიდა.

ზორან მირკოვიჩი (სერბეთი) – ზორან მირკოვიჩის “იუვეში” ჩარიცხვა მარჩელო ლიპის დიდი სურვილი იყო. თუმცა მალევე იტალიელ მაესტროს პოსტის დატოვება მოუხდა, ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი კი მას იშვიათად ენდობოდა. სერბმა ლეგიონერმა 2 წლის განმავლობაში შავ-თეთრი მაისური მხოლოდ 27 შეხვედრაში მოირგო.

ტიერი ანრი (საფრანგეთი) – თანამედროვების ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ტიერი ანრი “იუვენტუსში” მაშინ ჩაირიცხა, როცა ჯერ კიდევ 22 წლის არ იყო. ეს 1999 წლის იანვარში მოხდა. ანრის კარლო ანჩელოტი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებდა, რის გამოც “მონაკოს” ყოფილი ფორვარდი ტურინში ვერ გაიხსნა. 6 თვის შემდეგ კი იგი ლონდონის “არსენალში” გაიყიდა. თუ როგორ განვითარდა “ტიტის” კარიერა, თითოეულ თქვენგანს კარგად მოეხსენება.

ხუან ესნაიდერი (არგენტინა) – არგენტინელი ხუან ესნაიდერი ტურინულ გრანდში 1999 წლის იანვარში მიიყვანეს. ესნაიდერს იმხანად ტრავმირებული დელ პიეროს შემცვლელად მოიაზრებდნენ, მაგრამ მან იმედი ვერ გაამართლა. გუნდში ჩატარებულ 16 შეხვედრაში მან გოლის გატანა ვერ შეძლო.

ედვინ ვან დერ საარი (ჰოლანდია) – ედვინ ვან დერ საარი “იუვეში” 1999 წელს ანჯელო პერუცის ნაცვლად მივიდა. ჰოლანდიის ნაკრების მეკარემ პერუცის სრულფასოვნად შეცვლა ვერ მოახერხა. 2 სეზონის განმავლობაში ვან დერ საარმა არაერთი ფატალური შეცდომა დაუშვა, რომელიც “იუვეს” ორჯერ სკუდეტოს დაკარგვის ფასად დაუჯდა. საბოლოოდ 2001 წელს ვან დერ საარი “ფულჰემში” გაიყიდა, ხოლო მის ნაცვლად “ვეკია სინიორას” კარი ჯანლუიჯი ბუფონს ჩააბარეს.

სანდეი ოლისე (ნიგერია) – ნიგერიელი სანდეი ოლისე ტურინში 1999 წელს ჩავიდა. მანამდე მას აპენინზე თამაშის გამოცდილება ჰქონდა (“რეჯანას” შემადგენლობაში) და იმედოვნებდა, რომ ანჩელოტის გუნდში წარმატებულ კარიერას აიწყობდა, თუმცა ოლისემ გულშემატკივრებს თავი მხოლოდ უეფას თასზე გატანილი ლამაზი გოლით დაამახსოვრა.

ჯონათან ბაკინი (იტალია) – 1999 წლის ზაფხულში განხორციელებულ ტრანსფერებში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემად ჯონათან ბაკინის ყიდვა მიიჩნეოდა. თუმცა ბაკინის ორწლიანი ტურინული ოდისეა კოშმარული გამოდგა.

მიკელე პარამატი (იტალია) – 2001 წელს “იუვემ” მიკელე პარამატი შეიძინა. იტალიელმა მცველმა ტურინულ გრანდში ფეხი ვერ მოიკიდა. მან მხოლოდ 20-მდე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2003 წელს გუნდი დატოვა.

მარკო ძანკი (იტალია) – იტალიელი მარკო ძანკი “ბიანკონერიმ” “უდინეზედან” შეიძინა. ძანკიმ მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი საერთოდ ვერ გაართვა და ტურინიდან ისე აიბარგა ბევრს მისი ტურინელობა აღარც კი ახსენდება.

ატირსონი (ბრაზილია) – ბრაზილიელი ატირსონი დიდი იმედებით “იუვეში” 2000 წელს ჩაირიცხა. და მაინც, ბრაზილიელმა გუნდში მხოლოდ 5 შეხვედრის გამართვა მოასწრო.

მარსელო სალასი (ჩილე) – ჩილელი მარსელო სალასის კარიერა ტურინულ კლუბში 2001 წელს დაიწყო. სალასს, რომელიც გუნდმა “ლაციოდან” შეიძინა (სამი ბრწყინვალედ ჩატარებული სეზონის შემდეგ), “მილანში” გასხვისებული ფილიპო ინძაგი უნდა შეეცვალა. გენიალურმა ჩილელმა “მატადორმა” გაცემული ავანსი ვერ გაამართლა და ორი წლის შემდეგ ტურინული კლუბი უსახელოდ და უკვალოდ დატოვა. სალასი “იუვეს” განხორციელებულ ტრანსფრებში ერთ-ერთ მთავარ იმედგაცრუებად მიიჩნევა.

