ბლოგი

12:00 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეჰ, ქალბატონო ლენა...

ლენა, გამოიტანე ქალო ის მხალეულობა და დააწყე ბარემ მაგიდაზე. ეყაროს ოხრად – თვალს უხარია“ – ბრძოლის ველზე გასული გენერალივით დაბაოტებდა ბატონი ანზორი მთავარ ოთახში და ბრძანებებს იძლეოდა. “აქამდე რით ვერ მოიტანა ის გოჭი ამ მამაღაძლმა? უნდა შეწვას თუ ცოლად უნდა მოიყვანოს? უგოჭოდ როგორ იქნება ასეთი ამბის სუფრა...“ – ცხარობდა უფროსი ვაჟიშვილის დაგვიანებით განაწყენებული ანზორი და თან საათზე იცქირებოდა.

დიდი დღე იყო, დიდი! დიდი “ჩალიჩისა“ და საკადრებლისა თუ უკადრებლის კადრების შემდეგ, ბატონ ანზორს იმდენი უკვე მოეხერხებინა, რომ თავისი ფეხბურთელობაზე მეოცნებე შტერი შვილი ერთ–ერთ ცნობილ ქართულ კლუბში “მოეწყო“ და ამ მნიშვნელოვან სუფრაზე კლუბის პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი (რომელიც პრეზიდენტის ძმაკაცი იყო) ჰყავდა მიწვეული და აბა გოჭის გარეშე ვის გაუგია კლუბის პრეზიდენტის გამასპინძლება?!

ბატონი ანზორის შვილი გიორგი იყო ერთ–ერთი მათთაგანი, რომელიც მხოლოდ იმით გამოირჩეოდა, რომ მამამისის ფრთიან ფრაზებს საოცარი სიზუსტით იმახსოვრებდა და მიუხედვად იმისა, რომ ფეხბურთში უნიჭო გახლდათ. მის თანაგუნდელებს ყოველთვის ეხალისებოდათ შვილის ტვინში ანზორას ჩატენილი სისულელეების მოსმენა. მაგალითად ასეთის: “კაცმა კაცურად უნდა იცხოროს და ისეთი ცოლი უნდა ჰყავდეს, მის დანახვისას კედელს რომ აეკვრება! კაი ქმრის ჩრდილისაც კი უნდა ეშინოდეს ქალს!“. ანდა ეს: “ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ ზარმაცები. ჩვენ რომ გვყავდა ფეხბურთელები, სხვებს ვის ჰყავდათ? მაგრამ ზარმაცები ვართ და ალბათ ასეცაა საჭირო!“ და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენ ასეთ სისულელეს აბრეხვებდა მამის კვალად წასული ბიჭი, რომლის ბედიც მამამისს უკვე გადაწყვიტა – გიორგი ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო! დიახაც!

როგორც იქნა კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელიც მოვიდნენ. ორივეს ერთნაირი (ალბათ ერთ მაღაზიაში ნაყიდი) კოსტუმები ეცვათ და ერთნაირად უხერხულად იღიმებოდნენ მაგრამ ვინ აცალა უხერხულობა? ბატონმა ანზორმა თავად აიღო თავზე თამადის ფუნქცია და ჯერ კიდევ ზღურბლის ახლადგადმომლახველ სტუმრებს ისეთი დითირამბები უძღვნა, ლეონიდ ბრეჟნევსაც რომ გადარევდა და გააოცებდა. “ქართული ფეხბურთის ამაგდარ ხალხს ჩემი მოფერება და სიყვარული! იმ დღეს მომასწრო, ერთი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი როცა გახდებით და მეორე ნაკრების მთავარი მწვრთნელი! მოვა მაგის დროც და აი მაშინ კი ვუტირებთ დედას ამ სირიასტიან ევროპას!“, - ჩააგვირისტა ქება–დიდება ბბატონმა ანზორმა და ორლიტრიანი ყანწი გადაარახრახა.

წავიდა ქეიფი და რა წავიდა! თამადაც სულ “ფეხბურთის გარშემო ტრიალებდა“ და სადღეგრძელოს–სადღეგრძელოზე ისვრიდა. სულ სათითაოდ დალოცა მისი შვილის კლუბის ყველა წევრი (ფეხბურთელების გარდა, აბა ეგღა აკლდა, მისი შვილის კონკურენტების ქება დაეწყო) მასაჟისტ–მენეჯერ–ბალახის მკრეჭავიანად. იქვე ისიც თქვა: ძირითად შემადგენლობაში ჩემს ბიჭს რომ ჩასვამთ მაგის კი მჯერა, მაგრამ არ იქნებოდა ურიგო, ცოტა უფრო კარგი თანაგუნდელები რომ ჰყავდეს – გაწვალდება ბიჭი მაგ უნიჭოებთანო.

კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი თავიდან ცოტა შემცბარები უსმენდნენ ბატონი ანზორის ამ ყოვლად წარმოუდგენელ გადარეულობას. მერე მიხვდნენ ორივე ფეხით კარგად და ჭკვიანურად დაგებულ “ხაფანგში“ რომ იყვნენ გაბმულები და ისღა დარჩენოდათ, ხმაურიან და არაფრისმომცემ როხროხში აჰყოლოდნენ მასპინძელს. მეთორმეტე ჭიქაზე, მწვრთნელმა სადღეგრძელო მოითხოვა და ანზორის ბიჭი გიორგი დალოცა. მისი თქმით, გიორგის პატარ–პატარა ხარვეზები კი ჰქონდა ფიზიკური მომზადების, თავით თამაშისა და ტექნიკის მხრივ, მაგრამ ეს ბიჭი “ტალანტით იყო გაძეძგილი და ცოტა მონდომება და ხელშეწყობა თუ იქნებოდა, “ამისგან მესიზე ნაკლები ფეხბურთელი თუ დავაყენო, კაცი არ ვიყოო“ – იძახდა ომახიანად..

გაიხარა და რა გაიხარა ბატონმა ანზორმა. მისი სიხარული ცასა სწვდებოდა და სუფრაზე დაყრილ ხორაგად გადმოდიოდა. ყველანი სვამდნენ და მხიარულობდნენ. გიორგი თავიდან თითქოს არ სვამდა, მაგრამ მერე მწვრთნელის წაქეზებით არც მან დაიკლო ყანწები და ფიალები, ჭინჭილები და ვაზები...

ამ საოცარ კამპანიაში ყველაზე ჩუმად გიორგის დედა და ბატონი ანზორის მეუღლე, ქალბატონი ლენა იყო. იჯდა თავისთვის მოწყენილი და გული ეწურებოდა. “რას ერჩიან ამ საცოდავ ჩემს ბიჭს. რა ფეხბურთელი, რის ფეხბურთელი. მე არ ვიცი, რაც გამოვა? ეჰ, ესწავლა რამე ხელობა და იქნებოდა კაცი, მაგრამ ჩემს ქმარს ამას როგორ ვეტყვი. მომკლავს ეს რომ ვუთხრა“, - ფიქრობდა გულში. ეჰ ქალბატონო ლენა, ეჰ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129397