კრისტიანო ძენონი (იტალია) – კრისტიანო ძენონი “იუვენტუსმა” 2001 წელს “მილანიდან” შეიძინა, როცა ფილიპო ინძაგის “როსონერიში” გასხვისებას ხურდაში გადმოჰყვა. ძენონიმ “ბებერ ქალბატონში” 2 წლის განმავლობაში ღრმა სათადარიგოს როლი ვერაფრით შეიცვალა და გუნდიდან 2003 წელს წავიდა.

დავიდე ბაიოკო (იტალია) – ბაიკო ტურინში 2002 წელს შეიძინეს. სერსე კოზმის “პერუჯაში” ჩატარებული კარგი სეზონების შემდეგ, ლუჩანო მოჯი იმედოვნებდა, რომ ბაიოკო ტურინში ზრდას განაგრძობდა, მაგრამ შეცდა. დავიდემ ერთი სეზონის განმავლობაში მარჩელო ლიპისგან ნდობა მხოლოდ 7 მატჩში დაიმსახურა.

სტეფან აპია (განა) – 2003 წელს იტალიის ჩემპიონმა “პარმადან” იმედისმომცემი განელი გამთამაშებელი სტეფან აპია შეიძინა. აპიას ჯერ მარჩელო ლიპი, შემდგომ კი ფაბიო კაპელო საკმაოდ ხშირად აძლევდნენ შანსს, მაგრამ განელი ბოლომდე ვერცერთი მწვრთნელის ხელში გაიხსნა. 2005 წელს მან სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” მიაშურა.

რუბენ ოლივერა (ურუგვაი) – ურუგვაელმა რუბენ ოლივერამ “იუვენტუსში” 2002-2007 წლებში სხვადასხვა დროს მოირგო გუნდის მაისური (დროდადრო რამდენიმე გუნდში იყო განათხოვრებული). ოლივერამ “ბებერი ქალბატონის” ძირითადი შემადგენლობის წევრად ჩამოყალიბება ერთი სეზონის განმავლობაშიც კი ვერ მოახერხა.

ოლივიე კაპო (საფრანგეთი) – იმხანად იმედისმომცემი ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე კაპო “იუვენტუსმა” ფრანგული “ოსერიდან” 2004 წლის ზაფხულში უფასოდ დაიმატა. კაპომ ტურინულ კლუბში დამკვიდრება ვერაფრით მოახერხა და გუნდის მაისური მხოლოდ 14 შეხვედრაში მოირგო.

რობერტ კოვაჩი (ხორვატია) – ხორვატი რობერტო კოვაჩი, რომელიც მიუნხენის “ბაიერნის” ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, ტურინში 2005 წელს ჩაირიცხა, მაგრამ ლილიან ტურამის და ფაბიო კანავაროს დუბლიორობას ვერაფრით გასცდა. 2006-2007 წლების სეზონში კი გუნდის სერია B-ში დაქვეთიების შემდეგ, ერთი სეზონი ძირითად შემადგენლობაში გაატარა, მაგრამ მის ტრანსფერს არ შეიძლება წარმატებული ეწოდოს.

ჟან-ალენ ბუმსონგი (საფრანგეთი) – ფრანგი მცველი დიდიე დეშამის მოთხოვნით 2006 წლის ზაფხულში ინგლისური “ნიუკასლ იუნაიტედიდან” გადაიბირეს. ბუმსონგმა ქვედა ლიგაში ჩატარებული პირველი სეზონი ძირითად შემადგენლობაში გაატარა, მაგრამ გუნდიდან დეშამის წასვლის შემდეგ სათადარიგოებში გადაინაცვლა. “იუვეს” გულშემატკივრებს იგი 2008 წლის იანვარში საკმაოდ ხმაურიანად დაემშვიდობა. თავად განსაჯეთ, ბუმსონგმა “იუვეს” მაისურით ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში “სან სიროზე” იტალიურ დერბიში “ინტერს” გაუტანა.

სერხიო ალმირონი (არგენტინა) – “ემპოლიში” ჩატარებული კარგი სეზონების შემდეგ, ელიტას დაბრუნებულმა ტურინულმა გრანდმა იმედისმომცემი არგენტინელი შუა ხაზის გასამაგრებლად 2007 წლის ზაფხულში შეიძინა. თავიდან ალმირონი ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდა, თუმცა მალევე დაკარგა ადგილი. რამდენიმე კლუბში განათხოვრების შემდეგ, 2009 წელს იგი გაყიდულ იქნა.

ტიაგო მენდესი (პორტუგალია) – ფრანგული “ლიონის” ერთ-ერთი ლიდერი ტიაგო “იუვეში” უდიდესი იმედით მიიღეს. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი სამი წლის განმავლობაში ვერაფრით გაართვა და ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა. 2010 წელს მან გუნდი დატოვა.

ჟორჟე ანდრადე (პორტუგალია) – 2007 წლის ზაფხულში ჯოვანი კობოლი ჯილიმ (იმხანად “იუვეს” პრეზიდენტი) დიდი იმედით კიდევ ერთი პორტუგალიელი ჟორჟე ანდრადე შეიძინა. ლუზიტანელი მცველის სანაცვლოდ ლა კორუნიის “დეპორტივომ” 10 მილიონი ევრო მიიღო. ჟორჟემ ტურინში მხოლოდ 4 ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო. “რომასთან” მატჩის დასაწყისში მიღებულმა ტრავმამ კი არამარტო ტურინული, არამედ მთლიანად მისი კარიერა შეიწირა.

კრისტიან პოულსენი (დანია) – 2008 წლის ზაფხულში ჩაბი ალონოს ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, “ბიანკონერიში” “სევილიას” და დანიის ნაკრების ლიდერი კრისტიან პოულსენი ჩაირიცხა. პოულსენს მანამდე წარმატებით გელზენკირხენის “შალკეს” მაისურიც ჰქონდა ნატარები და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ დანიელი “იუვეში” ვერ გაიხსნა. მისი ტრანსფერი “იუვეს” დიად ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელია.

ამაური (ბრაზილია) – კარვალიო ამაურის სანაცვლოდ სიცილიურმა “პალერმომ” 2008 წლის ზაფხულში 23 მილიონი ევრო მიიღო. ამაურის ტურინული კარიერა წარმატებულად დაიწყო, თუმცა ასე მხოლოდ 5 თვე გაგრძელდა. შემდეგ კი ამაური ლანდს უფრო ჰგავდა, ვიდრე თავდამსხმელს. ბრაზილიელის ტურინული კარიერა საბოლოოდ 2011 წლის ზაფხულში უკვალოდ დასრულდა.

დარიო კნეზევიჩი (ხორვატია) – 2008 წელს “ლივორნოდან” ნაყიდმა ხორვატმა მცველმა დარიო კნეზევიჩმა ტურინში თავი ვერ დაიმკვიდრა. კნეზევიჩი 2008-2009 წლების სეზონში ძირითად შემადგენლობაში ფაქტობრივად არ გამოჩენილა.

ფელიპე მელო (ბრაზილია) – ესპანური “ალმერიას” ყოფილი ნახევარმცველის სანაცვლოდ “იუვემ” ფლორენციის “ფიორენტინას” 2009 წელს 25 მილიონი ევრო გადაუხადა. მელომ სადებიუტო მატჩში “რომას” ლამაზი გოლიც გაუტანა, თუმცა ნელ-ნელა მისი ტურინული თავგადასავალი კოშმარს დაემსგავსა. 2011 წელს გუნდში ანტონიო კონტეს მისვლის შემდეგ იგი გაანათხოვრეს. გასულ ზაფხულს კი მისი სატრანსფერო უფლება “გალათასარაიმ” გამოისყიდა.

დიეგო (ბრაზილია) – ბრაზილიელი დიეგოს ტრანსფერი ალბათ, “იუვეს” ყველაზე წარუმატებელ ტრანსფერებში მოწინავე სამეულში დაიდებდა ბინას. ბრემენის “ვერდერის” ვარსკვლავის სანაცვლოდ “იუვემ” 28 მილიონი ევრო გადაიხადა. დე რიბასმა თავიდან დამაკმაყოფილებლად დაიწყო, მაგრამ შემდეგ, თამაშის ხარსიხს ბევრად უკლო და ერთი სეზონის შემდეგ გუნდი უსახელოდ დატოვა.

ფაბიო გროსო (იტალია) – 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და იმავე მუნდიალის აღმოჩენა ფაბიო გროსო ტურინულ კლუბში 2009 წელს ფრანგული “ლიონიდან” დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემების აღმოსაფხვრელად მიიყვანეს. თუმცა გროსო, თავისი თავის აჩრდილს ჩამოჰგავდა. კლუბში გატარებული ორ წელიწადნახევრის შემდგომ მან ტურინი დატოვა.

მილოშ კრასიჩი (სერბეთი) – “ახალი ნედვედი” - ასე უწოდებდნენ აპენინზე სერბ ლეგიონერს. კრასიჩი ნედვედს სათამაშო პოზიციით, სათამაშო სტილით და ვარცხნილობით ჩამოჰგავდა. მილოშის ტურინული კარიერა ფანტასტიკურად დაიწყო. იყო თამაშები, რომლებიც მარტომ მოიგო. იტალიელ მცველებს მისი ფლანგზე შეჩერება ერთობ უძნელდებოდათ, თუმცა ნელ-ნელა მისი სათამაშო სტილი გაიშიფრა. 2011-2012 წლების სეზონის თითქმის მთლიანად სათადარიგო სკამზე გატარების შემდეგ, იგი “იუვემ” სტამბოლის “ფენერბაჰჩეში” გაასხვისა.

ხორხე მარტინესი (ურუგვაი) – 2010 წელს ურაუგვაელი თავდამსხმელის ხორხე მარტინესის სანაცვლოდ “იუვენტუსმა” სიცილიის “კატანიას” 12 მილიონი ევრო გადაუხადა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მარტინესის მიერ ჩატარებულ ერთ თამაშში თითქმის ერთ მილიონამდე გადახდა მოუწია, რადგან მარტინესმა “იუვეს” რიგებში თითზე ჩამოსათვლელი თამაშების რაოდენობა ჩაატარა. შეიძლება ითქვას, “კატანია” დღემდე მადლობელია ნაჩუქარი 12 მილიონის გამო.

ლეანდრო რინაუდო (იტალია) – 2011 წლის ზამთარში “ნაპოლიდან” ნაყიდმა ცენტრალურმა მცველმა რინაუდომ “იუვეს” შემადგენლობაში ერთადერთი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. შემდეგ ტრავმა მიიღო და გუნდი ისე დატოვა ბევრ ტურინელ ტიფოზს შავ-თეთრი მაისურით მისი არსებობა საერთოდ არ ახსენდება.

არმანდ ტრაორე (საფრანგეთი) – 2010 წლის ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე “იუვემ” ლონდონის “არსენალის” სათადარიგო მცველი არმანდ ტრაორე გაიფორმა. ფრანგს “ბებერ ქალბატონში” თავისი ლეგენდარული თანამემამულის დავიდ ტრეზეგეს 17 ნომრიანი მაისური ჩააცვეს, თუმცა ტრაორემ თავისი სტატუსის გაუმჯობესება ვერ მოახერხა და “ბიანკონერიშიც” ღრმა სათადარიგოთ დარჩა. ერთი წლის შემდეგ იგი გუნდიდან გაუშვეს.

ლუკა ტონი (იტალია) – გამოცდილი იტალიელი ფორვარდი ტურინში “ჯენოადან” 2011 წლის ზამთარში მივიდა. 2006 წლის “ოქროს ბუცის” მფლობელმა 6 თვეში მხოლოდ 2-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა, ხოლო 2011 წლის ზაფხულში გუნდი დატოვა. თუმცა, ტონიმ ტურინელ გულშემატკივერბს თავი მაინც დაამახსოვრა - იგი გახდა პირველი გატანილი გოლის ავტორი “იუვენტუსის” ახალ სახლში, “იუვენტუს სთედიუმზე.”

ელჯერო ელია (ჰოლანდია) – ჰოლანდიელი ელჯერო ელია გერმანული “ჰამბურგიდან” მაშინ იქნა შეძენილი, როცა იგი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ გარემარბად ითვლებოდა. თუმცა ანტონიო კონტეს გუნდში ფეხის მოკიდება ელიას გაუჭირდა. 2012 წელს კი გუნდი უფერულად დატოვა. მას შემდეგ ელიას კარიერა დიდად მაინც ვერ განვითარდა.

ნიკლას ბენდტნერი (დანია) – დანიელი ნიკლას ბენტნერი 2012 წლის საზაფხულო ვაჭრობის ბოლო შენაძენი გახლდათ. ტურინში იმედოვნებდნენ, რომ ახმახი დანიელი ბოლომდე გაიხსნებოდა და თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოაჩენდა. თუმცა მოლოდინი, მოლოდინადვე დარჩა. ერთი სეზონის შემდეგ ბენდტნერი გუნდიდან გაუშვეს.

ნიკოლა ანელკა (საფრანგეთი) – ტურინელი გულშემატკივრებისთვის შოკის მომგვრელი გახლდათ ვეტერანი ფრანგი თავდამსხმელის ნიკოლა ანელკას მათ საყვარელ გუნდში ჩარიცხვის ამბავი. ეს განსაკუთრებით უცნაურად მას შემდეგ მოსჩანდა, რაც ვეტერანული ასაკის გამო 6 თვით ადრე გუნდიდან “იუვეს” ცოცოხალი ლეგენდა და გულშემატკივართა კერპი ალესანდრო დელ პიერო გაუშვეს. საბოლოოდ ანელკამ ტურინში მხოლოდ 6 თვე გაატარა. მან გოლის გატანა ვერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116168